უმაღლესი საბჭოს პრეზედიუმის და პლენარული სხდომები ჩატარდა

27 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები ჩატარდა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები - “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაციის ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქ. პრაღაში მივლინების შედეგების შესახებ“ და “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის ანგარიში 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“.

ჩეხეთის რესპუბლიკაში უმაღლესი საბჭოს დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით მოკლე ინფორმაცია წარმოადგინა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან ისაუბრა 18-21 მარტს, ქ. პრაღაში გამართული ღონისძიების შესახებ, სადაც გაიხსნა გამოჩენილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, 1919-1921 წლებში აფხაზეთის სახალხო საბჭოს, შემდგომში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, 1923-1939 წლებში ჩეხეთში ემიგრაციაში მყოფი, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფა. მისი თქმით, ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა მაისურაძემ, კონსულმა ნანა ჩაბრავამ, საელჩოს სხვა წარმომადგენლებმა, ასევე ჩეხეთში მოღვაწე ქართული დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა და საქართველოს ჩეხმა მეგობრებმა, რომლებმაც სხვადასხვა დროს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ იდეის განხორციელებაში. ჯემალ გამახარიას განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საელჩოში ასევე გაიმართა აფხაზეთის ავტონომიის გამოცხადების 105 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მოეწყო შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, ხოლო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარმოადგინა მოხსენება - “ავტონომიური აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში“. ამ და სხვა საინტერესო საკითხთან ერთად შეხვედრაზე განიხილეს ქართულ-ჩეხური ურთიერთობების, ჩეხეთის რესპუბლიკაში მოღვაწე ქართული დიასპორული ორგაქნიზაციების საქმიანობისა და მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები.

ვიზიტის შედეგები მოიწონეს და თავისი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს დელეგაციის სხვა წევრებმაც, დეპუტატებმა ვახტანგ ყოლბაიამ, ზურაბ ჯგუბურიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა.

უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა წარმოადგინა. მან ისაუბრა კომიტეტის მუშაობის ძირითად მიმართულებებზე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან და მასში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან (სსიპ) ურთიერთობაზე. ნუგზარ მგალობლიშვილი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულენოვანი სინქრონული და ასინქრონული დისტანციური სწავლების პროექტის განხორციელების საკითხსაც. კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ცალკეულ პროექტებთან და ამ თვალსაზრისით გახარჯულ ფინანსურ სახსრებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ შეეხო კულტურისა და სპორტის მიმართულებით სამინისტროს მუშაობას, ასევე ჟურნალების - „იალქნის“ და „აფქიოს“ გამოცემების შემცირებისა და აფხაზეთის კაპელას საკითხებს.

განხილული საკითხების ირგვლივ მოსაზრებები და კრიტიკული შენიშვნები გამოთქვეს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, მოადგილემ რუდიკ ცატავამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ჯგუბურიამ, დეპუტატმა ელგუჯა გვაზავამ.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.





































































































































































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions