ჯემალ გამახარია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაციას დაესწრო

 

მიმდინარე წლის 5 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოცემული ახალი  წიგნის - „ენათა შერწყმის ბოლშევიკური კონცეფცია და ენობრივი პოლიტიკა 30-იანი წლების აფხაზეთში“ -  პრეზენტაცია. წიგნზე მუშაობდა ავტორთა ჯგუფი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე,  ფილოლოგიის დოქტორები გვანცა გვანცელაძე და სოფიკო ჭაავა, დოქტორანტი მონიკა ხობელია.

 

პრეზენტაცია გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივწრსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ავტორებს მნიშვნელოვანი და ღირებული ნაშრომის წარმოდგენისთვის, ხოლო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს - ფინანსური მხადრაჭერისთვის.


დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა ჯემალ გამახარიამ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორებმა მანანა ბუკიამ და მაია მირესაშვილმა,  ფილოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ნაჭყებიამ, ფილოლოგმა მერაბ ჩუხუამ,  პოეტმა პაატა ნაცვლიშვილმა. მათ ხაზი გაუსვეს მსგავსი ნაშრომების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადეს თეიმურაზ გვანცელაძესა და მის გუნდს  გაწეული შრომისათვის.


“მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ თეიმურაზსა და მის გუნდს. მზად ვარ, ყველანაირად შეგიწყოთ ხელი. მკითხველს - ქართველებსა და აფხაზებს - სწორედ ასეთი საფუძვლიანი, დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობილი ნაშრომები უნდა შევთავაზოთ.  კარგი იქნება, თუ ეს წიგნი რუსულადაც გამოიცემა, რადგან, სამწუხაროდ, თანამედროვე აფხაზეთში ძირითადად სწორედ ამ ენაზე საუბრობენ” -  განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

წიგნის პრეზენტაციას  ისტორიკოსები, აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წევრები,  სტუდენტები და მოწვეული სტუმრები  ესწრებოდნენ.















ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions