თამაზ ჩოჩია: ”სიფხიზლე გვმართებს“

 

ზოგიერთი „ობიექტური“ პოლიტიკოსისა და საქართველოს შემოქმედებითი ინეტელიგენციის წარმომადგენელთა მიერ აფხაზეთის კონფლიქტის თემაზე  გაკეთებულ ყოვლად უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო დასკვნებს ეხმაურება აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი თამაზ ჩოჩია.


ბოლო დროს გახშირდა ისეთი აბსურდული მოსაზრებების ტირაჟირება,  თითქოსდა 1992-1993 წლების ქართულ–აფხაზურ მოვლენებში ბრალი მხოლოდ ქართულ მხარეს მიუძღვის, რისთვისაც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად უნდა მოუბოდიშონ აფხაზებს. ცხადია, ამას ღაღადებენ სხვადასხვა კატეგორიის ქართველი „მქადაგებლები“.

 

ერთი ნაწილი, ვინც ბედს პოლიტიკაში ცდის, მოუწოდებს ქართველებს არა მხოლოდ აფხაზების წინაშე მონანიებას, არამედ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასაც. თუმცაღა,  მათ აფხაზი ხალხის ბედ–იღბალი ნაკლებად ან საერთოდ არ ანაღვლებთ. სინამდვილეში ყოველივე ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ  ხელისუფლებასთან ჭიდილში ქულები ჩაიწერონ. მალე, ალბათ, რუსეთსაც გადაუხდიან მადლობას 1992-93 და 2008 წლების ომებისთვის;  სხვები კიდევ მზად არიან ნებისმიერი სისულელე გაახმოვანონ, ოღონდაც რაიმეთი მაინც გამოირჩეოდნენ საზოგადოების ძირითადი მასებისგან, ან მოიპოვონ პოპულარობა საზღვარგარეთული გრანტებისა და სხვა მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

გულისამრევია მათი მოჩვენებითი ტოლერანტობა.

 

კიდევ უფრო გასაკვირია ის, რომ მათგან ყველაზე მეტად ჯოხი ჩვენზე, აფხაზეთელ ქართველებზე ტყდება.

 

თითქოს ვერ ხვდებოდნენ, ვისი სცენარით მოხდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  საქართველოსგან მოწყვეტა; ვერ აცნობიერებდნენ, რომ არა მაშინდელი ხელისუფლების დაუდევრობა, რომელსაც სეპარატისტებზე მეტად მართებდა წინდახედულების გამოვლენა. მიუხედავად  ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული სერიოზული დაძაბულობისა,  ჩვენი ერებისთვის  ჩვეული სიბრძნითა და მოხერხებით შეეძლო კონფლიქტის ჩაქრობა. სამწუხაროდ, არც ერთ და არც მეორე მხარეს ეს სიბრძნე არ აღმოაჩნდა ყველაზე საჭირო დროს. ქართველები და აფხაზები არ იმჩნევდნენ იმას, რომ რუსეთი ომისკენ გვიბიძგებდა. განვლილი 20 წლის განმავლობაში ბევრჯერ ითქვა და დაიწერა იმაზე, რომ ყველაფერი შეიარაღებული დაპირისპირებისკენ მიდიოდა და ამ პროცესებს მოსკოვი ძალიან მარჯვედ მართავდა ორივე მხარის წექეზებით.

 

მიუხედავად ყველაფრისა, არა მარტო სოხუმიდან და მოსკოვიდან, თბილისშიც კარგა ხანია გაისმის ბრალდებები, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს. ომისთვის რომ უფრო ორგანიზებულად  აფხაზები ემზადებოდნენ, ამაზე ნაკლებად ლაპარაკობს ვინმე.

 

საკმარისია იმის გახსენებაც კი, რომ 1992 წლის 14 აგვისტოს - ომის პირველ დღეს, დღის 12 საათზე აფხაზეთის ტელევიზიითა და რადიოთი რამდენჯერმე გამოცხადდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვ. არძინბას ბრძანებულება აფხაზური შეიარაღებული ფორმირებების წინასწარ განსაზღვრული დისლოკაციის ადგილებში შეკრების შესახებ, სადაც მათ იარაღი დაურიგდებოდათ.

 

ემზადებოდნენ და იარაღდებოდნენ წინასწარ და ბევრად ადრე. ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე  2-3 წლით ადრე არძინბა, არა მარტო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, მაშინდელი სსრკ უმაღლესი საბჭოს სექციის ხელმძღვანელის რანგშიც უგზავნიდა, მოსკოვთან შეთანხმებით, სრულიად საიდუმლო წერილებს ჩრდილოეთ კავკასიის, ურალისა და სხვა სამხედრო ოლქების მეთაურებს, რომლებშიც ითხოვდა აფხაზეთში ყველანაირი შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის გამოგზავნას მისი პირადი  პასუხისმგებლობის ქვეშ. ამ წერილების ათეულობით ასლი ომის პირველივე დღეებში იქნა ნაპოვნი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კანცელარიაში და გამოქვეყნდა გაზეთებში „აფხაზეთის ხმა“ და „Демократическая Абхазия“.

 

ომამდე რამდენიმე თვით ადრე სოხუმის გარეუბანში „ეშერას“ ოლიმპიურ და სპორტული საზოგადოება „დინამოს“ ბაზებზე ჩრდილოკავკასიელი ბოევიკები დაბანაკდნენ “კავკასიელ ხალხთა ფესტივალის“ შირმის ქვეშ.

 

და მოხდა ის, რაც მოხდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არც ქართველ და არც აფხაზ მოსახლეობას ომი ნამდვილად არ სურდა. საქართველოში აფხაზეთის ტრაგედიას ყველა განიცდის, მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეულად აფხაზეთელი ქართველები. და არა მარტო იმიტომ, რომ ომმა მათ დევნილთა მძიმე ხვედრი არგუნა, დააკარგვინა სახლ–კარი, ქონება, წინაპართა საფლავები, ამას დამატებული ზოგიერთი ვაი-თანამემამულის მხრიდან ზემოთ და ქვემოთ მოყვანილი აბსურდული ბრალდებები, არამედ იმიტომაც, რომ სისხლი დაიღვარა მიწაზე, სადაც ყველანი – ქართველები, აფხაზები და რუსებიც მეგობრულად და შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ.

 

მართალია, ამ თემის წამოწევა ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს, მაგრამ ზოგიერთის ახირებები და ჯიუტობა არა მარტო მობეზრდა საზოგადოებას, არამედ შეშფოთებასაც იწვევს.

 

ამ დღეებშიც ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია სათაურით – „ქართველი მწერალი: აზერბაიჯანი უნდა შეეგუოს აზრს ყარაბახის დამოუკიდებლობის შესახებ“ და ამ მწერლის თვითკმაყოფილი ჰაბიტუსით.

 

სტეფანაკერტში მივლინებით ყოფნისას ეს პიროვნება - ბესო ხვედელიძე ჟურნალისტებთან ინტერვიუში ისე მჭერმეტყველებდა (მათაც მოსმენილი კეთილსინდისიერად და პატიოსნად ჩაიწერეს და გაავრცელეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში), რომ ურთულესი პრობლემებისადმი მისმა საოცრად მარტივმა და დილეტანტურმა მიდგომამ პირველად ჩემში ირონია გამოიწვია.

 

ჯერ იყო და ნიანგის ცრემლები ღვარა და პატიება ითხოვა აფხაზი ხალხისგან იმ უღირსი სოხუმელი ქართველების გამო, რომლებმაც თურმე გადამწყვეტ მომენტში ვერ დაიცვეს თავისი ღირსება და სამშობლო.

 

როცა ცრემლები შეიმშრალა, ოჯახის გაყოფის პრიმიტიულ მაგალითზე მოჰყვა ჭკუის სწავლებას, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ სეპარატისტული რეგიონის ”გაშვება”, ამასთან სრულად უარყო  საერთაშორისო ნორმები და კონვენციები, რომ არაფერი ვთქვათ აფხაზეთელი ქართველების ნებაზე, რომლებიც, მისი აზრით, იმით იყვნენ დაკავებულნი, რომ აფხაზებს ესროდნენ თურმე.

 

შემდეგ აღშფოთებული ამბობს, რომ ქართულ–აფხაზური ომიდან 20 წლის შემდეგაც „საქართველოში არ მოიძებნა ისეთი პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც ამას იტყოდა“.

 

მერე, ალბათ გაახსენდა, რომ ზაფხული კარზეა მომდგარი და ურიგო არ იქნებოდა სოხუმისა და გაგრის პლაჟზე გარუჯვა (ეტყობა, ვიღაცამ ბათუმსა და ქობულეთზე მეტად ურჩია), გული დაწყდა, რომ კონფლიქტის გამო ამ რეგიონში „თავისუფლად გადაადგილება არ შეიძლება“.

 

ინტერვიუს ბოლოს კი ისეთი გულუხვი გახდა, რომ ყარაბახი სომხებს უფეშქაშა. ჩანაწერიც მისი ინტერვიუდან ასე მთავრდება: „აზერბაიჯანიც ასევე უნდა შეეგუოს აზრს ყარაბახის დამოუკიდებლობის შესახებ და უბრალოდ უნდა „გაუშვას“, – განაცხადა ბესო ხვედელიძემ “Armregions.am” - ის კორესპონდენტთან საუბარში”.

 

ამ უაზრობის წაკითხვის შემდეგ გაოგნებული ასკვნი, რომ ავტორი ამ სიბრძნეებს ღაღადებდა ან სომხური კონიაკის, ან თვით ეშმაკის ზემოქმედების ქვეშ.

 

დიდმა რუსმა მწერალმა თეოდორ დოსტოევსკიმ შექმნა საყოველთაოდ ცნობილი რომანი „იდიოტი“. რა შეიძლება დაერქვას ბ.ხვედელიძის გამონათქვამებს? ალბათ „იდიოტის ნაბოდვარები“.

 

ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ ამაზე რეაგირება არ ღირს. მე კი ვფიქრობ, რომ გაჩუმება არ შეიძლება, სიფრთხილე გვმართებს, რადგანაც ყველაფერი ეს გათვლილია იმაზე, რომ ქართული საზოგადოება თანდათან შეეგუოს აზრს აფხაზეთის დაკარგვის შესახებ. ამიტომაც, ბ.ხვედელიძეს და მის თანამოაზრეებს აფხაზეთთან მიმართებაში ამგვარი სისულეების ხმამაღლა გამოთქმის სურვილიც უნდა დავაკარგვინოთ და ტვინშიც ჩავუბეჭდოთ, რომ ქართველებმა იმ ომში ბევრი რამ  დაკარგეს, მაგრამ შეინარჩუნეს პატივი და ღირსება, ამიტომაც უსაფუძვლო ბრალდებებს, შეურაცხყოფასა და უპატივცემულობას არავის არასოდეს პატიობენ.

 

ახლა კი მთავარი.

 

რა უფლებით არიგებს ბ.ხ. ტერიტორიებს და გამოაქვს უაპელაციო ვერდიქტი – ვინ რაშია დამნაშავე?

 

როგორ ბედავს ის სოხუმელი ქართველების უღირსებად მოხსენიებას და ლანძღვას იმის გამო, რომ თითქოს სამშობლო არ დაიცვეს?

 

მაშ, რას იცავდნენ იარაღით ხელში ასობით, ათასობით სოხუმის და მთელი აფხაზეთის, ასევე საქართველოს სხვა რეგიონების ვაჟკაცები?

 

ერთხელ მაინც ყოფილა ის თბილისში გმირთა მოედანზე, სადაც აღმართულია მემორიალი და სტელა იმ დაღუპულ გმირთა პატივსაცემად, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს? ნუთუ ძნელი მისახვედრია, რომ ისინიც და ყველა, ვინც იბრძოდა აფხაზეთის ომში და 2008 წლის აგვისტოში, თბილისიდან 20 კმ–ის მოშორებით, სამშობლოს იცავდნენ?

 

რანაირად განსაზღვრა ბ. ხ.–მ, რომ „ამ პრობლემის მოსაგვარებლად კავკასიაში არ ეყოთ პატიოსნება, ადამიანობა და განათლება“?

 

რა იცის მან აფხაზეთზე, მისი მოსახლეობის და 1992-93 წლების ომის შესახებ, რომელიც ქართველთა და აფხაზთათვის ტრაგედიად იქცა, ან ვინ ვის ესროდა აფხაზეთში? გაუგია კი იმის შესახებ, რომ პირველად თოფი 1989 წლის 1 აპრილს გავარდა ბზიფსა და ეშერაში, როცა დაკრძალვიდან და მშვიდობიანი მიტინგიდან მობრუნებულ 2 ავტობუსს ესროლეს და სოხუმამდე სდიეს აფხაზმა  ექსტრემისტებმა, რის უშუალო მომსწრენიც იყვნენ მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე და თამარ ჩხეიძე?

 

რა შეუძლია მას თქვას 1989 წლის 16-17 ივლისის მოვლენების შესახებ, როცა ორმხრივი შეტაკების დროს დაიღუპა 11 ქართველი, 5 აფხაზი; 62 დაჭრილიდან 49 იყო ქართველი და 11 აფხაზი.

 

სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტაციებში აღნიშნულია, რომ აფხაზეთში ადგილი ჰქონდა არა აფხაზი, არამედ ქართველი მოსახლეობის გენოციდსა და ეთნიკურ წმენდას, თუმცა მსხვერპლი ორივე მხრიდან მრავლად იყო.

 

ომის დაწყებამდე 5 დღით ადრე მაინც თუა ნამყოფი ბ.ხ. აფხაზეთში, ან ომის დროს და თუ უნახავს, ვინ ვის ესროდა?

 

ვინც ომის პერიოდში აფხაზეთში არ ყოფილა, მხოლოდ მას შეუძლია ასე უსირცხვილოდ იმის გამოცხადება, რომ ქართველები აფხაზებს ესროდნენ.

 

ომი ომია – ისვრიან ორივე მხრიდან. ამ ომშიც, რომელიც 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა, არავის უნდოდა დაღუპვა, მაგრამ მაინც მიდიოდნენ სიკვდილზე, ყველა თავის სიმართლეს იცავდა და ამიტომაც ისროდა... იყო ბევრი სისხლი, დიდი მსხვერპლი და ნგრევა.

 

სამწუხაროდ, ეს უტყუარი ფაქტია და მას ვერსად გაექცევიან ვერც აფხაზები და ვერც ქართველები.

მაგრამ  ვისაც „გაუმართლა“ და ამ ჯოჯოხეთს თავი აარიდა, ვისაც დენთის სუნი არ უყნოსია, ვინც 2008 წლის აგვისტოში თბილისიდან თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, ისინი ამას ვერც გაიგებენ და ვერც შეიგრძნობენ.

 

ბესოსა და მისთანებს კი მინდა ვუთხრა: სათნომყოფელების ნიღბები მოიხსენით და ნუ დაშვრებით ტყუილუბრალოდ – რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკე მაინც ვერ გახდებით. ესეც იცოდეთ, რომ  ადგილობრივ ქართველებზე უფრო ახლობელი და გამგები აფხაზებს არ ჰყავთ და არც ეყოლებათ. აფხაზებმაც მშვენივრად იციან ეს, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ხმამაღლა თქმას ერიდებიან.

 

და კიდევ. როდესაც აფხაზებს სიყვარულს ეფიცებით და ეუბნებით: „თქვენ ისეთივე ქართველები ხართ, როგორც კახელები, გურულები, მეგრელები...“, იცოდეთ, რომ მათ ეს სულაც არ მოსწონთ და პირიქით, ამით ხელს კრავთ. აფხაზები ქართველები კი არა, ცალკე ერია, რომელთაც ქართველებთან ძალიან ბევრი საერთო რამ აქვთ და ცხოვრობენ მიწაზე, რომლის ორაბორიგენობაც მეცნიერულად აპრობირებულია.

 

ამიტომაც ვიმედოვნებ, რომ შორს არ არის ის დრო, როცა ქართველები და აფხაზები შემოუსხდებიან მაგიდას, პირისპირ ეტყვიან ერთმანეთს მწარე სიმართლეს, მათ შორის იმ სიმართლესაც, თუ როგორ იქნენ ჩათრეული შეიარაღებული დაპირისპირების მორევში და მოინანიებენ ჩვენი ხალხების მომავლისა და კეთილდღეობისათვის.

 

რაც შეეხება ყარაბახს, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანელები და სომხები თავად მორიგდებიან „ქართველი  ჟურნალისტისა და მწერლის“  ჩაურევლად, რომლის ნაბოდვარსაც პროვოკაციის სუნი უდის და შეიძლება ცუდი შედეგიც მოჰყვეს.  ხომ შეიძლება აზერბაიჯანში იფიქრონ, რომ ეს არის ქართველი შემოქმედებითი ინტელიგენციის პოზიცია და არა ვინმე ცრუპენტელას ზრი.

 


ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions