ელგუჯა გვაზავა: “აფხაზეთი დღეს არის ერთი დიდი შავი ხვრელი...“

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ტრადიციული რუბრიკა ”თვითან თვემდე” ასევე მშვიდობიანი თემით განაგრძო.

 

- 20 აპრილს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით და არასამთავრობო ორგანიზაცია ”12 ნერგის” ერთობლივი ძალისხმევით აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან - ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საძირკველი ჩაეყარა ”მშვიდობის ხეივნის” გაშენებას. ეს იყო დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია. იმ დღეს ჩვენს პლანეტას ათეულობით წიწვოვანი ხე შეემატა. ამ ღონისძიებას მხოლოდ ეკოლოგიური დატვირთვა არ ჰქონია. ეს იმავდროულად იყო ჰუმანური კეთილშობილური აქციაც – მშვიდობის გზავნილი აფხაზებს. მოგეხსენებათ, ხე სიცოცხლის სიმბოლოა და ჩვენ კვლავაც ვეუბნებით: გვინდა სიცოცხლე, მშვიდობა და სიკეთე.

 

ბატონო გია, გასულ კვირას აფხაზმა სეპარატისტებმა საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელგენერალანჟეი ტიშკევიჩაფხაზეთის ტერიტორიაზე არასაურველ პერსონად გამოაცხადეს, რა არის რეალური მიზეზი?


- მიზეზი ალბათ ორია: პირველი ის, რომ ტიშკევიჩი მათთვის მიუღებელია მისი პოლონური წარმომავლობის გამო, ანუ წარმომადგენელი საქართველოს მეგობარი ქვეყნიდან, მათი გაგებით, არ იქნებოდა ობიექტური და აქედან გამომდინარე, სიკეთის მომტანი აფხაზეთისთვის. რა თქმა უნდა, ეს სასაცილოა... ასეთი დონის დიპლომატი ვერ იქნება ტენდენციური. მეორეც, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფი აფხაზეთში რომ შევიდეს, ცხადია, ის დააფიქსირებს დღევანდელი აფხაზეთის რეალურ სურათს. ჩვენ ხომ ვიცით, რა საგანგაშოცაა ეს რეალობა – „დამოუკიდებელი“ აფხაზეთის რუსეთთან ასიმილაციის პროცესი მასშტაბურ ხასიათს ღებულობს და ამას გარდა, სხვა სერიოზული პრობლემების გადაუჭრელობის გამო აფხაზური ეთნოსი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მსოფლიომ ეს პროცესები არ უნდა ნახოს – ასეა ნაბრძანები ჩრდილოეთიდან და აფხაზებიც ამ პოზიციას საკუთარივით ახმოვანებენ.

 

არის ასეთი მოსაზრებაც, რომ აფხაზების სურვილი იყო საერთაშორისო დამკვირვებლებს განხილათ გალის რაიონში მომხდარი მკვლელობები და იქ არსებული კრიმინალურგანუკითხაობა ქართული მხარისთვის მიეწერათ, რაზეც ტიშკევიჩის უარი მიიღეს. ამიტომაც დაიმსახურა მან „ნონ–გრატობა“ .

 

– ეს კრემლის მეთოდია – დააბრალონ ყველაფერი ქართველებს, რისი საბაბი, იმ კონკრეტულ შემთხვევაში ქართულმა ოპოზიციამაც მისცა. ან არა და მეტეორიტი რომ ჩამოვარდეს ახლა აფხაზეთში, იმაზეც იტყვიან, რომ ქართველებმა გამოიწვიეს.... აფხაზეთი დღეს არის ერთი დიდი შავი ხვრელი, სადაც ნარკოტრაფიკის, იარაღის გასაღების, შავი ფულის გათეთრების და სხვა დანაშაულობებისთვის საუკეთესო არეალია და ამ შავი ხვრელით რუსეთის ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლები სარგებლობენ.  ცხადია, რუსეთის ინტერესში არ არის ამის გამოაშკარავება.

 

სოხუმში ვიზიტით მყოფ გერმანიის ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგს . ანქვაბმა განუცხადა, რომ შესაძლოა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან ურთიერთობა შეწყვიტოს, რადგანაც არ სურს მათთან ურთიერთობა თბილისის გავლით. არის თუ არა ეს იმის მომასწავებელი, რომ თანდათანობით მოხდება აფხაზეთის სრული იზოლირება საერთაშორისო მისიებისგან?


არა, ამის საშიშროება არ არსებობს. აფხაზებს სურთ, რომ ევროპაზე გავიდნენ უჩვენოდ. მიუხედავად იმისა, რომ მიკედლებული არიან რუსეთს, მაინც ორიენტირებული არიან მომავალში ევროპასთან დაახლოებაზე. რუსეთის დიქტატით ამას ღიად ვერ ახმოვანებენ, ამიტომაც ასეთი ულტიმატუმის სახით გამოხატავენ სურვილს.

 

როგორ უნდა მოიქცეს ევროპა?


– ევროპამ ისინი რუსეთს უნდა დააშოროს, მაგრამ ისე, რომ ჩვენ არ დაგვშორდნენ. როგორ მოახერხებს ამას, ჯერ ძნელი სათქმელია. ვნახოთ, რა იქნება...

 

ა. ანქვაბზე თავდამსხმელთაგან ორმა დაკავებულმა თავი მოიკლა, როგორ ფიქრობთ, რას უნდა ნიშნავდეს ეს – სინდისის ქენჯნას თუ...


– ეს არ არის სინდისის ქენჯნა, ეს შიშს უფრო ჰგავს. შიში კი უნდა ჰქონდეს ამ შემთხვევაში თავდასხმის დამკვეთსაც და შემსრულებელსაც. სამართალდამცავებისგან ზეწოლას გამოვრიცხავ, რატომ უნდა მოეკლა ისინი ვინმეს, თუკი გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდნენ? შეიძლება, თანამზრახველებმა მოკლეს იმიტომ, რომ რამე არ წამოსცდეთ... ან კიდევ, საბოლოოდ სიმართლის გამოაშკარავებას და სირცხვილს ასეთი დასასრული ამჯობინეს. გამოძიებას რუსეთიც ეხმარება, იქ გამეფებულ ანარქიას და სრულ ქაოსს კი ისევ „აფხაზური სულის“, მაგრამ მაინც წესრიგის დამცველი ანქვაბი ურჩევნია, მით უმეტეს, რომ კარს მომდგარ ოლიმპიადას ხელს შეუშლის ახლომახლო ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის კრიმინალი თუ ტერორი.

 

ბოლო დროს რუსები უკმაყოფილებას გამოთქვამენ აფხაზეთში გახშირებულ რუსოფობიურ მოვლენებზე და აფხაზების დომინირებას აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში არა მარტო რუსებთან მიმართებაში....


ეს აფხაზების ნირია, თვლიან, რომ როგორც სატიტულო ეთნოსი ყველანაირად პრივილეგირებულები და პირველები უნდა იყონ ყველაფერში. ასე იყო ომამდეც. 1991 წლის არჩევნებში - აფხაზებს, რომლებიც მოსახლეობის 18% ნაკლებს წარმოადგენდნენ, გამოეყო 28 სადეპუტატო მანდატი, ქართველებს (47%) – 26, სხვა ეროვნების წარმომადგენლებს - 11. ამჟამინდელი აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში 82% არიან აფხაზები, დანარჩენი – სხვა ეროვნების, რუსი საერთოდ არც არის.... ფაქტიურად არის აპარტეიდი, რომელიც თავის დროზე დანერგა კრემლმა. რუსეთს არ უნდა უკვირდეს ის, რომ ბოლო დროს აფხაზები სხვა ეროვნების (ძირითადად რუსი) მოქალაქეებს ბიზნესს ართმევენ, ფიზიკურადაც კი უსწორდებიან და ზიზღითაც აგრძნობინებენ თავიანთ უპირატესობას,  რადგანაც ეს თავის დროზე მის მიერვე იყო ინსპირირებული.

 

ე.ი. რუსეთი შეეგუება მსგავს ფაქტებს და რეაგირების გარეშე დატოვებს თავის მოქალაქეებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას?


– რუსეთი ძალიან მშვიდად და მარტივად მოაგვარებს ამ პრობლემას აფხაზეთში დემოგრაფიული ფონის შეცვლით, ოღონდაც ეს არის თანდათანობითი პროცესი, რომელსაც დრო სჭირდება. აფხაზური სტატისტიკის მიხედვით წელიწადში 3300 აფხაზი კვდება და 800 იბადება. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ დემოგრაფიული კატასტროფა გარდაუვალია. ახლა თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი სამხედრო პერსონალის რიცხვს სულ უფრო ზრდის (მათ ხომ თავიანთი ოჯახებიც ახლავთ და მრავლდებიან), დაახლოებით 20 წელიწადში „სასურველ შედგეგს“  მიიღებენ...

 

ჩვენი ინფორმაციით, უმაღლესი საბჭო დევნილთა სოციალურ პაკეტთან დაკავშირებით  ცვლილებებზე აპირებს ყურადღების გამახვილებას...


– დიახ. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს და მთავრობას ეს საკითხი არაერთხელ დაუყენებია ფედერალურ სტრუქტურებში. იყო შეხვედრები პარლამენტის ბიუროს წევრებთანაც. დევნილთა სოციალური პაკეტი ნამდვილად საჭიროებს გადახედვას. თუნდაც 5 წლის წინანდელი  საარსებო მინიმუმი დღევანდელისგან განსხვავდება, ამიტომაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას დაბალანსება უნდა. ამას წინათაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს გვქონდა შეხვედრები პარლამენტში, გაიმართა ორივე მხარისათვის საინტერესო საუბრები ამ აქტუალურ თემაზე. ასე რომ მიმდინარეობს მუშაობა. ვიმედოვნებ, საკითხის სათანადოდ  შესწავლის შემდეგ პრობლემას ერთობლივად გადავჭრით დევნილთა სასიკეთოდ.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions