თამაზ ხუბუა: ”აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 4 წელი გავიდა”

 

2008 წლის 26 აგვისტოდან განვლილმა ოთხმა წელიწადმა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ და მის მიერ მოთაფლულმა თითო-ოროლა ჯუჯა სახელმწიფომ აღიარა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა, აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად მაცხოვრებელ მოქალაქეებს და მსოფლიო თანამეგრობასაც ნათლად დაანახა, თუ რა ჭეშმარიტ მიზანს ისახავდა ეს პოლიტიკური ფარსი.

 

”დღეს აფხაზეთი ოფიციალურად თითქოს დამოუკიდებელია, ფაქტობრივად კი დროებით, მაგრამ მაინც რუსეთის ”სრულუფლებიან” გუბერნიას წარმოადგენს. აფხაზმა ხალხმა, სეპარატისტი ხელმძღვანელების წყალობით, ქართულ სახელმწიფოში თავისუფალი ცხოვრების სანაცვლოდ რუსული პოლიტიკური და სამხედრო დიქტატი მიიღო” - აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა.

 

რუსეთის ხელისუფლების მცოცავი ანექსიის პოლიტიკის აღსაკვეთად საერთაშორისო თანამეგობრობამ რადიკალურად უნდა შეცვალოს დამოკიდებულება და ვერბალური განცხადებებისა და ფუჭი დეკლარაციებიდან გადავიდეს მტკიცე წინააღმდეგობისაკენ. საერთაშორისო თანამეგობრობას არ უნდა დაავიწყდეს მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდი  - როცა ევროპის წამყვან ქვეყნებს სურდათ ფაშისტური დიქტატის თავიდან აცილება და  მშვიდობა,  მიუნხენის უნიათო, კაპიტულანტური შეთანხმების პასუხად კი კაცობრიობის ისტორიაში უსაშინლესი ომი მიიღეს. შესაძლოა ცალკეული გონივრული დათმობა სასიკეთო აღმოჩნდეს კრემლის იმპერიული ზრახვების აღსაკვეთად, მაგრამ უპრინციპო ლოიალობა მხოლოდ  სავალალო შედეგს მოიტანს - აცხადებს ბატონი თამაზ ხუბუა და საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებს.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions