14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 20 წელი სრულდება. 20 წლის წინ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და 14 აგვისტოს საომარი მოქმედებების დაწყების მიზეზებსა და იმაზე, რამდენად შესაძლებელი იყო საომარი მოქმედებების აცილება, "ინტერპრესნიუსი" 1989-1992 წლებში აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, პარლამენტის ყოფილ წევრს და დევნილობაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს გივი ლომინაძეს ესაუბრა.
ბატონო გივი, ვიდრე აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს საომარი მოქმედებების დაწყებისა და აფხაზეთში რკინიგზის დაცვის მიზნით საჯარისო ფორმირებების შეყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დეტალებზე ვისაუბრებდეთ, უპრიანი იქნებოდა, საუბარი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებული ვითარების თქვენეული შეფასებით დაგვეწყო...
- საერთოდ, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების თარიღად მიჩნეულია 1992 წლის 14 აგვისტო, მაგრამ სინამდვილეში, აფხაზეთში ომი გაცილებით უფრო ადრე, 1989 წლის 15 ივლისს დაიწყო და არც ერთი დღე და არც ერთი საათი არ შეწყვეტილა. იგი პერმანენტულად, თითქმის ყველა რაიონში, ყველა დასახლებაში, ორგანიზაციაში მიმდინარეობდა. ეროვნული ნიშნით იყოფოდა კოლმეურნეობები, ოჯახები, სპორტული ორგანზაციები, საფეხბურთო გუნდი, თეატრები, მწერალთა კავშირი და ასე შემდეგ. არ იყო არც ერთი სფერო, სადაც დაპირისპირებამ არ შეაღწია. იმავე ნიშნით ხდებოდა დარბევები, ყაჩაღობები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა.
1989 წლის 17 ივლის აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შედეგად შესაძლებელი გახლდა სისხლიანი დაპირისპირების შეწყვეტა, მაგრამ ურთიერთდაპირისპირება ყველგან, სოფლად თუ ქალაქად, ორგანიზაცია-დაწესებულებებში ერთი წუთითაც არ შეწყვეტილა. უდიდესი ძალიხსმევით და ქართველთა მხრიდან უპრეცედენტო, ცალმხრივი დათმობების ხარჯზე 1991 წლის 9 ივლისს მიღებულ იქნა კანონი "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა არჩევის შესახებ". ამ კანონის მიღებით აფხაზებს, რომლებიც ავტონომიური რესპუბლიკის მთლიანი მოსახლეობის 17,%-ს შეადგენდნენ, ეძლეოდათ საშუალება უმაღლეს საბჭოში ყოლოდათ 28 დეპუტატი (უმრავლესობა), ქართველებს, რომლებიც მოსახლეობა შეადგენდა 45,8%-ს - 26 დეპუტატი, ხოლო მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს, რუსებს, სომხებს, ესტონელებს, ბერძნებს და სხვა ეროვნულ უმცირესობებს, რომლებიც მოსახლეობის 33%-ს შეადგენდნენ, მხოლოდ 11 დეპუტატი.
ორი აზრი არ არსებობს იმაში, რომ აღნიშნული საარჩევნო კანონი აშკარად წინააღმდეგობაში მოდიოდა 1948 წლის "ადამიანის უფლებების დეკლარაციის" მე-2, მე-7 და 21-ე მუხლებთან და 1966 წლის "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ" საერთაშორისო პაქტის მე-2, 25-ე, 26-ე მუხლების მოთხოვნებთან. სწორედ ამიტომ არის, რომ ყველა კომპეტენტური ექსპერტების შეფასებით ეს კანონი შეფასებულია როგორც დისკრიმინაციული და აპარტეიდული. სხვათა შორის, ამას არც სეპარატისტების ცალკეული ლიდერები მალავდნენ. ამის მაგალითია ამ კანონზე გაზეთ "სვობოდნაია გრუზიაში" აფხაზი დეპუტატის ნათელა აკაბას გამოთქმული მოსაზრება - "საკამათო არაა, რომ ამ კანონს დემოკრატიის უმაღლეს მიღწევას ვერ დავარქმევთ".
მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ამ ამ კანონს შეეძლო აფხაზეთში გარკვეული როლი ეთამაშა ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობების ნდობის აღდგენაში. ასე იმ შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო, თუ აფხაზთა მხრიდან იქნებოდა კეთილი ნება და სურვილი. სამწუხაროდ, ამგვარი სურვილი მათ არ გამოუვლენიათ.
პირიქით, როგორც მხარეთა შორის პოლიტიკური შეთანხმების თანახმად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ვლადისლავ არძინბა, რომლის არჩევასაც მხარი ქართული დეპუტაციის მთელმა შემადგენლობამ დაუჭირა, აფხაზებმა მეორე დღესვე სანაგვეში მოისროლეს მხარეთა შორის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება, რასაც მოჰყვა ქართული დეპუტაციის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება. უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური კომპრომისების შედეგად არსებობდა სამართლებრივი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის შემთხვევაში შესაძლებელი იყო ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღების თავიდან აცილება. კერძოდ, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ 1991 წლის 27 აგვისტოს მიიღო კანონი "აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ თანამდებობის პირთა არჩევისა და დანიშვნის წესის შესახებ", "აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ", აფხაზეთის ა/რ კანონში "საერთ-სახალხო კენჭისყრის (რეფერენდუმი) ცვლილებების შესახებ". ამ ცვლილებების შემდგომ უმაღლესი საბჭოს მიერ შეუძლებელი იყო კანონის მიღება ან კანონში ცვლილების შეტანა, რომელიც შეეხებოდა ა/რ სტატუსს, რეფერენდუმის ჩატარებას, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, უმაღლესი თანამდებობის პირთა არჩევის დანიშვნის წესის შეცვლას, თუ ამ გადაწყვეტილებებს მხარს არ დაუჭერდა უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა 2/3. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ თუკი აფხაზები და ქართველები საკითხზე ვერ შეთანხმდებოდნენ, მათი გადაწყვეტა შეუძლებელი იყო.
მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ დაადასტურა, რომ აღნიშნული კანონები მკვდრადშობილი იყო, რადგან აფხაზური მხარე მათ შესრულრებას არ აპირებდა და შეგნებულად წავიდა საკუთარი კონსტიტუციის და პოლიტიკური კომპრომისის შედეგად მიღწეული კანონების დარღვევაზე, უფრო სწორად, მათ მოთხოვნათა სრულ იგნორირებაზე. ღიად და აშკარად დაიწყო თავისი სეპარატისტული მიზნების განხორციელება. ამგვარად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და მისი პრეზიდიუმი ფაქტობრივად არძინბას არჩევის დღიდან გახდა მონოეთნიკური. აი ასეთი "უმაღლესი საბჭო" მეთოდურად შეუდგა იმგვარი ორგანიზაციული და საკანონმდებლო ღონისძიებების გატარებას, რომლის საბოლოო მიზანი საქართველოს შემადგენლობიდან აფხაზეთის გაყვანა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა იყო.
ერთი ინტერვიუს ფორმატში შეუძლებელია ჩამოთვალო ყველა ის ე.წ. კანონი, დადგენილება, თუ სხვა სახის გადაწყვეტილებები, რომლის საშუალებითაც სეპარატისტები მეთოდურად და ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნიდნენ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობიდან გამოყოფის სამართლებრივ საფუძვლებს. მაგრამ რამდენიმე მათგანის ჩამოთვლა მაინც აუცილებელია, რათა მკითხველს ჰქონდეს საშუალება რეალურად წარმოიდგინოს, თუ რა მდგომარეობა იყო აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოსთვის.
1991 წლის 27 თებერვალს, უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან "აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო და მილიციის დანაყოფების დაქვემდებარებისა და კოორდინაციის საკითხების დროებითი საბჭო" შეიქმნა, რითაც არძინბამ ფაქტობრივად შექმნა ალტერნატიული შინაგან საქმეთა სამინისტრო და რუსეთის ხელშეწყობით და მხარდაჭერით ფაქტობრივად გადაიბარა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მთელი არსენალი და სამხედრო დანაყოფების პირადი შემადგენლობა.
1991 წლის 27 თებერვალს, უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება "აფხაზეთის ეკონომიკური სუვერენიტეტის საფუძვლების უზრუნველყოფის შესახებ". ამ დადგენილებით მინისტრთა საბჭოს დაევალა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა საკავშირო და რესპუბლიკური დაწესებულებების და საწარმოების აფხაზეთის იურისდიქციის ქვეშ აყვანა.
1991 წლის 30 აგვისტოს, უმაღლესი საბჭოს დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის კანონები - "საქართველოს რესპუბლიკის ფულად-საკრედიტო რეგულაციების შესახებ", საქართველოს ნაციონალური ბანკის შესახებ" და "ბანკებისა და საბანკო მოღვაწეობის შესახებ" - გამოცხადდა აფხაზეთის ტერიტორიაზე იურიდიული ძალის არმქონედ.
1992 წლის 24 იანვარის დადგენილება - "აფხაზეთის პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის იურისდიქციის ქვეშ გადაყვანის შესახებ".
1992 წლის 13 თებერვალის დადგენილება - "აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქალაქეთა ჩაწერის დროებით აკრძალვის შესახებ". ამ დადგენილების თანახმად იკრძალებოდა აფხაზეთის ტერიტორიის ფარგლებს გარედან შემოსული მოქალაქეების ყველა სახის ჩაწერა. გამონაკლისის სახით გადაწყვეტილების უფლება ეძლეოდა უშუალოდ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ვ. არძინბას.
1992 წლის 12 მარტის დადგენილება - "შანაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი კადრების დანიშვნის წესის შესახებ", რის საფუძველზეც ყველა საკადრო საკითხი გადაყვანილ იქნა უმაღლესი საბჭოს დაქვემდებარებაში. ეს არის ძალიან მოკლე ჩამონათვალი იმ კანონებისა, რასაც იღებდა მონოეთნიკური აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.
აუცილებლებელია ითქვას, თუ რას აკეთებდა საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ერთიანი საკანონმდებლო რეგულირების უზრუნველსაყოფად. რა თქმა უნდა, აუქმებდა, აჩერებდა, აცხადებდა იურიდიული ძალის არმქონედ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებს. ამასთან, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიუთითა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიის ჩატარებისას უხეშად იყო დარღვეული მისი ჩატარების წესები, ადგილი ჰქონდა დეპუტატთა მთლიანი შემადგენლობის აზრის უგულვებელყოფას, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ფუჭი, რადგან აფხაზეთის ა/რ ხელმძღვანელობა აგრძელებდა ანტიკონსტიტუციური სამართლებრივი აქტების მიღებას, რომლის ბოლო აკორდი იყო აფხაზეთის 1925 წლის კონსტიტუციის პროექტის, როგორც კონსტიტუციური კანონის აღდგენა. აი მოკლედ, თუ როგორი იყო აფხაზეთში ვითარება 1992 წლის 14 აგვისტომდე. ასე რომ, 1992 წლის 14 აგვისტომდე ბევრად ადრე, მართალია შეთანხმებათა და კანონდარღვევებით, მაგრამ აფხაზეთი სამართლებრივად და პოლიტიკურად საქართველოს შემადგენლობიდან გასული იყო.
ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ აფხაზებს დამოუკიდებლობა 1999 წლამდე არ გამოუცხადებიათ, რომ მათ დამოუკიდებლობა მხოლოდ 1999 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ გამოაცხადეს...
- რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. არ ვიცი, რატომ და ვის წისქვილზე ასხამს წყალს ის ხალხი, ვინც ამას ამტკიცებს, მაგრამ ერთ რამ ცხადია, ამ ხალხმა ან არ იცის რაზე საუბრობს, ან შეგნებულად ამახინჯებს რეალობას, რომ საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს აფხაზები 6 წლის განმავლობაში ელოდნენ ქართული მხრიდან კონკრეტულ წინადადებებს და როცა გადაეწურათ იმედი, იძულებული იყვნენ, რომ გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ, ბევრი მინახავს ასეთი პოლიტიკოსი, მაგრამ ისინი როგორც წესი, იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთნებიან, ვისაც ჭეშმარიტება ნაკლებად აინტერესებს, ყველა შემთხვევაში მოქმედებს მხოლოდ ერთი პრინციპით - როგორია კონკრეტულ მომენტში პოლიტიკური კონიუქტურა, რა აწყობდა მას, ან მის პარტიას.
სინამდვილეში, 1990 წლის 25 აგვისტოს, ჯერ კიდევ საბჭოთა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აფხაზურმა ნაწილმა, თავმჯდომარის ვ. კობახიასა და სეპარატისტთა არაფორმალური მოძრაობა "აიდგილარას" ძალისხმევით, აფხაზეთის ა/რ მე-10 სესიამ განიხილა და მიიღო დეკლარაცია "აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ" და დადგენილება "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დაცვის სამართლებრივი გარანტიების შესახებ". ამ აქტების მიღება საზეიმოდ გამოცხადდა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი.
შემდგომში, როცა პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე 1991 წლის 9 ივნისს მიღებულ იქნა კანონი "აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციის არჩევის შესახებ", მასში ჩადებული იყო დებულება, რომლითაც აფხაზები იღებდნენ გარანტირებულ უმრავლესობას უმაღლეს საბჭოში. ეს პირდაპირ გადმოტანილ იქნა 1990 წლის 25 აგვისტოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან, რომლის მე-4 პუნქტის მე-2-ე პარაგრაფში ნათქვამია, რომ "აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში უზრუნველყოფილია აფხაზი ერის ინსტიტუციონალური წარმომადგენლობა, რომელმაც სახელი მისცა რესპუბლიკას". ეს კი იმას ნიშნავდა, რომ აფხაზეთის უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოებში აფხაზებს გარანტირებული უნდა ჰქონოდათ უმრავლესობა.
1991 წლის 25 აგვისტოს ჩატარებული ე.წ. სესიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მეორე დღეს, 26 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ გაუქმებულად და იურიდიული ძალის არმქონე აქტებად იყო ცნობილი, ვინაიდან ისინი არღვედნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აქვე უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ ამ აქტებისა და დეკლარაციის მიღების წინა დღეს, სეპარატისტებმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცეს დეპუტატი კ. ფეტისოვი. იგი იზოლირებული ჰყავდათ და სესიაზე შეიარაღებულმა პირებმა მიიყვანეს. ასევე, მძიმედ ავადმყოფი დეპუტატი ა. კუზნეცოვა ძალის გამოყენებით მიიყვანეს სესიაზე. არც ერთ მათგანს გადაწყვეტილების მიღებაში, ანუ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. აფხაზი დეპუტატის ქვარანძიას მოწოდებები იმის თაობაზე, რომ ასეთი ფორმით და ასეთ ვითარებაში სესიის ჩატარება დაუშვებელი იყო, უხეშად იქნა ჩახშობილი. სეპარატისტებს ამ დეპუტატის აზრი სულაც არ აინტერესებდათ, ისინი ცდილობდნენ სესიის ჩატარების კანონიერების მოჩვენებითი სურათის შექმნას. დეპუტატებზე ძალადობრივი ზემოქმედების ფაქტზე სათანადო მტკიცებულებები იქნა შეგროვილი და აფხაზეთის რესპუბლიკის პროკურატურასაც საქმე ჰქონდა აღძრული, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, აქაც ლოგიკური გაგრძელება მათ არ ეწერა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამავე მოწვევის ქართულ დეპუტაციას უყურადღებოდ არ დაუტოვებია სეპარატისტების ეს ნაბიჯი და იმავე წლის 31 აგვისტოს ჩატარდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მე-11 საგანგებო სესია, რომელმაც ბათილად სცნო აფაზეთის უმაღლესი საბჭოს მე-10 სესიის გადაწყვეტილებები. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის სეპარატისტული ხელმძღვანელობა ყველა თავის გადაწყვეტილებებში ხელმძღვანელობდა 1990 წლის 25 აგვისტოს დეკლარაციით და მოქმედების სამართლებრივ წყაროდ 25 აგვისტოს დეკლარაციას ასახელებდა. ეს პროცესი მათ სამართლებრივად გააფორმეს 1999 წელს ჩატარებული რეფერენდუმით. 1999 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ მიღებული დეკლარაციის პრეამბულაში წერია, რომ 1999 წელს მიღებული აქტი აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ 1990 წლის 25 აგვისტოს მიღებული დეკლარაციის გაგრძელება იყო.
თუ დავუბრუნდებით ისევ 1992 წლის აგვისტომდე არსებულ ვითარებას, ჰქონდათ თუ არა შევარდნაძეს და არძინბას ერთმანეთთან კონტაქტი, თუნდაც სატელეფონო? რამდენადაც მახსოვს, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა არძინბას თბილისში ჩამოსვლა და შევარდნაძესთან შეხვედრა. თუ ამგვარი გეგმები მართლაც იყო, რატომ არ შედგა შევარდნაძე-არძინბას შეხვედრა?
- დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი კონტაქტები არ იყო. თუმცა, ოფიციალური თბილისის მხრიდან მცდელობები იყო. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი მცდელობები ატარებდნენ სისტემატურ ხასიათს, მაგრამ ეპიზოდურად სხვადასხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან იყო მცდელობები, რომ შესულიყვნენ კონტაქტში, გაემართათ კონსტრუქციული დიალოგი სეპარატისტებთან, მაგრამ არც ერთ მათგანს არავითარი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია.
რაც შეეხება ხელისუფლების პირველ პირებს, პირადად მე გაუკეთე ორგანიზება და უშუალოდ ვღებულობდი მონაწილეობას თბილისში ვლადისლავ არძინბასა და ზვიად გამსახურდიას შეხვედრას, მაგრამ სამწუხაროდ, მისი შედეგები უფრო უარყოფითი იყო, ვიდრე დადებითი. რაც შეეხება არძინბას კონტაქტებს შევარდნაძესთან, რამდენადაც ვიცი, ეს კონტაქტები იყო მხოლოდ ტელეფონით და ისიც უშუალოდ 14 აგვისტოს წინ, როცა შევარდნაძემ ჩააყენა საქმის კურსში არძინბა აფხაზეთში სარკინიგზო მაგისტრალების დაცვის მიზნით საჯარისო ფორმირებების შესვლის აუცილებლობაში. საუბედუროდ, ეტყობა, არც გამსახურდიას და არც შევარდნაძეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არ აძლევდა საშუალებას, რომ მათი ძალისხმევა უფრო მიზანსწრაფული ყოფილიყო აფხაზეთის მიმართ. თუმცა, არა მგონია ამას გადამწყვეტი როლი ეთამაშა ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად, რადგან ამისთვის საერთო ენის გამონახვა საჭირო იყო არა სეპარატისტებთან, არამედ მოსკოვთან. ხოლო ეს უკანასკნელი რას მოითხოვდა სანაცვლოდ, მგონი ყველასთვის კარგად არის ცნობილი.
- პარალელურად, სხვა პროცესებიც ვითარდებოდა. აფხაზური სეპარატიზმის ერთ-ერთმა იდეოლოგმა და ლიდერმა, ტარას შამბამ, რომელიც წლების მანძილზე მოსკოვში ცხოვრობდა და ახლაც ცხოვრობს, 1992 წლის ივლისს წერილით მიმართ საქართველოს ხელისუფლებას. ეს წერილი პრესაში კი გამოქვეყნდა, მაგრამ სამწუხაროდ, პირადად მე თბილისის ვერც ერთ ბიბლიოთეკაში ვერ ვიპოვე. როგორც ჩანს, იმხანად თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობები იმდენად მოშლილი იყო, რომ სოხუმში გამომავალი გაზეთების არც ერთი ეგზემპლარი თბილისში აღარ ჩამოდიოდა. ამ წერილში, რამდენადაც მახსოვს, ტარას შამბა საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას ერთი მხრივ აფხაზეთში არსებული ვითარების აღიარებას, თბილისსა და სოხუმს შორის ფედერალური ურთიერთობების დამყარებას და თბილისში აფხაზეთის საელჩოს გახსნისკენ მოუწოდებდა...
- 1992 წლის 13 ივნისს გაზეთ "აფხაზეთში" გამოქვეყნდა წერილი "აფხაზეთის რესპუბლიკის და საქართველოს რესპუბლიკას შორის ურთიერთობათა საფუძვლების შესახებ", ტარას შამბას ხელმოწერით. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტს ხელს აწერდა კონკრეტული პიროვნება, როგორც კერძო პირი, ნათელი იყო, რომ ამ დოკუმენტის გამოქვეყნებას ჰქონდა ორმაგი დარტვირთვა. პირველი - ფაქტობრივად, სეპარატისტები საქვეყნოდ აცხადებდნენ, რომ ისინი მზად არიან, ცალმხრივად გავიდნენ საქართველოსთან მიმართებაში სულ სხვა ურთიერთობებზე, ვიდრე ეს არის გათვალისწინებული საქართველოს და ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, რომლითაც აფხაზეთის სტატუსი განისაზღვრებოდა, როგორც ავტონომიური. მეორე - მას ჰქონდა სუფთა პროპაგანდისტური მიზნები. საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დაემალათ თავისი სეპარატისტული მისწრაფებები, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიების დაყოფასა და საზღვრების გადახედვისკენ. სხვათა შორის, არძინბა სწორედ ამ მიზნით მრავალჯერ ახსენებდა ამ დოკუმენტს და ამტკიცებდა, რომ აფხაზეთი კი არ გადის საქართველოს შემადგენლობიდან, არამედ სურს გაერთიანდეს მასთან ახალი ხელშეკრულების საფუძველზე. ამ განცხადებების აბსურდულობასა და სუფთა პროპაგანდისტული დატვირთვის დამადასტურებლად მოვიყვან მხოლოდ ერთ ამონარიდს დოკუმენეტიდან.
"მხარეები აღიარებენ საქართველოს და აფხაზეთს სუვერენულ სახელმწიფოებად და სრულუფლებიან მონაწილეებად საერთაშორისო და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში".; "მხარეები სხვა სახელმწიფოებთან დამოუკიდებლად დებენ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს...".
ამ დებულების შემდეგ ყველა დანარჩენ პუნქტებს, მათ შორის მე 3-ე პუნქტს, სადაც საუბარია "საქართველოსთან ნებაყოფილობით გაერთიანებაზე", არავითარი აზრი არა ჰქონდა. იმასაც დავსძენ, რომ ამავე ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო "აფხაზეთის მოქალაქეობა", აფხაზური ჯარის შექმნა და მისი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისთვის დაქვემდებარება. "აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობის მცნების" შემოტანა, რომლის პატივისცემის ვალდებულებას იღებდა ორივე მხარე და პირობას დებდა, რომ არ ჩაერეოდნენ ერთმანეთის შიდა საქმეებში და სხვა. ნათელი გახდება, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე აფხაზეთი წყვეტდა თავის არსებობას საქართველოს შემადგენლობაში და ყალიბდებოდა როგორც დამოუკიდელი სახელმწიფო.
- რამდენადაც ცნობილია, ფედერალური ურთიერთობების დამყარებაზე ვლადისლავ არძინბასთან კონსულტაციები ჰქონდათ თბილისიდან სოხუმში მივლენილ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ლიდერებს. თქვენი ინფორმაციით, რამდენად დიდი იყო იმის ალბათობა, რომ საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობები გამიჯნულიყო და საქართველოსა და აფხაზეთს შორის ფედერალური ურთიერთობები დამყარებულიყო?
- დიახ, ჩემთვის ცნობილია, რომ ასეთი მცდელობები იყო ცალკეული პოლიტიკური პარტიების და არაფორმალური მოძრაობების ლიდერების მხრიდან, მაგრამ ისინი ძირითადად, ცდილობდნენ ემუშავათ აფხაზეთის არაფორმალურ ორგანიზაცია "აიდგილარას" აქტივთან. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ "აიდგილარას" შექმნელი და მასაზრდოებელი რუსეთის სპეცსამსახურები იყვნენ, ადვილი მისახვედრია, თუ რა შედეგი უნდა მოჰყოლოდა ამ კონტაქტებს. ერთი რამ არ უნდა დავუკარგოთ სეპარატისტებს, ისინი ყველა საშუალებას იყენებდნენ, რომ შეექმნათ მოჩვენებითი სურათი იმისა, თითქოს დაინტერესებულნი არიან ქართველებთან მშვიდობიანად, პოლიტიკური გზით გადაწყვიტონ ყველა საკამათო საკითხები. მაგრამ სინამდვილეში, არც ერთ საკითხზე, არც ერთი ნაბიჯთი არ დაუხევიათ და არასდროს კომპრომისზე არ წამოსულან. მხოლოდ საარჩევნო კანონის მიღებისას და თანამდებობის პირების დანიშვნის წესის განსაზღვრის საკითხში გადადგეს კომპრომისული ნაბიჯები, ისიც, როგორც ცხოვრებამ აჩვენა, მხოლოდ ტაქტიკური მოსაზრებებით. როგორც კი არძინბა არჩეულ იქნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ, ეს კანონები სანაგვე ყუთში მოისროლეს. ამაზე უკვე დაწვრილებით ვისაუბრე და აღარ განვმეორდები.
ერთი რამ ცხადზე ცხადია - ყველაზე მძიმე დიალოგი ყოველთვის სჯობია გაბუტვას და უკონტაქტობას. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დიალოგი რომ შედეგიანი ყოფილიყო, საჭირო იყო ორივე მხარის სურვილი და რუსეთის კეთილი ნება, რაც არ გააჩნდათ როგორც სეპარატისტებს, ისე რა თქმა უნდ,ა რუსეთს. მათი მიზანი იყო მოჩვენებითი აქტიურობის შექმნა და რაც შეიძლება მეტი დროს მოგება. დრო კი რუსეთზე მუშაობდა. რუსეთის რეაქციული ძალები თანდათან იკრებდნენ ძალას და სულ უფრო მეტად კვალიფიციურად წარმართავდნენ პროცესებს მათთვის სასურველ ჭრილში. საქართველო კი, სულ უფრო ღრმად და განწირულად ეფლობოდა ურთიერთდაპირისპირების ჭაობში. ეს კი, რა თქმა უნდა, ხელ-ფეხს უკრავდა ნებისმიერ ხელისუფალს, იქნებოდა ეს გამსახურდია თუ შევარდნაძე. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ადგილი ჰქონდა აშკარა ღალატს და ქვეყნის ინტერესების გაყიდვას, როგორც გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის, ასევე აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ალბათ, ამ საკითხზე პასუხის გაცემა არც ერთ კეთილსინდისიერ ადამიანს არ გაუჭირდება.
- 2003 წელს, გადადგომის შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ არაერთხელ გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ იგი საომარი მოქმედებების დაწყებამდე სოხუმში პირადად არ ჩავიდა. თქვენი აზრით, შევარდნაძე რომ სოხუმში ჩასულიყო, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა აფხაზეთში საომარი მოქმედებების თავიდან აცილება?
- არც ერთი სერიოზული ადამიანი ამ კითხვაზე კატეგორიულ უარყოფით ან დადებით პასუხს ვერ გასცემს. სანანებლად არა მარტო შევარდნაძეს, არამედ საქართველოს ყველა ჭეშმარიტ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საქმე, თუკი ჩავთვლით, რომ მისი ჩასვლით სოხუმში ომის აცილება შესაძლებელი იყო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასე მსჯელობა შეუძლია მხოლოდ საქმეში ჩაუხედავ ობივატელს. რა თქმა უნდა, სოხუმში ჩასვლა და დიალოგი სეპარატისტებთან არაფერს არ გააფუჭებდა, რადგან იმ დროისთვის უკვე გაფუჭებული იყო ყველაფერი, რისი გაფუჭებაც კი შესაძლებელი იყო. მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, თუ რა მდგომარეობა იყო 1992 წლის 14 აგვისტოსთვის აფხაზეთში - ეთნიკური ნიშნით გაყოფილი აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, ეთნიკური ნიშნით დაყოფილი ორგანიზაცია-დაწესებულებები, სეპარატისტების მიერ უზურპირებული აფხაზეთის მინისტრთა საბჭო, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებული სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და მის საფუძველზე მიღებული ათობით სეპარატისტული აქტები და ბოლოს, 1992 წლის 23 ივლისს 1978 წლის აფხაზეთის კონსტიტუციის გაუქმება და 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკვე შექმნილია სეპარატისტული შეიარაღებული ფორმირებები, რომელთა ძირითად ძალას წარმოადგენდნენ კრიმინალებისგან შემდგარი დამრტყმელი ფორმირებები და მათ ხელშია უკვე აფხაზეთში განლაგებული რუსეთის საჯარისო ფორმირებების კუთვნილი შეიარაღება. ამ დროისთვის, არა მარტო კრიმინალებისგან შემდგარი ფორმირებები, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროც სეპარატისტების ხელშია. მათ მიერ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინიტროს შენობაზე 24 ივნისს განხორციელებული ბანდიტური თავდასხმის შედეგად. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ ვითარებაში შევარდნაძის სოხუმში ჩასვლა ერთი ხელის მოსმით შეაჩერებდა პროცესებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. პირადად მე, მათ რიცხვს არ მივეკუთნები. პროცესების შესაჩერებლად საჭირო იყო არა მარტო სოხუმში, არამედ პარალელურად და პირველ რიგში, მოსკოვში იმ პირებთან სიარული და ისეთ დათმობებზე წასვლა, რაც სამუდამოდ დაასამარებდა საქართველოს, როგორ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს მომავალს. თუმცა ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ შემთხვევაშიც მოსკოვი საქართველოსთვის სასიკეთო ნაბიჯებს გადადგამდა.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ, როდის, რა ვითარებაში და ვის მიერ იყოა მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთში რკინიგზის დაცვის მიზნით საჯარისო ფორმირებების შეყვანის შესახებ? შევარდნაძე ამბობს, რომ არძინბა საქმის კურსში იყო. თუმცა ცნობილია, რომ როგორც კი ქართული შენაერთები აფხაზეთის ტერიტორიაზე შევიდნენ და მათ ოხურეისთან აფხაზურმა გვარდიამ ცეცხლი გაუხსნა, არძინბამ ადგილობრივი ტელევიზიით "ოკუპანტ საქართველოსთან" სამამულო ომი გამოაცხადა. შესაძლოა, შევარდნაძე სულაც არ ტყუის, მაგრამ გამოდის, რომ არძინბამ იგი მოატყუა, შევარდნაძეს ჯარები აფხაზეთში შეაყვანინა, როგორც თავად არძინბა აცხადებდა - აიძულა პირველად ცეცხლი ქართულ მხარეს...
- პოლიტიკურ ვაკჰანალიას არ შეიძლებოდა, რომ არ მოჰყოლოდა უარყოფითი ზეგავლენა კრიმინოგენულ სიტუაციაზე. გარდა იმისა, რომ გაიზარდა საერთო დამნაშავეობა, კატასტროფულად იმატა მძიმე სახის სისხლის სამართლის დანაშაულმა. ფაქტობრივად არ დარჩა არც ერთი ორგანიზაცია, წარმოება, რომ არ დაეყაჩაღებინათ, ან არ გაეტანათ მათი კუთვნილი ქონება. ამასთან ერთად შეუქცევადი ხასიათი მიიღო მატარებლების ძარცვა-დაყაჩაღებამ ფსოუდან დაწყებული ენგურამდე. თითქმის ყველა ტერიტორიაზე აფეთქებდნენ ხიდებს, რკინიგზის ლიანდაგებს. ვერც ერთ რაიონში, ქალაქში თუ სოფელში სამართალდამცავი ორგანოები, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა უტყუარი ოპერატიული მონაცემები დამნაშავეთა შესახებ, მათ დასაკავებლად ღონისძიებას ვერ ატარებდნენ, რადგან მაშინვე თავს ყოფდნენ ე.წ. პარტიული ლიდერები და ამას აძლევდნენ პოლიტიკურ შეფერილობას. მარტო რკინიგზის მაგისტრალზე ჩადენილი დანაშაულებების შედეგად სომხეთსა და აზერბაიჯანს 12 მილიონი მანეთის ზარალი მიადგა.
1992 წლის 24 ივნისს არძინბას ბრძანებით მისადმი დაქვემდებარებული ბატალიონი თავს დასხა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამ დროს ვიმყოფებოდი თბილისში, სადაც გავდიოდი მკურნალობას და სოხუმში დავბრუნდი 25 ივლისს. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა უკვე გაყოფილი იყო ქართულ და აფხაზურ ნაწილებად. აფხაზურ ნაწილს სათავეში ედგა ა. ანქვაბი, ხოლო ქართული ნაწილი ძირითადად განთავსებული იყო ქალაქ სოხუმში, შინაგან საქმეთა სამმართველოში და სოხუმის მინისტრთა საბჭოს დასასვენებელ სახლში. იმ პერიოდში სეპარატისტულ ხელმძღვანელობასთან უშუალო კონტაქტები არ მქონდა. ამიტომ, იმის შესახებ იყო თუ არა შეთანხმება შევარდნაძესა და არძინბას შორის ჯარის შეყვანის თაობაზე, მე არ ვიცი. უფრო სწორად, მე არ ვყოფილვარ ასეთი შეთანხმების მოწმე, მაგრამ იმხანად აფხაზეთის უშიშროების ხელმძღვანლის ავთანდილ იოსელიანისგან ვიცოდი, რომ ამ თემაზე შევარდნაძესა და არძინბას შორის სატელეფონო საუბარი იყო და პრინციპში მიღწეული იყო შეთანხმება. თუ როგორ განვითარდა ამის შემდგომ მოვლენები, მე მგონი ყველამ კარგად იცის.
ამ თემაზე მე მხოლოდ ერთს დავამატებდი - როცა ჯარი უკვე სოხუმში იყო შემოსული, მე, ისევე როგორც ყველა დანარჩენი, მოწმე გავხდი იმისა, თუ როგორ იყო მიყრილი სოხუმში თბილისის გზატკეცილზე ქართული ჯარის ჯავშანტექნიკა, ტანკები, ქვემეხები და მანქანები. როცა ვერც ერთ მეთაურთან ვერ შევძელი კონტაქტში შესვლა და ელემენტარული წესრიგის დამყარება, დავრეკე თბილისში და ვესაუბრე შევარდნაძეს. ვუთხარი, თუ რა მდგომარეობა იყო ქალაქში, რომ სამხედრო ნაწილები შემოსული არიან სოხუმში, მაგრამ ტექნიკა ქუჩაშია დაყრილი და პასუხისმგებელი პირი არსად ჩანდა.
ვთხოვე გაეცა განკარგულება სამხედრო ხელმძღვანელობისთვის, რომ გამოსულიყვნენ ჩვენთან კონტაქტზე. პასუხად შევარდნაძემ აღშფოთებით მითხრა, - მე წარმოდგენა არა მაქვს თუ რასთან გვაქვს საქმე (გულისხმობდა სამხედროებს) და დაჟინებით მთხოვა, ყველაფერი მეღონა, რათა ჯარი ქალაქიდან გასულიყო და ქალაქგარეთ დაბინავებულიყო. ამასთან, დამავალა როგორმე მომეძებნა თენგიზ კიტოვანი და გადამეცა, რომ იგი შევარდნაძეს დაკავშირებოდა. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენ კიტოვანი ვერ მოვძებნეთ, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ის გამოჩნდა, სოხუმში საომარ მოქმედებებს უკვე მიღებული ჰქონდა შეუქცევადი ხასიათი...