აკაკი გასვიანი: “სიცრუით პყრობილი“

 

P.S #3.

 

1. ურცხვი რაც არ უნდა ამხილო, არად აგდებს ამას. თვითონ კი სხვას სიცოცხლეს, რომ უწამლავს, ხარობს. მისთვის არ არსებობს შეგონება:  „სიცრუე და ორპირობა ავნებს სულსა, მერმე ხორცსა“. და განაგრძობს ცილისწამებათა თხზვას, ანუ ჩადის მომაკვდინებელ ცოდვას.

 

2. აფხაზეთის მთელი უმაღლესი საბჭო შემომესიაო, ჩივის სერგი საჯაია. ის კი „ავიწყდება“ რომ უკლებლივ ყველა დეპუტატს, თანამშრომლებსაც უწოდა ჯოგი, ხროვა, სამშობლოს მოღალატე, კორუმპირებული, ერთჯერადი სახმარი ნივთები, ზოგს-აშკარად, დაუფარავად მამათმავალი, ცოლგაბოზებული, დედაგაბოზებული, რუნგუ და ა.შ. და ა.შ.  რაღაც ახალი სიტყვაც  იხმარა: „შესირიღინებული“. რა პროცესს აღნიშნავს ეს სიტყვა, ჩემთვის გაუგებარია აგვიხსნას მაინც, რახან გაწაფულია და ძალიან უყვარს ამგვარი სიტყვების ხმარება. სოხუმის პარკებში ასწავლეს ასეთი მარაზმული ლექსიკონის გამოყენება?  რა, ბილწსიტყვაობა ყიამყრალობა არ არის? ამგვარობა ქრისტეს მხედრობა თუ ქრისტეს ფეხისმკვნეტელობაა? ამის გამო მიიღო მან ყველასგან წყევლა- კრულვა და რისხვა.

 

3. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, მთავრობის, პროკურატურის, კონტროლის პალატის...არც ერთი სტრუქტურა არ დატოვა ს.საჯაიამ, სადაც არ დაწერა საჩივარი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოზე, ზემოთ მოყვანილი ბრალდებებით. კორუფციააო აქ გაშლიგინებული. დაასახელოს, ხელფასის გარდა ვის რა გვაქვს შემოსავალი? დიდხანს მუშაობდა იგი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში და თურმე წერდა ე.წ. წიგნებს ამავე ბრალდებებით. მიზანი: უმაღლესი საბჭოს დაშლა. აი ეს არის ქამელეონობა და სუკის დავალება. ძალიან დიდხანს ითმინეს დეპუტატებმა და ბოლოს მის საჩივრებს პასუხი გასცეს.

 

4. ამის შემდეგ დაიწყო პასკვილების წერა, თითოეულ დეპუტატზე თხზავს და თხზავს სიბინძურეებს.

 

5. მე მწამებს კორუპციის მფარველობას, გია გვაზავასადმი თანადგომას. საქართველოს პროკურატურამ და კონტროლის პალატამ შეამოწმეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დამოკიდებულება ფინანსური ოპერაციებისადმი. ვერსად აღმოაჩინეს ინტერესთა სამართლებრივი კონფლიქტი. რა უფლება მქონდა , არ დავთანხმებულიყავი მათ დასკვნებს? და მეც ს.საჯაიას სჩივრებზე პასუხს ხელი მოვაწერე, ოღონდ მაინც ასეთი მინაწერით:  ვეყრდნობი კონტროლის პალატის დასკვნას. აი, თურმე ამიტომ „ვმფარველობ“ კორუპციას.

 

6. აკადემიური კრიტიკა გონიერთათვის მისაღებია და სასარგებლო. მაგრამ ცილისწამება, ისიც ზღვარგადასული ბილწსიტყვაობით, მიღრანჭ-მოღრანჭული ქილიკით, უხამსი შედარებებით, მაზოხისტური გამოვლინებებით... ლუციფერის მსახურის თვისებებია. კაცი სიტყვის კულტურით ფასდება, როგორი სიტყვებითაც საუბრობს და წერს, ისეთივეა მისი ბუნება. აი, როგორი იქედნურობით წერს ს.საჯაია ჩემს შესახებ: „გ.გვაზავასთვის ამჯერად ხმის რაოდენობისთვისაა მოლაქუცებული ინახში... პასუხსაც გავცემ ა.გასვიანის მეც ნახირ-ნახირაოს წესით შემონაღრენებს“. ამისთანებს რომ წაიკითხავ, მუშტები უნებლიედ აგიქავდება. ეს სურს მაგასაც, უნდა გამოგიყვანოს წონასწორობიდან. მაგრამ რა მაჩერებს? დათა თუთაშხია მახსენდება ამ დროს, პროვოკატორმა ღვინო რომ შეასხა, დაფიქრების შემდეგ უპასუხა: არ ღირხარო. დიახ, არ ღირს ს.საჯაია სუფთა ხელის გასვრად.

 

7. დაკნინებით ახსენებს ჩემს „სულთმცოდნეობას“. 2004 წელს მანვე შემომთავაზა მოხსენების წარდგენა „საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ“ მიძღვნილი კონფერენციისათვის. თემა ფილოსოფიურ-კოსმოლოგიურ საფუძვლებზე იყო აგებული. კონფერენციის თემატიკას რომ გავეცანი, დავრწმუნდი, ჩემი თემის გააზრებისათვის დრო არ იყო მომწიფებული. ამიტომ მოხსენება მე თვითონვე გამოვიწვიე. მაგრამ 2011 წელს სტუ-ში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სლოგანით: „მსოფლიო და კავკასია“, სადაც წავიკითხე და კონფერენციის მასალებში დაიბეჭდა ჩემი მოხსენება: „სულის ფენომენის ფილოსოფიური გააზრება“. 2012 წელს კვლავ სტუ-ში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ინიციატივით ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე წარვადგინე და კონფერენციის მასალებში დაიბეჭდა ჩემი მეორე მოხსენება: „თავისუფლება და რელიგიური კონფესიები“. 2012 წლის 5 დეკემბერს მივიღე ერთგვერდიანი „Отзыв на дайджест „ „спиральное  движение вселенной“ - 9стр. ორიოდე წინადადებას გთავაზობთ აქედან:

 

„перед нами дайджест большой работы. Но уже этот текст дает представление о потенциале подобного иследования “. და აღიარებენ ჩემს დასკვნას: „физические поля, и вообще  все  материальное пространство окружено невещественными, информационными полями. Информационное поле как раз соответствует значению абсолюта“ (ღმერთის).

 

„я восхищен пределанной работой  и думаю что в период продвижения научной мысли к биоэнергоинформатике работа такого масштаба послужит  дальнейшему развитию науки“ (генеральный директор Независимого  международного центра радиационной и биологической безапасностей).

 

აი, ეს არის სწორედ ნამდვილი სულთმცოდნეობა.

 

ამის  შემდეგ მაქილიკოს მაგ საცოდავმა და ცოდვილმა.

 

8. სვანებისადმი სიძულვილს ვაბრალებო, ახლა უკან დაიხია და 1993 წელს გაზეთ „აღდგომაში“ გამოქვეყნებულ წერილებსა და თავის ადრინდელ ე.წ. „პოლიტოლოგიურ წიგნებში“ გამოქვეყნებულ ნაწერებს იმოწმებს, რომლებშიც მართლაც შედარებით ნორმალური მსჯელობაა 1993 წლის სექტემბერში საკენ-ჭუბერის უღელტეხილზე შექმნილი ვითარების შესახებ. მაგრამ მისი ბოლოდროინდელი პასკვილები ამხელენ მას სვანთმოძულეობაში.

 

9. თვითონ იგონებს და მერე აცხადებს განაგონად: თურმე მე-2 ბატალიონს ვესტუმრე და მეგრელი მებრძოლების საიმედოობა ეჭვქვეშ დამიყენებია. აი, ეს არის სუკის ხელწერა. (ყველამ იცის დღეს აგენტურული ქსელის მეთოდი: აგენტს გარკვეულ ზღვარამდე ნება ეძლევა, აგინოს მისი მფარველი. ეს ნიღაბია). მე-2 ბატალიონმა გმირული გზა გაიარა, რადგან მასში გაერთიანებული იყვნენ უმამაცესი მეგრელები, რაჭველები, ლეჩხუმელები, სვანები და საქართველოს სხვა კუთხის შვილები. მე-2 ბატალიონმა მხოლოდ 26 სექტემბერს, ჩემთან შეთანხმებით, დაიხია უკან, ალყაში რომ არ მოქცეულიყო.

 

10. 1990 წლიდან, სოხუმში რაც ჩატარდა „ლემის“ ყრილობა, გამოკვეთილად დავიჭირეთ ზვიად გამსახურდიას მხარე და  მაინც წერს ეს ცილისმწამებელი, რომ მე ჯ.იოსელიანის გულის მოგებას ვცდილობდი, კოდორის ხეობაში სვანურ ქუდებს ერთად ვიხურავდითო. ამაზე წინა პოსკრიპტუმში პასუხი უკვე გავეცი, კოდორის ხეობაში ჯ.იოსელიანი საერთოდ არ მინახავს და შემიძლია მხოლოდ დავამატო: რაღაც მოლანდებები ხომ არ დასჩემდა ცილისწამებების მოგონებით გადაღლილს? ფსიქოლოგიაში დადასტურებულია ასეთი მომენტები.

 

11. ნაღდ მოლანდებებთან, ან გამიზნულ პროვოკაციასთან გვაქვს საქმე, როცა წერს: თურმე ჯ.იოსელიანი და მე ვესტუმრეთ „დიდ“ ეროვნულ ფიგურას ს.საჯაიას და ვთხოვეთ ზვიადის წინააღმდეგ „ამხედრება“. ჯერ ერთი, სასაცილოა მოსასმენადაც კი, რომ ჯ.იოსელიანი სერგი საჯაიას ემათხოვრებოდა თანადგომაში. მეორე, ჯ.იოსელიანი იმ დროს დანასისხლად იყო ჩემზე გადაკიდებული და მე მას როგორ უნდა ვხლებოდი?! მესამე, კვირაში ზვიადს ერთხელ მაინც ვხვდებოდი, ყველა აფხაზეთელი მახსოვს და სერგი საჯაია იქ ახლომახლო არსად რომ არ მინახავს?!

 

12. მოლანდებებთან, ან პროვოკაციასთან გვაქვს საქმე, როცა წერს, რომ კოდორის ხეობაში „შვეულმფრენით ჩაფრენილ ე.წ. (რატომ იმეორებს სეპარატისტების გამოთქმას „ე.წ“?) აფხაზეთის ხელისუფლებას, რომელსაც მაშინ პირადად ბატონი კაკოც წარმოადგენდა, სულ პანღურის ცემითა და კეტების რტყმით გამოაძევეს. რამდენადაც ვიცი, ა.გასვიანი ამის გამო იქ დიდხანს ვერ ჩადიოდა“. აფხაზეთის მთავრობის კოდორის ხეობაში ჩაფრენა ვიღაც პროვოკატორმა დაგეგმა. მას სცოდნია, რომ ინციდენტი დაგეგმილი იყო. ამიტომ მე და აწ გარდაცვლილი დეპუტატი კიმ ჯაჭვლიანი იქ წამსვლელთა სიაში არ შეგვიყვანეს, ცხადია, არც გაგვაფრთხილეს. ჩვენ გაოცებული ვეკითხებოდით ერთმანეთს, რატომ აგვიარეს გვერდი? ალბათ, იმის გამო, რომ უმაღლესი საბჭოდან არავინ წაიყვანეს, მხოლოდ მთავრობა გაემგზავრა? შემდეგში ნათელი გახდა: ჩვენი გამგზავრების შემთხვევაში ამ ინციდენტს ავირიდებდით,ამიტომ დაგვტოვეს. ორი თუ სამი დღის შემდეგ მე კოდორის ხეობაში ვიყავი და საგანგებო თათბირი მოვიწვიე, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

 

13. 1989 წლის 15 ივლისს „ლემის“ იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია ჩამოვაყალიბეთ. შეკრება წყალტუბოს რაიონში ჩატარდა. მეორე დღეს, 16 ივლისს, გავიგეთ, რომ სოხუმში ტრაგედია დატრიალდა. ეგრევე გამოვეშურეთ. სოხუმში „ლემელთა“ ასკაციანი ჯგუფი დავტოვეთ. აი, წელზემოთ გახდილმა ამ ვაჟკაცებმა და დეპოელებმა განაიარაღეს სეპარატისტები და სოხუმიდან გარეკეს. ანტიქართული ძალები ამ მოვლენამ შეაშფოთა და გადაწყვიტეს: „ლემი“ უნდა ჩაძირულიყო. როგორ? მისი დისკრედიტაციით. და მაინცდამაინც კომკავშირის მე-15 ყრილობის სახელობის ტურბაზის დირექტორმა გ.მეშველიანმა დაიწყო ჭორების გავრცელება: აკაკი გასვიანი, „ლემის“ თავმჯდომარე, მთავრობის მოედანზე შეხვედრია სეპარატისტთა ლიდერებს გუდაუთიდან ჩამოფრენილ ვერტმფრენში და მოღალატურ გარიგებებზე მიდიოდაო. დიახ, როცა მდინარე ღალიძგას მივადექით, გამოვიძახე უცხო პლანეტელები, ჩამსვეს  მფრინავ აპარატში, ელვისებურად სოხუმში მთავრობის მოედანზე დამსვეს, შემახვედრეს სეპარატისტთა ლიდერებს და შემდეგ კვლავ ელვისებურად ღალიძგასთან გადმომიყვანეს. ხომ კარგი ზღაპარია?

 

14. „სხვებზე ჭკვიანი ხართ მაგ ჯოგში“- წერს ჩემზე. მაინც ჯოგის წევრად მრაცხს ეგ ბილწმესიტყვე. მე იმდენი გამოცდილება მივიღე, „სამ-სამი კაჭა“ (მისი სიტყვებია), კი არა, ცხრა-ცხრა რომ დამიგონ დღეში მაგისნაირებმა და ნებისმიერმა, ვერას მიზამენ. და კვლავ სიბილწე: „არ მემეტებით ერთჯერადი გამოყენების ნივთად“... და „მ.სააკაშვილის მხარდამჭერად“. მაბეზღარას სვლაა, ხომ? მ.სააკაშვილის როგორი „მხარდამჭერიც“ ვიყავი, თავადვე კარგად იცის. მაგრამ ახლა ასე სჭირდება მას: ახალი მთავრობის წინაშე დისკრედიტირება ხომ უნდა გაუწიოს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს!  აქაც მწარედ შეცდა: თუ როგორი „მხარდაჭერა“ გავუწიე მ.სააკაშვილს, ამის შესახებ კარგად არიან ინფორმირებული „ქართულ ოცნებაში“.ასე, რომ კოვზი კვლავ ნაცარში ჩაუვარდა ცილისმწამებელს.

 

15. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობიდან მე კი არ გამათავისუფლეს, არამედ გადამირჩიეს.როტაცია წესია. მხოლოდ ჩემს მიმართ გამოყენებული ილეთები არ იყო მართებული. ირკვევა, მითითება მოდიოდა მ.სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან. მე ვთვლიდი, საკადრო ბალანსი აფხაზეთის მოსახლეობის დემოგრაფიული შეფარდებით ყოფილიყო დაცული. ეს არ იქნა გათვალისწინებული. მაგრამ მე არ შემიქმნია ამის გამო რაიმე კონფრონტაციულობა ჩემს კოლეგებთან. პირადულობას ყოველთვის ვაყენებდი საერთო ინტერესებზე დაბლა.

 

16. „ცუდკაცობის“ იმიჯს თავად იქმნის სერგი საჯაია, როცა დაუსრულებლივ ილანძღება, ითათხება. აბა, სად ვიხმარე მისებური დამპალი სიტყვები? ზრდილობის ნატამალი თუ გააჩნია, ბოლოსდაბოლოს როგორ მიბედავს ეს მართლაც ცრუ და მეჭორავე, პირწავარდნილი ცილისმწამებელი ვიღაცეების „ხელისბიჭობას“, „პო სიტუაციობას“, ვიღაცეების „ბარიკადობას“... უხამსობა რომ არ ჰქონდეს თავად „გაჩხერილი ყიაში“, ამდენ სიბინძურეს არ ამოანთხევდა მაშინ.

 

17. სხვებს და ჩვენც გვაბრალებს ზვიადის ღალატს. მაგან და მაგისთანებმა ყველამ მიატოვეს ზვიადი და შეატოვეს ე.შევარდნაძის დამქაშებს. აი, ეს იყო კლასიკური ღალატი. როცა ზვიადი ჩამოვიდა საქართველოში - სამეგრელოში, ერთიანად მიაფრინდნენ მას, როცა გაუჭირდა, სოროებში მიიმალნენ, მათ შორის ს.საჯაიაც. აი, ეს იყო კლასიკური ღალატი.

 

18. ამ დროს მე კოდორის ხეობის დაცვით ვიყავი დაკავებული.კვირაში ერთხელ მივფრინავდი აჟარაში.შვიდჯერ შემოგვიტიეს ანტიქართულმა ძალებმა, შვიდჯერვე გავიმარჯვეთ. ამ გამარჯვებას ორგანიზება სჭირდებოდა, სადღეღამისო მუშაობა სჭირდებოდა. დიდი იყო საფრთხე, საკენ-ჭუბერის უღელტეხილზე გადაფრენისას მტერს შეეძლო ჩვენი ვერტმფრენის ჩამოგდება რაკეტით. 15 წუთი მართლაც დაძაბული ვიყავით. ვფიქრობდი: თუ ჩამოგვაგდებდნენ და ცოცხალი დავრჩებოდით, საით წავსულიყავით, ჭუბერი იყო უფრო ახლოს თუ საკენი? და ეს მართლაც ნახირ-ნახირა, რომელიც მთელი ის ურთულესი წლები არსად გადამყრია, როგორც ამბობენ, გამოძიებას ემალებოდაო, ახლა მსაჯულად არ დამიდგა?

 

19.  და კვლავ იმუქრება: რიყის ქვები სასროლად შეგროვილი მაქვსო. მისსავე წუნწუბში, რომელშიც  იგი ამაყად დგას, ამოვლებული რიყის  ქვები კარგად შეინახოს, თორემ ჩემგან ნამდვილად ლოდები მოუბრუნდება. უბრალოდ თავს ვიკავებ, არ მინდა დავემსგავსო მას. რა, ჩვენ მასზე არაფერი გაგვიგონია და არაფერი ვიცით? უჯობს, გაჩუმდეს.

 

20. კიდევ რაღაც რაღაცეებს მიედ-მოედება, მაგრამ იმდენად დაწვრილმანებული და დაჭორიკანებულია, რომ ნულს ქვემოთ იმყოფება და იქამდე არ დავეშვები. მაგალითად, ჩემი ვაჟი მეტროში შეხვედრია და გადამეხვიაო. ტყუილი, მხოლოდ ხელი ჩამოურთმევია. იმან არ იცის, რომ მამას ულანძღავს, თორემ რომელი ტორიც გაუწოდა, იმას სახეში თხლეშდა, ისეთი ტიპია. ასევე ერეკლე საღლიანი ორი საათი იჯდა ჩემთან 16 დეკემბერს, სიტყვა არ დაუძრავს მაგ ცრუზე, კარგად იცნობს მაგას და ამიტომ, ასევეა შერმადინ ქალდანიც. მისივე სიტყვებით, მათთანაც ქარაგმულად ავყიობდა თურმე ჩემზე. აქამდე ვერ დარწმუნდა, რომ მისი ნათქვამი ერთი სიტყვაც არავის სჯერა? რაღაც ფულების სესხება-გამოსესხებაზე, ჰუმანიტარულ დახმარებაზე ბოდავს. არც ერთთან მქონია საქმე და არც მეორესთან. მოკლედ, ჭორაობს და ჭორაობს ორღობის დედაკაცივით, არ ისვენებს ეს ენერგოვამპირი.

 

21. მირჩიეს მასთან კონფლიქტამდე: მაგან არ შეგიყოლიოს კამათში, ისეთი ღრძოა, ყოველგვარი სისაძაგლის თქმას, ყოველგვარ ცილისწამებას რომ იკადრებს და ნერვებს გაგიფუჭებსო.თვითონ კაიაფაა და სხვისი გაწამებით კაიფობსო. ასეც აღმოჩნდა, მაგრამ გაჩუმებას საზოგადოება ან ლაჩრობად ჩამითვლიდა, ან თანხმობად. არადა რაც კი დაწერა ჩემზე, სულ ყველაფერი რომ ცილისწამებაა, ეს ხომ ყველამ არ იცის? და იძულებული გავხდი პასუხი გამეცა, არგუმენტირებული პასუხი ყველა ცილისწამებაზე. თუმცა მადლობელი მაინც დავრჩი: მისი სახით ცილისმწამებელისა და ცოდვილის უბადლო პროტოტიპი დავინახე მხატვრული ნაწარმოებისათვის. მე კი აწი დროსა და ენერგიას არ დავხარჯავ მაგის უმსგავსოებებთან გაპასუხებაში, არ ღირს ამად სერგი საჯაია, ბილწმესიტყვესთან თავის გაყადრება თვითდამცირებაა.

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions