“რუსული მხატვრული ფილმი «Под прикрытием» ხელს უწყობს ეროვნებათაშორისო დაპირისპირების გაღვივებას“ - ასეთი განცხადება გააკეთა ამასწინათ ე.წ. აფხაზეთის სამამულო ომის ვეტერანთა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ “არუაა“. აღნიშნული ფილმი ნაჩვენები იქნა რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე და აღნიშნულ აქტს სეპარატისტი იდეოლოგები მიიჩნევენ რუსეთისა და საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენლების გაერთიანებულ ინფორმაციულ ომს აფხაზეთისა და აფხაზების წინააღმდეგ.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ.
“კულტურის მოღვაწენი (მხედველობაში მაქვს ჭეშმარიტი მოღვაწენი და არა მარიონეტები) ნებისმიერ ქვეყანაში დამოუკიდებელნი არიან და საყოველთაოდ აღიარებულ საკაცობრიო ღირებულებებს ქადაგებენ. მივესალმები, რომ რუსმა კინემატოგრაფისტებმა შექმნეს ნაწარმოები, რომელიც აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ადეკვატურად აფასებს და ამით საერთაშორისო თანამეგობრობას მიანიშნებს რეგიონში არსებული უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაწყვეტის აუცილებლობისაკენ. გასაგებია სეპარატისტული ადმინისტრაციის გაღიზიანება, ამასთანავე მოთხვონა რუსეთის სამართალდამცავი და პოლიტიკური უწყებებისადმი “მკაცრად დასაჯონ აფხაზეთისა და აფხაზების შეურაცხმყოფელი ფილმის ავტორები“, რამეთუ “დამოუკიდებელი აფხაზეთის“ მესვეურებს არ აწყობთ მათ მიერ პროპაგანდირებული “აყვავებული ქვეყნის“ მაგივრად ტრეფიკინგის, ნარკო - და იარაღით ვაჭრობის ბუდედ ქცეული გეოგრაფიული წარმონაქმნის ჩვენება.