ამასწინად გამოქვეყნდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, რომლებშიც გამოკითხულთა 61% უმთავრეს საკითხად მიიჩნევს დასაქმებას, ხოლო რაც შეეხება ტერიტორულ მთლიანობას, მას ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად გამოკითხულთა 34% მიიჩნევს და იგი თითქმის უტოლდება ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თ.ხუბუამ.
„არაერთხელ მითქვამს - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების პრობლემატიკის გადაწყვეტის ფორმულა საკითხის სირთულიდან გამომდინარე ერთობ მარტივია: საყოველთაო სახალხო ნება და სახელმწიფოებრივი მონდომება! ორივე ეს კომპონენტი მაქსიმალურად უნდა იქნას წამორჩენილი. ძალიან მწყდება გული, რომ ქართულმა საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ გაითავისა ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობის მნიშვნელობა. მიკვირს, კიდევ რა მტკიცებულებებია საჭირო იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს ვირწმუნოთ - სანამ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს შემადგენლობაში არ იქნება, საქართველო როგორც ქვეყანა და სუვერენული სახელმწიფო არ შესდგება!“.