აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ემზადება ევროპარლამენტში ღონისძიების -„აფხაზეთი და ევროპა - დაახლოებისა და ურთიერთგაგების გზები“ ჩატარებისათვის. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტში თავისთვის საკონფერენციოდ განკუთვნილ დღეებს აფხაზ სეპარატისტებს ჩერქეზები უთმობენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს თამაზ ხუბუას მიაჩნია, რომ „მიუხედავად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ დაანონსებული აღნიშნული ფაქტის უარყოფისა, დასანანი რეალობაა ევროპარლამენტში შესაბამისი აქციის ჩატარების მცდელობა. ვფიქრობ, დღის წესრიგში უნდა დადგეს ქავეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში ხელშეუხებელი კონცეფციების წინა პლანზე წამოწევა და საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მათი აქტუალობის დაუყოვნებლივ შეხსენება. თორემ რა გამოდის: ჩვენ თავს ვიკლავთ კავკასიაში ჩექეზთა გენოციდის გამო, სასომხეთს ჩვენს უახლოეს მეგობრად ვრაცხთ, ხოლო ჩეხეთის, როგორც სახელმწიფოს მაგალითი, ქართული პოლიტიკის სვლაგეზის განმსაზღვრელად მიგვაჩნია, მაშინ როცა ჩერქეზები აფხაზ სეპარატისტებს უჭერენ მხარს, სომხეთი გაეროში აფხაზეთში დევნილთა უპირობო დაბრუნებას ეწინააღმდეგება, ხოლო ჩეხეთის ელჩი საქართველში თავის ქვეყნის მაგალითის გამოყენებით საქართველოს აფხაზეთად და დანარჩენ საქართველოდ გაყოფას გვათავაზობს. სამწუხაროდ, სხვა მაგალითების მოტანაც შეიძლება. საქართველოს ისტორიული ინტერესები ხომ არ ეწირება ქართული საზოგადოებისა და ხელისუფლების გაუგებარ მცდელობას თითქოსდა ანტიდემოკრატიული ქმდებების იარლიყისგან თავის ასარიდებლად ზედმეტი დიფირამბები ვუკმიოთ ცალკეულ ორგანიზაცებს, პოლიტიკოსებსა და თუნდაც სახელმწიფოებს?!“