თამაზ ხუბუა: “სად იყვნენ პუტინები, მედვედევები და ელცინები, როცა ვინმე სალდაფონი კოლესნიკოვი მთელს მსოფლიოს წინასწარ ჰპირდებოდა სოხუმის და ე.ი. საქართველოს დაჩოქებას?!“

 

ამასწინად სირიის კრიზისთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვ.პუტინმა განაცხადა, რომ „ყოველგვარი სამხედრო ჩარევა გარედან სირიის შიდა პრობლემების მოსაგვარებლად მოიტანს უდანაშაულო ადამიანთა დიდ მსხვერპლს და ეს დაუშვებელია, ეს დანაშაულია“.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თ.ხუბუამ ამ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ადამიანთა მოსალოდნელი დიდი მსხვერპლის დაუშვებლობაზე სწორია, მაგრამ რატომ არ იქნა იგივე პოსტულატი გამოყენებული საქართველოს ერთ–ერთ რეგიონთან – აფხაზეთთან მიმართებაში? სად იყვნენ ეს პუტინები, მედვედევები და ელცინები, როცა ვინმე სალდაფონი კოლესნიკოვი მთელს მსოფლიოს წინასწარ ჰპირდებოდა სოხუმის და ე.ი. საქართველოს დაჩოქებას?! რა პასუხს აძლევენ იგივე პუტინი და მთლიანად რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აფხაზეთში ომისა და პოსტკონფლიქტურ პერიოდში რუსეთის სამხედროების თვალწინ და მათი უშუალო მხარდაჭერით განსაკუთრებული სისასტიკით დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების ჭირისუფალთ? აქვს კი უფლება იმ ქვეყნის პირველ პირს, რომელსაც მეზობელი სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის 20% დაპყრობილი აქვს, გვევლინებოდეს მსოფლიოში მშვიდობის უზენაესი პრინციპების გატარების აპოლოგეტად?!

 

დღემდე ასეთი პასუხგაუცემი კითხვა ბევრი დაგროვდა არამარტო რუსეთის ფედერაციის, არამედ მსოფლიო თანამეგობრობის მიმართაც. და ისინი განსაკუთრებულ ტკივილიან დატვირთვას იძენენ აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებრიობაში საომარი მოქმედებების დამთავრებიდან 20 წლის მიჯნაზე“.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions