რუსეთის ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკას ცვლის და რეგიონში პოლიტიკური დაპირისპირების განეიტრალებას ცდილობს. ამ კონტექსტში დე-ფაქტო სოხუმსა და მის, ერთი შეხედვით, რეაქციულ ოპოზიციას შორის ბოლო პერიოდში უთანხმოების საგანი გახდა 26000 ქართული ეროვნების გალის რაიონის მკვიდრისათვის პასპორტების ანულირების თემა.
ამ საკითხს სოხუმში მრგვალი მაგიდაც კი მიეძღვნა, სადაც ადგილობრივმა და რუსმა ექსპერტებმა ე.წ. ეროვნული უმცირესობის დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე გააკეთეს აქცენტები.
საკითხის გარშემო კომენტარი გააკეთა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა თამაზ ხუბუამ.
,,გამომწვევი ცინიზმისა და შეგნებული უბირობის აპოთეოზად აღსაქმელია სოხუმში ჩატარებული დისკუსიის მონაწილეთა (არა აქვს მნიშვნელობა ოპოზიციაა თუ დე–ფაქტო ხელისუფლება) ზრუნვა აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში, მცხოვრები 26000 ქართველის უფლებების დარღვევის დაუშვებლობაზე, როცა 300 ათასზე მეტი აფხაზეთის მკვიდრის უფლებები და თავისუფლებები იმავე სეპარატისტებისა და მათი გარე მხარდამჭერების მიერ ფეხქვეშ არის გათელილი. ერთ–ერთი რუსი ექსპერტის იური კრუპნოვის აზრით , თურმე ნუ იტყვით და, აფხაზეთში ეროვნული უმცირესობის(!) სამოქალაქო უფლებების დარღვევა, რაც ამ შემთხვევაში მათი პასპორტების ანულირებაში გამოიხატება, ხელს შეუშლის (მიაქციეთ ყურადღება) ,,...აფხაზეთს თავის გეოპოლიტიკურ კონკურენტებთან პაექრობაში აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის ევრაზიისა და ევროატლანტიკურ კავშირებში ინტეგრაციის გზაზე’’. გასაგებია, რომ ეს არამკითხე მთქმელი დაქირავებულია და ამიტომაც ღვრის ,,ნიანგის ცრემლებს მშობლიურ აფხაზეთზე’’, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია სხვა რამ - ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ჭეშმარიტი ზრახვები სულ უფრო გამჭვირვალე ხდება, რაც დღევანდელ აფხაზეთში მაცხოვრებელ პრაგმატულად მოაზროვნე საზოგადოებას უკვე სერიოზულად აშფოთებს. აწუხებს ეს გარემოება ოკუპანტი ქვეყნის ადმინისტრაციასაც. ამიტომაც იგონებს ეს უკანასკნელი მსგავს მრგვალ მაგიდებს ვითომ დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად, სინამდვილეში კი ძირითადი პრობლემებისაგან შეძლებისდაგვარად უსწრაფესი დისტანცირებისათვის.
სიმწრის ღიმილის მომგვრელია, რომ ვინმე ბორშიჭამია კრუპნოვი და ძმანნი მისნი აფხაზეთის მკვიდრ ქართველობას აფხაზეთშივე ეროვნულ უმცირესობად, დაპყრობილად, დამონებულად და ამასთანავე გონებაჩლუნგ (რომლის გაბრიყვება ადვილია) ნაციად მოიაზრებენ!!!’’