რენალდ დგებუაძის გახსენება

 

დღეს, 13 ოქტომბერს 75 წელი შეუსრულდებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს რენალდ დგებუაძეს.

 

ბატონი რ.დგებუაძე დაიბადა გალის რაიონის სოფელ საბერიოში, სადაც ოქროს მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა.

 

1963 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ყაზახეთში ინჟინერ-მშენებლად, 1973-1975 წ.წ.  ენგურჰესის მშენებლობაზე, სხვადასხვა თანამდებობაზე, მომდევნო 10 წელი იმუშავა საქართველოს კპ გალის რაიკომში, ჯერ ინსტრუქტორად, შემდეგ განყოფილების გამგედ და რაიკომის მდივნად, მომდევნო 5 წელი - გალის რაიაღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ, 1991-2004 წ.წ. იყო გალის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე.

 

1991 წელს ბ-ნი რ.დგებუაძე არჩეულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

 

ბ-ნი რ. დგებუაძე გარდაიცვალა 2004 წლის 7 ნოემბერს.

 

ბ-ნმა რ. დგებუაძემ გალის რაიონის და მთლიანად აფხაზეთის საზოგადოებაში წარუშლელი კვალი დატოვა როგორც ღრმად განსწავლულმა, მაღალი პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობის მატარებელმა პიროვნებამ. ის უსაზღვროდ შეყვარებული იყო მშობლიურ სამურზაყანოსა და დედა-საქართველოზე, მძიმედ განიცდიდა იმ ტრაგედიას, რაც აფხაზეთში დატრიალდა. სიცოცხლის ბოლო დღემდე აფხაზეთში ღირსეულად დაბრუნების იმედს არ კარგავდა. თავის გრძნობებსა და განცდებს ბატონი რენალდი გამოხატავდა თავის პოზიციაშიც. ერთ-ერთი მისი ლექსიც ასე მთავრდება:

 

”ჩვენ დავბრუნდებით მტრების ჯინაზე

მხრებგაშლილი და წელგამართული,

კოლხთა ღვთის რჩეულ ბებერ მიწაზე

კვლავ იჯეჯილებს ჯიში ქართული”.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭო

 

რენალდ დგებუაძის ცხოვრება


რენალდ დგებუაძის ცხოვრება სიკეთის, სიყვარულის, პატრიოტიზმისა და პროფესიონალიზმის უშუალო მაგალითია. ყველგან, სადაც კი მოუწია მას ყოფნა, წარსდგა როგორც საკუთარი ოჯახის, მშობლიური გალისა და სათაყვანებელი საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი.

მასში ჩადებულ იდეებს უპირობოდ უწერია განხორციელება ახლო მომავალში, მაგრამ რაოდენ გულდასაწყვეტია, რომ ამ აღმშენებლობისა და მასთან დაკავშირებული ბედნიერების განცდით ნაზიარევ სვლაგეზს ვეღარ შეუყვება ღირსეული მამულიშვილი - ბატონი რენალდ დგებუაძე.

თემურ მჟავია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

 

●  ●  ●

 

რენალდ დგებუაძე იმ კოდის მატარებელი იყო, რომელიც ოდითგანვე მოსდგამდა მის გვარსა და ჯილაგს, - მისი ანასხლეტი, მისი ნაპერწკალი იყო.

ცხოვრებამ, ბედისწერამ დიდი განსაცდელი დაატეხა ჩემს მეგობარს. XX საუკუნის ისტერიამ, ძულვამ ენგურის მარჯვენა ნაპირიდან მარცხენა ნაპირისკენ გამორიყა. ხელის გაწვდენაზე დარჩა მამაპაისეული სახლ-კარი, მოხუცი, ხანდაზმული მშობლები. ეშმა გაბატონდა ძირძველ ქართულ მიწაზე.

წერდა, ფიქრობდა, განიცდიდა. ყოფნა-არყოფნის შექსპირისეული საწამლავით სავსე ფიალა ბოლომდე გამოსცალა, სასოწარკვეთასა და იმედგაცრუებას ებრძოდა.

გენო კალანდია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი,

რუსთაველის და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი

 

●  ●  ●

 

ინტელიგენტურ, კოლხური ტრადიციების ერთგულ ოჯახში აღზრდილი რენალდის პიროვნებაში სრულად გამოვლინდა კოლხი რაინდის ბუნება - ბრძნული სიდარბაისლე და ვაჟკაცური შემართება, აზრის სიმკვირცხლე, შემწყნარებლობა და თანადგომა გაჭირვებულთა მიმართ, ზიზღი ყოველგვარი უკაცურობის, სიმდაბლის, ფარისევლობისადმი.

ყველა, ვისაც თუნდაც ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონია რენალდთან, ერთხმად აღიარებდა, რომ მას ხელეწიფებოდა მეცნიერების ნებისმიერ სფეროში მწვერვალების დაპყრობა და თავისი სიტყვის თქმა.

მურმან ჭედია, გალის რაიონის ყოფილი გამგებელი

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions