არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრება სხვებისგან თითქოს არაფრით გამოირჩევა, მაგრამ საკმარისია რომელიმე მათგანმა დატოვოს წუთისოფელი და იპოვი იმ განსაკუთრებულსა და განსხვავებულს, რომელიც მას გააჩნდა მხოლოდ. სწორედ ამგვარ ადამიანთა გალერეაში აღმოვაჩენთ ქალბატონ რიდი (როზა) ჯოლოგუას, რომელიც ერთი წლის უკან განეშორა წუთისოფელს და იმ მარადიულ სამყოფელში დაიდო ბინა, სადაც სიკეთის სამსახურში მყოფნი იმკვიდრებენ ღირსეულ ადგილს.
უშრეტი ენერგიის პატრონი არასოდეს ყოფილა ჩაკეტილი მისი უშუალო პროფესიული საქმიანობის ჩარჩოში და ყოველთვის გააჩნდა პირდაპირი თუ ირიბი შეხება საზოგადოებრივი ურთიერთობების თითქმის ყველა სფეროსთან, ყველა იმ ფაქტთან თუ მოვლენასთან, რომელსაც განსაკუთრებული საზოგადოებრივი ჟღერადობა გააჩნდა. ალბათ ღირს თვალი გადავავლოთ მის მიერ განვლილ გზას, რომელიც ღირსეულად გაიარა მისთვის დამახასიეთებელი პროფესიონალიზმით, მაღალი პასუხისმგებლობით, მოქალაქეობრივი ღირსებითა და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია სამშობლოს, საქართველოს სიყვარულით.
ცნობილი სპორტსმენი მოფარიკავე, მოგვიანებით არანაკლებ ცნობილი და გამორჩეული მწვრთნელი გახდა, რომელიც ღირსეულად ატარებდა აფხაზეთისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის მაღალ ტიტულს; ქ. გაგრის კომკავშირის მდივნადაც მოუწია მუშაობა, მაგრამ პედაგოგად დაბადებულს მოსწავლე-ახალგაზრდობისაკენ უწევდა გული და მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა გაგრის პიონერთა სასახლეს, გაგრის დაცემამდე კი ბიჭვინთის ქართული საშუალო სკოლის გამორჩეული დირექტორი იყო.
ბუნებით პატრიოტმა და ხასიათით ოპტიმისტმა აფხაზეთში უპირობო დაბრუნების იმედით გააგრძელა საქმიანობა თბილისში. მის მიერ განვლილი გზა და ამ გზაზე მიღებული მრავლმხრივი გამოცდილება შეუმჩნეველი არ დარჩენია დევნილობაში მყოფ აფხაზეთის ხელისუფლებას და მთავარი სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, სადაც როგორც მრავალი იდეისა და პროექტის ავტორმა და უშუალო განმახორციელებელმა თავდაუზოგავად იმუშავა 2004 წლამდე დაგვარწმუნა რა იმაში, რომ არასდროს არ უნდა იყო პასიური, არასდროს არ უნდა თქვა უარი ახალ იდეებზე, არასდროს არ უნდა ჩაკლა შენში ინიციატივის სურვილი და რაოდენ დასანანია, რომ ქალბატონ რიდი ჯოლოგუას სახელის წარმოჩენა წარსულის გადასახედიდან გვიწევს, თუმცა დარწმუნებით გვჯერა, რომ ეს გამოჩენილი პიროვნება არასდროს მიეცემა დავიწყებას მადლიერი თანამემამულეების ცნობიერ სივრცეში.
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
22.03.2017წ.