აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს მიმდინარ წლის 31 მაისს ქალაქ გალში, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) რიგით 46-ე შეხვედრაზე აფხაზური მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამო, რომელიც ეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას.


როგორი საკვირველიც უნდა იყოს, მკვლელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ განცხადება გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში შექმნილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის ფარგლებში, რომლის მიზანს და ამოცანას მსგავსი კრიმინალური ფაქტების განხილვა და შემდგომი რეაგირება წარმოადგენს. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, ამგვარ საკითხებთან დაკავშირებით, მხარეებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლთა აქტიური მონაწილეობით, ადგილზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, ბოლო ხანებში, ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს ან საგრძნობლად შესუსტებულია. სოხუმის „არგუმენტები“ იმის თაობაზე, თითქოს თბილისმა სათანადოდ მომზადებული მტკიცებულებები და მასალები მათ არ გადასცა, მტკნარი სიცრუეა. სოხუმის მხარეს გადაეცა სამართლებრივი მასალები, რომელშიც გამოწვლილვით არის შესწავლილი გამოძიებისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტაცია, რომ აღარაფერი ვთქვათ, უტყუარ მტკიცებულებებზე -ვიდეო ჩანაწერი, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა და დე-ფაქტო ხელისუფლებას ხელთ აქვს.

 

წინასწარვე გვინდა განვაცხადოთ, რომ თბილისის გაღიზიანებაზე ასეთი მიზანმიმართული ზრუნვა არავითარ შედეგს არ მოიტანს. ასე აშკარად, ასობით ადამიანის თვალწინ ადამიანის მკვლელობაზე გამოძიების უგულებელყოფა, დამნაშავის ქუჩაში დაუსჯელად გაშვება ახალი მკვლელობების ჩასადენად, ცუდის მომასწავებელია. ამგვარი უსამართლო სამართალი, ბუნებრივია, არაფერს მატებს არც აფხაზეთის დე ფაქტო მმართველებს, რომელთაც „დამოუკიდებლობის“ აღიარებაზე აქვთ პრეტენზია, და არც რუსეთის მმართველ ელიტას, რომელიც რუსეთის“ სუპერ-სახელმწიფოდ“ აღიარებას ესწრაფვის. გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, თავისი არსით, დიდი მასშტაბის ტრაგედიად იქცა. მთელმა მსოფლიომ იხილა ეს გაუგონარი მკვლელობა. ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ ადგას მტკიცედ პროგრესული საერთაშორისო თანამეგობრობა არაღიარების პოლიტიკას. დღევანდელ ეპოქაში ერთ-ერთ დიდ საფრთხედ ხომ სეპარატიზმი მიიჩნევა. მხოლოდ სეპარატისტულ წიაღში შეიძლება იშვას ასეთი გაუსამართლებელი დანაშაულებები. სადაც სეპარატიზმი იმარჯვებს, იქ ქაოსი და უსამართლობა უზენაესი მსაჯული ხდება. სეპარატიზმი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფალია, სამართალზე და ობიექტურობაზე დაყრდნობა მისთვის ხელის მოცარვაა, სამართლებრივი დევნა კი - ამოუცნობ იეროგლიფთან გაჯიბრება. სეპარატიზმის უპირველესი გამოვლინება კი ისაა, რომ საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კლავენ, საკონტროლო ტყვიასაც ახლიან, დღენიადაგ კი „ცეცხლის განუახლებლობის შესახებ“ დოკუმენტის ხელმოწერაზე „ორიგინალურ აბრადაკაბრას“ გვიკითხავენ. გამოდის, რომ ქართული მხარე, რომელიც სამშვიდობო ინიციატივების გაუმჯობესება- განახლებაზე მუშაობს, მაგრამ ხელს არ აწერს „ცეცხლის განუახლებლობის“ შესახებ არახელსაყრელ დოკუმენტს, სოხუმისთვის საფრთხედაა მიჩნეული. თავად სოხუმი კი, რომელიც უცოდველი კრავის სახელს მიელტვის, პირველი გვიხსნის ცეცხლს და მთელი მსოფლიოს თვალწინ პირველი არღვევს სამშვიდობო შეთანხმებას. გამოდის, რომ ქართველი გიგა ოთხოზორია ყოფილა სოხუმის და რუსეთის მთავარი საფრთხე, ამიტომაც ასე არაადამიანურად, გულდინჯად ხელყვეს მისი სიცოცხლე. კანჯი-ოღლის „სამართლებრივი დევნის“ ფარსის გათამაშება სახეზეა. სახეზეა, ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე, ორი კვირით ადრე, სოხუმისა და რუსეთის გამომწვევი ნაბიჯი, რაც გამოიხატება, ერთი წლის თავზე მკვლელი კანჯი-ოღლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს ნაღმი, ჟენევის მოლაპარაკების წინ ასამოქმედებლად, საგანგებოდ არის ჩაფიქრებული. მაგრამ, როგორც იტყვიან, თუ ინფორმირებული ხარ, არაკეთილმოსურნე განიარაღებულია და მოქმედების არეალი მათთვის ძალზე შეზღუდულია.

 

მოვუწოდებთ აფხაზურ და რუსულ მხარეებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება ქართული მხარის მოთხოვნაზე: დაიწყოს ხელახალი სამართლებრივი დევნა და გამოძიება მკვლელი კანჯი-ოღლის საქმეზე. გამოძიების დასრულებამდე თავისუფლება შეეზღუდოს რაშიდ კანჯი-ოღლის.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions