ჟენევაში დევნილთა საკითხებზე საუბრისას რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდთან დაკავშირებით

 

2017 წლის 20-21 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი შედგა. გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილი.

პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

რაუნდის წინ გაიმართა არაფორმალური საინფორმაციო სესია ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე თავისუფალი გადაადგილებისა და კონტაქტების არსებული გამოცდილების შესახებ, რომლის დროსაც განხილულ იქნა კვიპროსის წარმატებული მაგალითი. მოწვეულმა ექსპერტმა მოლაპარაკებების მონაწილეებს გააცნო, თუ როგორაა უზრუნველყოფილი თავისუფალი გადაადგილება და გაყოფილ საზოგადოებებს შორის კომუნიკაცია კვიპროსში. ექსპერტმა მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ასევე სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის, განათლების, ეკონომიკის, კულტურულ მემკვიდრეობისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე კუნძულის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის პრაგმატული თანამშრომლობის შესახებ.

ორივე სამუშაო ჯგუფში ქართველმა მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მდგომარეობა.

საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ მწვავედ დააყენეს რუსეთის ანექსიის პოლიტიკის შედეგები, რაც გამოიხატება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სივრცეში ეტაპობრივ ინტეგრაციაში. მათ შორის აღინიშნა ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმისა და ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების ხელმოწერა. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ყოველდღიურად ხდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევა. კერძოდ, საქართველოდან სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ნაცვლად, რუსეთი, პირიქით, აძლიერებს სამხედრო ყოფნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. რეგულარული ხასიათი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნებსაც, რაც ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენებით მუქარის მკაფიო გამოხატულებაა.

ამ ფონზე საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურების მნიშვნელობა. ხაზი გაუსვეს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას. აღნიშნულ თემებზე გაიმართა საგნობრივი დისკუსია, რომლის შედეგადაც მონაწილეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა ერთობლივი განცხადების მიღების მიზნით.

ინტენსიური განხილვის საგანს წარმოადგენდა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე შედეგები. მონაწილეებმა საქართველოდან აღნიშნეს, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე წინასწარ ახმოვანებენ ავლევის, ორჭოსანისა და წითელუბნის სოფლებში დამატებითი ხელოვნური ბარიერების აღმართვის გეგმებს. მოუწოდეს თანათავმჯდომარეებს, აშშ-ისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პრევენციული ზომების მიღებისკენ. საქართველოდან მონაწილეებმა დააყენეს ასევე საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებებისა და გატაცებების მავნე პრაქტიკა და მოუწოდეს მონაწილეებს, კვიპროსის მაგალითის მსგავსად, პრაგმატული გზები გამოიძებნოს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლების უზრუნველსაყოფად.

ყურადღება დაეთმო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აუცილებლობას. მონაწილეებმა საქართველოდან დაგმეს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გეგმები, გალის მსგავსად, ახალგორის სკოლებშიც შეზღუდონ მშობლიურ ენაზე სწავლება, რაც ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ბავშვების განათლების ხარისხზე. ქართველმა მონაწილეებმა თანათავმჯდომარეებს, აშშ-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სთხოვეს ქმედითი ზომების მიღება მსგავსი სცენარის განვითარების აღკვეთის მიზნით.

განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა გიგა ოთხოზორიას მკვლელის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის აუცილებლობა, რაზეც მკაფიო პოზიცია გამოხატეს თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და აშშ-ის წარმომადგენლებმა. ჟენევის მოლაპარაკებებისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ქართველი მონაწილეების კონსტრუქციული თანამშრომლობის პასუხად, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უპასუხისმგებლო პოზიცია რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ კიდევ უფრო აძლიერებს დაუსჯელობის სინდრომს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და ახალისებს ძალადობას ეთნიკურ საფუძველზე.

მონაწილეებმა ისაუბრეს ეკოლოგიურ გამოწვევების საპასუხოდ გაწეული ერთობლივი ძალისხმევის შესახებ, როგორც პრაგმატული და წარმატებული თანამშრომლობის მაგალითზე, განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობა. მონაწილეებმა იმსჯელეს მათი გადარჩენისთვის ერთობლივი ნაბიჯების შემუშავებაზე.

თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და მონაწილეებმა აღნიშნეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვის მნიშვნელობა. თუმცა ამ თემაზე დისკუსიის დაწყებისთანავე რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკების დარბაზი. მსგავსი უპასუხისმგებლო მიდგომა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მანდატისა და სამშვიდობო პროცესების მიმართ მოსკოვის დამოკიდებულებას.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2017 წლის 10-11 ოქტომბერს.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions