2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ნიუ-იორკში, გაერო-ს სათავო ოფისში გამართა ღონისძიება სახელწოდებით - „Roundtable on the human rights and security related developments in Abkhazia, Georgia and Tskhinvali Region/South Ossetia, Georgia“.
ღონისძიების ფარგლებში გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ დამსწრეებს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობისა და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ.
განხილვების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და ხსენებული რეგიონების მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეშ და სისტემატიურ დარღვევებზე. კერძოდ, შეშფოთება გამოითქვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების, ასევე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის და საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის გამო, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მოსახლეობის გადაადგილების უფლებას. აქვე აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა. მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ ადამიანის უფლებებს, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე და ხელს უშლის საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის. დამსწრეებს მიეწოდათ ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ძალისხმევისა და სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ.
ღონისძიებას, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა, ესწრებოდნენ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის დელეგაციისა და გაერო-ს სისტემის წარმომადგენლები. მრგვალი მაგიდის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნების მხრიდან გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები.
http://mfa.gov.ge/News/gaero-shi-saqartvelos-okupirebul-regionebshi-arseb.aspx?CatID=5