აფხაზეთის ანექსიის გზაზე კრემლმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის პროცესი ბოლო პერიოდში ფორსირებული ტემპებით მიმდინარეობს. ამ პროცესის კიდევ უფრო დაჩქარებას უნდა ისახავდეს მიზნად რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთში  მოსკოვს დაქვემდებარებული ე. წ. სპეციალიზებული საბაჟო საგუშაგოს შექმნის შესახებ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბატონმა ჯემალ გამახარიამ.

სამწუხაროდ, აფხაზეთის ანექსიის გზაზე კრემლმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. მიმდინარე წლის 12 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ბულავინმა ხელი მოაწერა № 1446 ბრძანებას აფხაზეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი საოკუპაციო სტრუქტურის - აფხაზეთის სპეციალიზებული საბაჟო საგუშაგოს (пост) შექმნის შესახებ. ბრძანების მიხედვით, აღნიშნული საგუშაგო უშუალოდ რუსეთის ფედერალურ საბაჟო სამსახურს დაექვემდებარება. დამტკიცებულია მისი საშტატო განრიგიც. არსებული ინფორმაციის თანახმად, ახალ საოკუპაციო უწყებაში ძირითადად რუსი მებაჟეები დასაქმდებიან. აფხაზ მებაჟეთა დათხოვნის მტკივნეული პროცესი კი უკვე დაწყებულია.

 

აფხაზეთის საბაჟო საგუშაგო ქალაქ სოხუმში კიროვის ქუჩაზე (ამჟამად არძინბას ქუჩა) №4 სახლში განთავსდება. საგუშაგოს თავისი კოდი აქვს მინიჭებული - 10000010. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ახლად შექმნილი საბაჟო საგუშაგოს სამოქმედო რეგიონად აფხაზეთის მთელი ტერიტორია და რუსეთის საბაჟო საგუშაგო - მრავალმხრივი საავტომობილო გამშვები პუნქტი ადლერი - განისაზღვრა. ამ უკანასკნელის აფხაზეთისთვის მიბმა თუ, პირიქით, აფხაზეთის მიბმა ამ  რუსული საბაჟო საგუშაგოსთვის აფხაზური „სახელმწიფოს“ მიმართ რუსეთის ნამდვილი დამოკიდებულების მკაფიო მაჩვენებელია.


ე. წ. აფხაზეთის სპეციალიზებული საბაჟო საგუშაგოს დებულების დამკიცებას რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური ა. წ. 29 სექტემბრამდე გეგმავს. ამის შემდეგ ერთ თვეში, 2017 წლის 1 ნოემბერს, ზემოხსენებული ბრძანება ძალაში შევა, ანუ ამ დღიდან აფხაზეთში რუსული საბაჟო საგუშაგო ამოქმედდება. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსის მოადგილეს ა. სტრუკოვს აქვს დაკისრებული.

 

ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს აფხაზებს. ვგულისხმობთ 2014 წლის 24 ნოემბერს აფხაზეთისთვის თავსმოხვეულ ე. წ. ხელშეკრულებას „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, 2015 წლის 21 ნოემბრის „ხელშეკრულებას“ გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის შესახებ, რუსეთის მიერ ამ უკანასკნელის რატიფიკაციას 2016 წლის ნოემბერში, 2017 წლის 18 მაისს სოჭში გაფორმებულ „შეთანხმებას“ შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ. ყოველივე ამის შემდეგ აფხაზეთის დეკლარირებული სუვერენიტეტი უკვე ქაღალდზეც აღარ დარჩა.  ადრე მოსკოვი და სოხუმი საკუთარი თავის მოსატყუებლად  „სახელმწიფოთაშორის“ ან „უწყებათაშორის“  ე. წ.  ხელშეკრულებებს მაინც აფორმებდნენ, ახლა უკვე რუსეთის ერთ-ერთი ფედერალური უწყება საკუთარი ბრძანებით  აფხაზეთის მთელს ტერიტორიას იქვემდებარებს.

 

ყოველგვარი კომენტარები ამ შემთხვევაში ზედმეტად მიმაჩნია, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის 2017 წლის 12 სექტემბრის ბრძანება აფხაზეთის სპეციალიზებული საბაჟო საგუშაგოს შექმნის თაობაზე წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ერთ-ერთ ყველაზე თავხედურ  გამოვლინებას. ამ ბრძანებით რუსეთის სახელმწიფო არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, აგრეთვე იმ საყოველთაოდ აღიარებულ სამართლებრივ ნორმებს, რომლებიც საბაჟო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას არეგულირებენ.  აღნიშნული ბრძანებით რუსეთი მთლიანად უგულვებელყოფს 2012 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის 2011 წლის 9 ნოემბერს ჟენევაში საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებულ  ხელშეკრულებას „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“.

 

ვგმობთ რა რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას, რომელიც აფხაზეთის  ანექსიისკენ არის მიმართული, დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მთავრობა მსოფლიო სავაჭრო და საბაჟო ორგანიზაციების, აგრეთვე  მეგობარი სახელმწიფოების ჩართულობით, ყველა შესაძლო პოლიტიკური და სამართლებრივი ბერკეტების ამოქმედებით წინ აღუდგება მოსკოვის მორიგ მტრულ გამოხდომას საქართველოს წინააღმდეგ.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions