ლორიკ მარშანია 85 წლის გახდებოდა...

 

24 ნოემბერს, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას არტ-გალერეაში აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით გაიმართა აფხაზი ერის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ჭეშმარიტი მამულიშვილის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ცნობილი პოლიტიკოსის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერის ლორიკ ბესარიონის ძე მარშანიას ხსოვნის საღამო.

ლორიკ მარშანიას 85 წელი შეუსრულდებოდა, რომ არა 2010 წლის 13 აგვისტოს ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც სრულიად მოულოდნელად მისი სიცოცხლე შეიწირა.....

ეთნიკურად აფხაზი ლორიკ მარშანია იმ მცირერიცხოვან აფხაზ მოღვაწეთა შორის იყო, ვინც გასული საუკუნის 90-იან წლებში ღიად დაუპირისპირდა სეპარატისტთა ლიდერს ვლადისლავ არძინბას. ის მოურიდებლად ამხელდა აფხაზეთში სეპარატიზმის წამქეზებელ რუსეთს ქართველების და აფხაზების გენოციდში, აფხაზეთის ანექსიაში და აფხაზთა რუსიფიკაციაში. რუსეთის მიერ თავსმოხვეული კონფლიქტის მოგვარების ერთდერთ გზად მას ცივილიზებული, მშვიდობიანი, ასევე სახალხო დიპლომატიის მეთოდები მიაჩნდა. აფხაზთა მომავალს ლორიკ მარშანია მხოლოდ ერთიან საქართველოში განიხილავდა - „მე ვარ აფხაზი და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება“.

ლორიკ მარშანია დიდი სიყვარულით გაიხსენეს კოლეგებმა და მეგობრებმა:

ელგუჯა გვაზავა: „ბატონი ლორიკი იყო უძველესი აფხაზური გვარის წარმომადგენელი, ჭეშმარიტი რაინდი, რომელიც მას ყველასგან გამოარჩევდა..... რუსეთის მიერ ინსპირირებულ კონფლიქტს სულის სიღრმემდე განიცდიდა და იმავდროულად ჭვრეტდა იმ სავალალო მომავალს, რომელიც დაღუპვამდე მიიყვანდა აფხაზ ეთნოსს. ამიტომაც მოუწოდებდა მათ სუფთა ფურცლიდან დიალოგისა და ურთიერთობების აღდგენას შუამავლების გარეშე“.

როინ მეტრეველი: „ღირსეული პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, დამსახურებული მეცნიერი, ჭეშმარიტი აფხაზი, რომელმაც თავისი ნიჭი და ღირსება ქვეყნის სიყვარულს მოახმარა - ასეთი იყო  ლორიკ მარშანია და ჩვენ  ეს უნდა გვემაყებოდეს“.....

ზურაბ ერქვანია: „ლორიკ მარშანია არის გმირი პირველ რიგში იმიტომ, რომ ის უშიშრად განუდგა თავის აფხაზ ძმას, მოყვასს, რომელმაც ვერ გაიცნობიერა თავისი ისტორიული რაობა სწორად. მეორე რიგში იმიტომ, რმ მან ამხილა ქართველი ძმაც, რომელმაც საბედისწერო და წინდაუხედავი შეცდომა დაუშვა ქართულ-აფხაზურ დაპირისპირებაში. და მესამე რიგში იმიტომ, რომ მან აფხაზის და ქართველის საერთო მტერსაც უთხრა სათქმელი“......

საღამოზე წარმოდგენილი იყო ფოტოსურათები ოჯახური არქივიდან, ლორიკ მარშანიას წიგნი „მოგონებები“, რომელიც გამოიცა აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს და მთავრობის წევრები, ოჯახის ახლობლები, მეგობრები, მოწვეული სტუმრები, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი  ლ.ღვინჯილიას ხელმძღვანელობით.

ქალბატონმა ადა მარშანიამ მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ა/რ მთავრობას ლამაზი საღამოს ჩატარებისთვის, ასევე მოწვეულ სტუმრებს და ახლობელ-მეგობრებს მამის, ლორიკ მარშანიას თბილად და კეთილად  გახსენებისთვის.
































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions