შეხვედრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან

19 დეკემბერს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა შეხვდა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს. შეხვედრა იყო გაცნობითი და საინფორმაციო ხასიათის. ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უკრაინაში უკანასკნელ წლებში განვითარებული მოვლენების პარალელებზე. იგორ დოლგოვმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ  მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების  მეგობრული ურთიერთობების ფონზე სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების უცილებლობა, რაც ითვალისწინებს მსგავსი პრობლემების დაძლევაში ურთიერთგამოცდილებების გაზიარებას, ასევე საერთაშორისო არენაზე ორი ქვეყნის ერთად დგომა.

 

როგორც ე.გვაზავამ აღნიშნა: „ელჩის მხრიდან დიდი იყო დაინტერესება არა მარტო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსახლებულ დევნილთა პრობლემებზე, არამედ ზოგადად, ქვეყანაში არსებულ მდომარეობაზეც. ვისაუბრეთ ოკუპირებული გალის რაიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, დევნილთა უფლებების ტოტალურ დარღვევებზე და ყირიმელი დევნილების პარალელებზე. შევთანხმდით, რომ მომავალ შეხვედრას დაესწრებიან საგანგებოდ მოწვეული ყირიმელი თათრების დიასპორის, როგორც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები.  ვაპირებთ დევნილთა საოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ ერთობლივ პროგრამებზე მუშაობას“.

20 დეკემბერს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა ლიტვის საელჩოში შეხვდა ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველს პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებში, შარონია კუბილუტუს.


შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეისათვის არსებული მდგომარეობა, ასევე დევნილთა საცხოვრისისა და სხვა სოციალური პრობლემების მოგვარების საკითხები. ე.გვაზავას თქმით, „ლიტვის რესპუბლიკა  ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, რჩება საქართველოს მტკიცე პარტნიორად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მზად არის გაუზიაროს საქართველოს გამოცდილება პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით. საერთოდ, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ლიტვა აშკარა მხარდაჭერას უცხადებს არ მარტო საქართველოს, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანას, რომლებსაც სურთ რუსული იმპერიალიზმის კლანჭებს დააღწიონ თავი და მოიპოვონ რეალური თავისუფლება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საინტერესო პროექტების შემოთავაზებასა და შემდგომში მათ განხორციელებას.  როგორც აღმოჩნდა, ლიტვის საელჩოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს დევნილთა კომპაქტური დასახლებები წეროვანში, კოდასა და საგურამოში და შემოგვთავაზეს ენერგოეფექტური ჰელიოსისტემის დანადგარების დამონტაჟება კომპაქტურად ჩასახლებულ უბნებში. ცხადია, ასეთ შემთხვევაში, მოსახლეობას შეუმცირდება ზამთარში გასათბობ საშუალებებზე დანახარჯი, რაც საკმაო შეღავათი იქნება ფინანსური კუთხით. ამასთან, გამოვთქვით ერთობლივად მუშაობის  მზაობა  სხვა საინტერესო იდეებსა და პროექტებზე, რომლებიც წაადგება დევნილების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას“.

 

 

ბეჭდვა
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions