უმაღლესი საბჭოს წევრებმა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

1 მაისს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები ჩატარდა. სხდომებს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 3 თვის შესრულების ანგარიშის შესახებ“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, 2023 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების, ასევე 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 3 თვის შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვის პროცედურების დაწყების შესახებ.

ოკუპირებულ აფხაზეთში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია წარსდგა. მან დეტალურად განიხილა აფხაზეთში შექმნილი ფინანსური მდგომარეობა, რუსეთის მიერ აფხაზეთში არსებული მსხვილი ეკონომიკური თუ ტურისტული ობიექტების ხელში უკანონო ჩაგდების მცდელობა, დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის არსებული ტვირთბრუნვა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე რუსული კომპანიების საქმიანობა, საგადასახადო სისტემაში არსებული მდგომარეობა, ეკონომიკური კუთხით აფხაზეთსა და რუსეთს შორის სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარებაზე მიმდინარე მუშაობა, დემოგრაფიული ვითარების ოკუპანტი სახელმწიფოს სასარგებლოდ შეცვლა, 2022-2025 წლებში დე ფაქტო აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

საკითხის ირგვლივ გაიმართა საქმიანი დისკუსია. სიტყვით გამოსულმა დეპუტატებმა - თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, მოადგილემ რუდიკ ცატავამ, დეპუტატებმა ელგუჯა გვაზავამ და ზურაბ ჯგუბურიამ, მადლობა გადაუხადეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატს და მის ხელმძღვანელს სიღრმისეული და დეტალური ანალიზისთვის. მიმოიხილეს რა ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური მაჩვენებლები, განიხილეს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების კუთხით რეგიონში შექმნილი მდგომარეობა, საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკური თუ ფინანსური აქტივობა აფხაზეთში და გაწეული ინვესტიციების საერთო მოცულობა, დე ფაქტო აფხაზეთში მცხოვრები დიასპორების ფინანსური წვლილი ეკონომიკურ საქმიანობაში და სხვა.

დასასრულს, პლენარული სხდომის მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა მსგავსი სახის მუშაობის აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ. ზემოაღნიშნულის კონტექსტში ყურადღება გაამახვილა პრობლემის არაერთ აქტუალურ ასპექტზე - აფხაზეთში დეკლარირებული ე.წ. დამოუკიდებლობის ეკონომიკურ საფუძვლებზე, მათ არარსებობაზე; ეკონომიკაზე, როგორც მცოცავი ანექსიის რუსული პოლიტიკის ერთერთ მთავარ მიმართულებაზე; დე ფაქტო აფხაზეთში ეკონომიკური საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებზე; რუსეთის საინვესტიციო პოლიტიკაზე აფხაზეთში და სხვა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა კომიტეტს, მის ხელმძღვანელობას და აპარატს გაწეული მუშაობისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.













































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions