იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია

საქართველოს პრეზიდენტის ბატონ მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს პრემიერ მინისტრის ბატონ ზურაბ ნოღაიდელის დავალებით საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის # 80 განკარგულებით შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც დაევალა იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავების მიზნით წინადადებების მომზადება და შემუშავებული სტრატეგიის განხორციელების ორგანიზება-კოორდინაცია.

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე საქართველოში არ არსებობდა სახელმწიფო დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნებოდა დევნილთა პრობლემებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული ერთიანი ხედვა, მათი გადაჭრის მიმართ ერთიანი მიდგომა. საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები დევნილთა პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების დროს განიცდიდნენ კოორდინაციის და პრობლემების გადაჭრისადმი ერთიანი მიდგომის ნაკლებობას, რის გამოც ხშირად არ ხდებოდა დევნილთა ინტერესების, საჭიროებების სათანადოდ გათვალისწინება, მათი პრობლემების გრძელვადიანი და მდგრადი გადაჭრა.

 

 

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიდგომას იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ. იგი ადგენს სახელმწიფოს ორ უმთავრეს მიზანს: პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად, უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის და მხარდაჭერის აღმოჩენა იმ დევნილთათვის, რომლებიც სტიქიურად დაბრუნდნენ მუდმივ საცხოვრებლ ადგილზე; დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია;

 

 

დევნილთა ინტეგრაციის წარმატებით განსახორციელებლად სტრატეგია ითვალისწინებს დევნილის სტატუსის სოციალური დახმარებისაგან გამიჯვნას. დევნილები, ისევე როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეები, სრულფასოვნად მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს ერთიან სოციალურ პროგრამებში, რაც განისაზღვრება მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე, მიუხედავად დახმარების მიმღების სტატუსისა. სტრატეგიით გათვალისწინებულია კომპაქტური განსახლების ობიექტების ეტაპობრივად დახურვა, დევნილთა ინტეგრაცია და სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირება.

 

 

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურად ჩართულნი იყვნენ სამთავრობო სტრუქტურები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს დევნილი მოსახლეობის წარმომაგენლები, მოწვეული ექსპერტები და კონსულტანტები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ჩართულნი იყვნენ განსახლების, სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ თემატურ სამუშაო ჯგუფებში.

 

 

დიდ მადლობას ვუცხადებთ გაწეული სამუშაოსთვის ყველა მონაწილეს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებაში.

 

 

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ადამიანის უფლებების და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ბატონ ვოლტერ კელინის მხარდაჭერა სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების პროცესში.

 

 

 

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო
2007 წლის თებერვალი

საქართველოს მთავრობის
განკარგულება
#47 2007
წლის 2 თებერვალი . თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა
მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის
დამტკიცების შესახებ

1. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცდეს თანდართული იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია.

 

 

2. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელმა სამთავრობო კომისიამ (გ. ხევიაშვილი) ექვს თვეში უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება სათანადო საფინანსოეკონომიკური გაანგარიშებით და დასამტკიცებლად წარმოდგენა.

 

 

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

 

 

 

დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2007 წლის 2 თებერვლის
#47 განკარგულებით

იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ
სახელმწიფო სტრატეგია

პრეამბულა

წინამდებარე სტრატეგიული დოკუმენტი აყალიბებს საქართველოს მთავრობის მიდგომას იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ, აანალიზებს არსებულ პრობლემებს და სახავს სახელმწიფოს ორ უმთავრეს მიზანს:

 


1. პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის;

 


2. დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეულად ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა.

 

 

დასახული მიზნების მისაღწევად განხორციელდება Gღონისძიებები, რომლებიც ზოგადად მოცემულია სახელმწიფო სტრატეგიაში და დეტალურად ჩამოყალიბდება სამოქმედო გეგმაში. კონცეპტუალურ ჩარჩოს დოკუმენტი აყალიბებს სახელმძღვანელო პრინციპების სახით, რომლებსაც დაეფუძნება ამ მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებები.

 

 

იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სტრატეგიის განხორციელების პროცესში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლება მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და გაეროს იძულებით გადაადგილების სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით (1998), ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში.

 

 

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა პრობლემების გადაჭრის სახელმწიფო სტრატეგია გამოყენებულ იქნება შესაბამისი სამინისტროსა და უწყების მიერ როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივ დონეზე. იგი ფართოდ უნდა გავრცელდეს იმ ადგილობრივ და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც მუშაობენ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე.

 

 

თავი I. ზოგადი მიმოხილვა

1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოში მომხდარ შიდა კონფლიქტებს მოჰყვა მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება აფხაზეთიდან (1992-1993 წწ.) და ცხინვალის რეგიონიდან (1989-1992 წწ.). ამჟამად საქართველოში ცხოვრობს დაახლოებით 247 ათასი დევნილი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან(1), რაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 6%-ს შეადგენს(2).

 

 

კონფლიქტების შედეგად გადაადგილებულ დევნილთა ნაწილი განთავსდა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში, ანუ კოლექტიურ ცენტრებში(3) (შემდგომში - კოლექტიური ცენტრი), დანარჩენმა ნაწილმა თავშესაფარი ინდივიდუალური წესით მოიპოვა - ნათესავებთან, მეგობრებთან ან ქირით. ამჟამად კოლექტიურ ცენტრებში ცხოვრობს დევნილთა დაახლოებით 45%, ხოლო მასპინძელ ოჯახებში, ნაქირავებ ფართობზე ან შეძენილ ბინებში – დანარჩენი 55%. კოლექტიური ცენტრების უმრავლესობაში საბინაო პირობები მძიმეა. ასეთივე მძიმე მდგომარეობაა ზოგ კერძო სექტორში მცხოვრები დევნილი ოჯახის შემთხვევაშიც.

 

 

დევნილთა უმრავლესობა ცხოვრობს კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე – სამეგრელოში, გორის რაიონში, ასევე იმერეთსა და თბილისში, დანარჩენი გაფანტულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. განსაკუთრებული შემთხვევაა აფხაზეთი, სადაც ათასობით დევნილი სტიქიურად დაუბრუნდა თავის საცხოვრებელს ან სეზონურად (სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად) ცხოვრობს. მათ დაუცველობისა და გაურკვეველი მომავლის გამო უნარჩუნდებათ დევნილის სტატუსი. ასევე, დევნილთა გარკვეული რაოდენობა სტიქიურად დაბრუნდა ცხინვალის რეგიონის ზოგიერთ სოფელში. ასევე განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს ზემო აფხაზეთის მოსახლეობაც(4), რომელსაც არ მიუტოვებია საკუთარი საცხოვრებელი ადგილი და სიცოცხლის რისკით აგრძელებს ცხოვრებასა და შრომით საქმიანობას.

 

 

არასახარბიელოა მრავალი დევნილის საბინაო პირობები და ეკონომიკური მდგომარეობა, დიდია უმუშევრობა. დევნილთა დიდი ნაწილის არსებობა დამოკიდებულია სახელმწიფო შემწეობასა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებაზე. მძიმე სოციალურ პირობებს ემატება ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა და ხარისხიანი სოციალური მომსახურების – განათლების, ჯანდაცვის - ნაკლებად ხელმისაწვდომობა (განსაკუთრებით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში).

 

 

დევნილთა პრობლემების გადაჭრის დაგეგმვისა და განხორციელების დროს ხშირად არ ხდებოდა მათი ინტერესებისა და საჭიროებების სათანადოდ გათვალისწინება, მათთან არ იმართებოდა დიალოგი. განხორციელებული ღონისძიებები უფრო სიტუაციურ, მყისიერად წამოჭრილ პრობლემაზე რეაგირების ხასიათს ატარებდა და არ იყო გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე. 1999 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივით დაიწყო დევნილებისადმი მიდგომის შეცვლა და ჰუმანიტარული შემწეობის თანდათანობითი ჩანაცვლება განვითარებასა და თვითკმარობაზე ორიენტირებული პროგრამებით. მიუხედავად ამისა, ბოლო დრომდე არ არსებობდა დევნილებთან დაკავშირებული პრობლემების ერთიანი ხედვა.

 

 

 

 

თავი II. პრობლემები

1. დევნილთა საკითხის წლების განმავლობაში გადაუჭრელობამ, ქვეყანაში არსებული საერთო სიძნელეების ფონზე, საქართველოს საზოგადოება დევნილთა მდგომარეობასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემების წინაშე დააყენა:

 

 

1.1. უსახსრობა, მიწისა და სხვა უძრავი ქონების უქონლობა სიღარიბე და უსახსრობა ისევე ფართოდაა გავრცელებული დევნილებს შორის, როგორც დანარჩენ მოსახლეობაში, თუმცა მათი გავრცელების სტრუქტურა და ხასიათი სხვადასხვაგვარია. დევნილთა უმრავლესობა მოწყვეტილია ჩვეულ გარემოს, ასევე წარმოების ჩვეულ საშუალებებს, პირველ რიგში მიწას. საზოგადოდ, უძრავი ქონების, საკუთარი სახლ-კარის, მიწის ნაკვეთის ან წარმოების სხვა საშუალებების უქონლობა დევნილთა მძიმე ყოფის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი და მათი თვითკმარობის მიღწევის შემაფერხებელი ფაქტორია.

 

 

1.2. უმუშევრობა კონფლიქტების შემდგომ პერიოდში, საქართველოს საერთო მონაცემებთან შედარებით, დევნილ მოსახლეობაში უმუშევრობის მაღალი და, შესაბამისად, დევნილებით მჭიდროდ დასახლების რაიონებში ეკონომიკური აქტიურობის უფრო დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება. კონფლიქტის პირობებში დევნილთა სტიქიური განსახლებისას ნაკლები იყო სამუშაო ადგილების შეთავაზების შესაძლებლობა და (განსაკუთრებით დიდ ქალაქებში) სოციალური კავშირების სიმწირის, არასაკმარისი ინფორმირებულობის, შრომის ბაზრის მოუქნელობის გამო დევნილთა დიდ ნაწილს გაუჭირდა სტაბილურად დასაქმება. იმ დევნილებმა, რომლებმაც მოახერხეს დასაქმება, თავიანთ კვალიფიკაციასთან შეუთავსებლობის გამო განიცადეს დეკვალიფიკაცია. დევნილთა ნაწილმა, რომელმაც ვერ შეძლო დასაქმება, იმედი და ინიციატივა დაკარგა.

 

 

1.3. საბინაო პირობები შიდა კონფლიქტების შედეგად გადაადგილებულთა (გადაუდებელი) განსახლების ქაოსურმა და არათანამიმდევრულმა ხასიათმა, იმან, რომ დღემდე არ იყო ჩამოყალიბებული განსახლების ეროვნული პოლიტიკა, რომლის არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს დევნილთა წარმატებულ განსახლებას, საბინაო პირობები დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ძნელად გადასაჭრელ პრობლემად აქციეს. დევნილთა თითქმის ნახევარი (45%) დღესაც განსახლებულია კოლექტიურ ცენტრებში. ამ შენობებმა დაკარგეს თავიანთი პირვანდელი ფუნქცია, რასაც უმეტეს შემთხვევაში მოჰყვა მათი შეუქცევადი ამორტიზაცია. ისინი ძირითადად უვარგისია საცხოვრებლად, რის გამოც, ერთი მხრივ, საფრთხის წინაშე დგას დევნილთა სოციალური კეთილდღეობა და, მეორე მხრივ, ფერხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რადგან ხშირ შემთხვევაში ნახევრად დანგრეული შენობები და მათი მოუვლელი შემოგარენი ხელს უშლის ქალაქების ურბანულ განვითარებას, საკურორტო და სამეწარმეო ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მართვას, ახალი ინვესტორების მოზიდვას და ა.შ. დევნილთა ნახევარზე მეტი (55%) განთავსებულია კერძო საცხოვრებელ ფართობზე – შეძენილ სახლში ან ბინაში, უფრო ხშირად კი - ნათესავებთან, მეგობრებთან ან ქირით. მათ ძირითად ნაწილს უწევს ცხოვრება არაადეკვატურ საბინაო პირობებში, რაც დამატებითი სტრესისა და დაძაბულობის საფუძველს ქმნის მასპინძელ ოჯახებთან ურთიერთობაში. არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ კერძო სექტორში მცხოვრები დევნილები უკეთეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში იმყოფებიან, ვიდრე კოლექტიურ ცენტრებში ჩასახლებულები. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ვარაუდები კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილებსა და მათ საბინაო პირობებზე ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული.

 

 

1.4. ჯანმრთელობა და განათლება, სოციალური მომსახურების ხარისხი არ არსებობს დევნილთა ავადობის შესახებ ერთმნიშვნელოვნად სანდო ინფორმაცია. თუმცა კონფლიქტის დროს მიღებული ტრავმებით, რთული საბინაო პირობებით, უმუშევრობითა თუ არაადეკვატური დასაქმებით გამოწვეული სტრესის, ზოგ შემთხვევაში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმიუწვდომლობისა და ცხოვრების არაჯანსაღი წესის გა-თვალისწინებით - ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დიდი უნდა იყოს. მრავალი დევნილი ოჯახის უსახსრობა და ცუდი საბინაო პირობები ხელს უშლის ბავშვებსა და ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლების მიღებაში, რასაც ასევე ვერ უზრუნველყოფენ კოლექტიურ ცენტრებთან არსებული სკოლები, რომლებიც განთავსებულია წარსულში სხვა დანიშნულების მქონე შენობებში. აღნიშნული, ერთი მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვების მიერ ხარიასხიანი განათლების მიღებაზე და, მეორე მხრივ, ხელს უწყობს გარიყულობის შეგრძნებას დევნილ ბავშვებში. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს აფხაზეთში მოქმედი სკოლები, სადაც, სწავლების დაბალი ხარისხის გარდა, შეშფოთებას იწვევს ქართული ენის დევნის ცდები დე-ფაქტო ადმინისტრაციების მიერ. ხშირად ასევე ხელმიუწვდომელია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, საფრთხე ექმნება ქალთა და მამაკაცთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობას.

 

 

1.5. დევნილთა ინტერესების წარმოდგენა დღეისათვის დევნილთა სოციალური კაპიტალი (დევნილთა სოციალური ქსელი) არ უწყობს ხელს დევნილთა ინტეგრაციას, რაც განაპირობებს იზოლაციას და ნაკლებ წარმატებას საზოგადოებრივ ასპარეზზე. დევნილები ნაკლებად მონაწილეობენ ფორმალური სოციალური სტრუქტურების შექმნაში.

 

 

1.6. დახმარებაზე დამოკიდებულების სინდრომი, უინიციატივობა მრავალი დევნილის იმედგაცრუებასა და სასოწარკვეთას მოსდევს სოციალური პასიურობა, უინიციატივობა და დახმარებაზე დამოკიდებულება, რაც უმნიშვნელოვანესი პრობლემაა როგორც მათი სოციალური ინტეგრაციის, ისე მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე სამომავლო დაბრუნების თვალსაზრისითაც.

 

 

1.7. დაბრუნების სირთულე და დაბრუნებულ დევნილთა დაუცველობა დღეისათვის არ არსებობს დევნილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი დაბრუნებისათვის ხელსაყრელი პირობები. თუმცა ხდება დევნილთა ნაწილის სტიქიური დაბრუნება. მათი იქ ცხოვრება დაკავშირებულია მნიშვნელოვან რისკთან როგორც საერთო კრიმინალური სიტუაციისა და დე-ფაქტო ადმინისტრაციების მხრიდან ადამიანის უფლებათა ხშირი და უხეში დარღვევების, ისე გაურკვეველი მომავლისა და შეიარაღებული ძალადობის განახლების საშიშროების გამო. დამატებით შეშფოთებას იწვევს მათი არადამაკმაყოფილებელი ყოფითი პირობები და სოციალური სამსახურების ხელმიუწვდომლობა.

 

 

თავი III. მიზნები და ამოცანები

1. საქართველოს ხელისუფლება იზიარებს გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს იძულებითი გადაადგილების შესახებ, იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს და გამოხატავს პოლიტიკურ ნებას - საქართველოში არსებული კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი გზით, რაც, თავის მხრივ, დევნილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების საფუძვლად უნდა იქცეს. მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დევნილთა სოციალურეკონომიკურ რეაბილიტაციასა და სათანადო პირობების მომზადებას მათ დასაბრუნებლად.

 

 

2. სახელმწიფო სტრატეგია შემდეგ ორ ძირითად მიზანს ისახავს:

 

 

2.1. პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის

 

 

2.1.1. პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის გულისხმობს იმ პირობების შექმნას, რომ დევნილები ნებაყოფლობით და ღირსეულად დაუბრუნდნენ თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს უსაფრთხო გარემოში;

 

 

2.1.2. კონფლიქტების გადაჭრის შემდეგ (ან, როცა ეს შესაძლებელია, კონფლიქტების საბოლოოდ გადაწყვეტამდეც) ყოველ იძულებით გადაადგილებულ პირს, ვისაც ამის სურვილი ექნება, უნდა მიეცეს საშუალება და გაეწიოს ეკონომიკური დახმარება, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაუბრუნდეს მუდმივ საცხოვრებელს, სრულად აღიდგინოს ქონებრივი და სხვა უფლებები, ხოლო ქონების არარსებობის (მოსპობის ან ხელმიუწვდომლობის) შემთხვევაში მიიღოს ადეკვატური კომპენსაცია; დაცული უნდა იყოს დაბრუნებულთა უფლებები. დევნილი ოჯახების ქონებრივი უფლებების რეალიზება არ არის დაკავშირებული მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებასთან. დევნილთა უძრავ ქონებაზე უფლების რესტიტუციის მიზნით სახელმწიფო სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ერთობლივი საინვენტარიზაციო კომისიების შექმნას დევნილთა უძრავი ქონების ადგილზე ინვენტარიზაციისა და იდენტიფიცირებისათვის;

 

 

2.1.3. იმ დევნილებს, რომლებიც სტიქიურად დაუბრუნდნენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, უნდა გაეწიოთ ყოველგვარი სახელმწიფო მხარდაჭერა როგორც მათი უსაფრთხოებისა და ღირსეულად ცხოვრების უზრუნველსაყოფად, ისე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მოქალაქეობრივი უფლებების დასაცავად;

 

 

2.1.4. სახელმწიფო უწყებებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით განახორციელონ სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ღონისძიებები და პროგრამები.

 

 

2.2. დევნილი მოსახლეობის ინტეგრაცია

 

 

2.2.1. დევნილთათვის აუცილებელია ისეთივე სამართლებრივი, პოლიტიკური, საყოფაცხოვრებო და სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა, როგორიც აქვს საქართველოს ყოველ მოქალაქეს, ან ამისი ხელშემშლელი პირობების აღმოფხვრა. აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი კუთხით დევნილებს აქვთ ყველა ის უფლება, რაც საქართველოს სხვა მოქალაქეებს, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ისინი სრულყოფილად ინტეგრირებული არ არიან საზოგადოებაში:

 

 

ა) საქართველოს კონსტიტუციით, დევნილებს, ისევე როგორც ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობას, უფლება აქვთ საცხოვრებლად აირჩიონ საქართველოს ნებისმიერი ადგილი; ბ) დევნილებს აქვთ უფლება, თანაბრად ისარგებლონ სოციალური დაცვის, ჯანდაცვისა და განათლების სახელმწიფო და სხვა პროგრამებით, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ან არასამთავრობო სექტორი სთავაზობს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს; გ) დევნილებს აქვთ უფლება, გამოიჩინონ ეკონომიკური აქტიურობა და ისევე მიუწვდებოდეთ ხელი ეკონომიკურ რესურსებზე, როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს; დ) დევნილებს აქვთ უფლება, თანაბარი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ საკითხთა საჯარო განხილვასა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში, თანაბრად ისარგებლონ აქტიური ხმის (აირჩიონ) და პასიური ხმის (არჩეულ იქნენ) დემოკრატიული უფლებებით;

 

 

2.2.2. დევნილების ინტეგრაციისათვის საჭიროა დამატებით ღონისძიებათა განხორციელოება, რომლებიც გაითვალისწინებენ მათ სპეციფიკურ პრობლემებს და, საჭიროების შემთხვევაში, სანამ მიღწეულ იქნება სტრატეგიით დასახული მიზნები - სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მათ პოზიტიურ დისკრიმინაციას. დამატებითი პროგრამების მიზანია დევნილთა სოციალური ინტეგრაციის მიღწევა კოლექტიური ცენტრების თანდათანობით დახურვის, დევნილთა სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირებისა და გაჭირვებულ დევნილთა დახმარების ერთიან სახელმწიფო პროგრამაში მოქცევის გზით. იგი ითვალისწინებს:

 

 

ა) საქართველოს მთავრობის მიერ ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებებით განსახლების კოლექტიური ცენტრების შემცირებას, მათ თანდათანობით დახურვას, დანიშნულებისამებრ რეაბილიტაციისათვის გამოთავისუფლებას და დევნილთა ალტერნატიული დასახლების მხარდაჭერას; ბ) სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დევნილთა პროფესიულ განათლებასა და გადამზადებას, მათი ეკონომიკური ინიციატივის გააქტიურებასა და ეკონომიკური საქმიანობის ხელშემწყობი პირობების უზრუნველყოფას; გ) დევნილთა სრულ მოქცევას სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში.

 

 

3. სტრატეგიული პრიორიტეტები დროის მიხედვით იყოფა სამ ფაზად, რომელთა ვადები დამოკიდებულია შიდა კონფლიქტების გადაწყვეტის მიმდინარეობაზე:

 

 

3.1. პირველი ფაზა –

 

 

3.1.1 აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სტიქიურად დაბრუნებული დევნილების უსაფრთხოებისა და ელემენტარული საარსებო პირობების უზრუნველყოფის მხარდაჭერა;

 

 

3.1.2. კოლექტიური ცენტრების დახურვის პროცესის დაწყება:

 

 

ა) პრივატიზებულ კოლექტიურ ცენტრებთან მიმართებაში სახელმწიფო დახმარებას გაუწევს შენობის მფლობელებს მათ საკუთრებაში არსებული ქონების გამოთავისუფლებაში; ბ) სახელმწიფოსათვის განსაკუთრებული დანიშნულების მქონე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კოლექტიური ცენტრების პრივატიზება და შენობის გამოთავისუფლება განხორციელდება ისეთი ფორმით, რომლის შედეგადაც დევნილები დაკმაყოფილდებიან სათანადო კომპენსაციით; გ) სახელმწიფო დახმარებას გაუწევს დევნილებს, მათი თანხმობის შემთხვევაში, იმ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კოლექტიური ცენტრების, რომლებიც არ არის განსაკუთრებული დანიშნულების მატარებელი სახელმწიფოსათვის, შესაძლებლად მისაღებ ფასად პრივატიზებაში (შენობების პრივატიზაცია დევნილებისათვის განხორციელდება საბაზრო ფასზე უფრო ნაკლებ და გონივრულ ფასად);

 

 

3.1.3. არსებულ სახელმწიფო პროგრამებში უკიდურესად გაჭირვებულ დევნილთა მოქცევის უზრუნველყოფა;

 

 

3.1.4. დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა განხორციელების დროს პრიორიტეტული მიმართულებია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ასევე სამეგრელო, შიდა ქართლი და ახალგორის რაიონი;

 

 

3.1.5. ზემო აფხაზეთში (სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის დიდი რისკის ზონა) მცხოვრები ოჯახებისათვის განსაკუთრებული სტატუსის შემუშავება და უსაფრთხოებისა და ელემენტარული საარსებო პირობების უზრუნველყოფა.

 

 

3.2. მეორე ფაზა –

 

 

3.2.1. კოლექტიური ცენტრების თანდათანობით გამოთავისუფლება;

 

 

3.2.2. გაჭირვებულ დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა;

 

 

3.2.3. კონფლიქტების საბოლოოდ გადაწყვეტამდე დევნილთა უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების მხარდაჭერა;

 

 

3.3. მესამე ფაზა –

 

 

3.3.1. კონფლიქტების გადაჭრის შემდეგ დევნილთა უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უზრუნველყოფა;

 

 

3.3.2. იმ დევნილთა ინტეგრაცია, ვინც არ დაუბრუნდება მუდმივ საცხოვრებელ ადგილს კონფლიქტების გადაწყვეტის შემდგომ.

 

 

 

თავი IV. დევნილთა დაბრუნების ხელშეწყობა

დევნილი მოსახლეობისათვის შინ დაბრუნების შესაძლებლობის შექმნა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი და მუდმივი ზრუნვის საგანია. დევნილების დაბრუნება გულისხმობს როგორც ამჟამად მიმდინარე სტიქიურ პროცესს, ისე ორგანიზებულ დაბრუნებას კონფლიქტების საბოლოო გადაწყვეტის ან (გარდამავალ ეტაპზე) ცალკე მოლაპარაკების საფუძველზე.

 

 

1. პირობების შექმნა გარდამავალ ეტაპზე დევნილთა დაბრუნებისათვის საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას კონფლიქტების სრულ გადაჭრამდე დევნილთა ეტაპობრივი დაბრუნების მიმართულებით. აღნიშნულის მისაღწევად სახელმწიფო მართავს მოლაპარაკებას კონფლიქტში ჩაბმულ მხარეებთან და დახმარებისათვის მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას. დიპლომატიური ზემოქმედების მიზანია, თვითაღიარებულმა ხელისუფლებებმა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები დევნილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებით.

 

 

2. კონფლიქტურ ზონაში სტიქიურად დაბრუნებულ დევნილთა მხარდაჭერა

 

2.1. სახელმწიფო უწყებები მიზანდასახულად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ კონფლიქტის ზონებში სტიქიურად დაბრუნებულ დევნილთა უსაფრთხოება. ამისათვის ისინი იყენებენ როგორც უშუალო მოლაპარაკებას კონფლიქტის მხარეებთან, ისე საერთაშორისო გაერთიანების დახმარებას, რათა მოხდეს სიტუაციის მონიტორინგი ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების სფეროებში.

 

 

2.2. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება კრიმინალური ვითარების გამოსწორებას იმ რეგიონებში, სადაც ცხოვრობს დაბრუნებული დევნილი მოსახლეობა. ამისათვის მთავრობა ცდილობს გამოიყენოს როგორც სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობა, ისე პრობლემურ რეგიონებში (გალში) საერთაშორისო სამართალდამცველი ძალების შეყვანა.

 

 

2.3. შესაბამისი სამთავრობო უწყებები ზრუნავენ სტიქიური დაბრუნების ადგილებში სოციალური სამსახურების ამოქმედებისათვის, პირველ რიგში განათლების სისტემის – სკოლების სრულყოფისათვის. უნდა გაიმართოს მოლაპარაკება, რათა აღნიშნულ სკოლებში სწავლება მიმდინარეობდეს ქართულ ენაზე და ქართული სახელმწიფო სასწავლო პროგრამებით. საჭირო იქნება საერთაშორისო დახმარება.

 

 

2.4. საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციების გააქტიურება და კოორდინირება, რათა იმ რაიონებში, სადაც განხორციელდა დევნილთა სტიქიური დაბრუნება, მოხდეს მათი სახლებისა და საწარმოო საშუალებების რეაბილიტაცია და განახლება, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მკვეთრი გაუმჯობესება.

 

 

3. დევნილთა დაბრუნების ხელშეწყობა კონფლიქტების გადაწყვეტის შემდეგ

 

 

3.1. კონფლიქტების გადაწყვეტის მომენტისათვის სახელმწიფო უწყებები მზად უნდა იყვნენ, რათა ხელი შეუწყონ დევნილთა უსაფრთხო პირობებში ღირსეულ დაბრუნებას. საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომელიც განსაზღვრავს როგორც უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სახლებისა და საწარმოო საშუალებების აღდგენისა და ქონების დაბრუნების მექანიზმების, ისე სოციალურად ინტეგრირებული დევნილების მობილურობის ხელშეწყობას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას, კულტურული თვითმყოფადობის დაცვას, ცხოვრების ადეკვატური პირობების, შემოსავლის მიღების, ლეგიტიმურ საჯარო და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის პირობების შექმნას.

 

 

3.2 უნდა შემუშავდეს მექანიზმები იმ იძულებით გადასახლებულ პირთა დაბრუნების უფლების უზრუნველსაყოფად, რომლებიც ამჟამად სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. ამისათვის მკაცრად უნდა გაიმიჯნოს დევნილების უფლება, მიიღონ სახელმწიფო დახმარება და ნებისმიერ ადგილას მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირისა და მისი შთამომავლის ძირეული უფლება, დაუბრუნდეს თავის სახლ-კარს. ასევე მნიშვნელოვანია ხალხის დიპლომატიური კავშირების დახმარება, რათა მოხდეს თემებს შორის ნდობის აღდგენის მხარდაჭერა.

 

 

თავი V. დევნილთა ინტეგრაცია

1. დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის ამოცანის გადასაჭრელად სახელმწიფო სტრატეგია მიზნად ისახავს დევნილთათვის საბინაო და სოციალური პირობების, მათი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების, აგრეთვე აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას. აღნიშნული პროგრამები უნდა ეფუძნებოდეს დევნილთა კატეგორიების განსაზღვრას მათი სიღატაკის ხარისხის (თუ რა ტიპის ზრუნვას საჭიროებს) და უნარ-შესაძლებლობების (შეუძლია თუ არა თვითკმარობის მიღწევა) მიხედვით, რაც მოითხოვს შესაბამისი ინდიკატორების შემუშავებას. დასახული ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად მნიშვნელოვანია პროგრამების ისე დაგეგმვა, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს დევნილთა შორის ჩამოყალიბებულ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს.

 

 

2. დევნილთა საბინაო პირობების გაუმჯობესება

 

 

2.1. დევნილთა საბინაო პირობების გაუმჯობესებისა და ინტეგრაციის უმთავრესი წინაპირობაა მათი წარმატებული განსახლება. საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 1600, ძირითადად, საცხოვრებლად უვარგისი კოლექტიური ცენტრის არსებობა არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლესა და კეთილდღეობას, არამედ აფერხებს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ წინსვლას. კოლექტიური ცენტრების საკითხის გადაჭრა ხელს შეუწყობს დევნილთა საბინაო პირობების გაუმჯობესებას და მოაგვარებს შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს:

 

 

ა) საზოგადოებრივი მნიშვნელობის კოლექტიურ ცენტრებს დაუბრუნდებათ თავიანთი პირვანდელი _ სოციალური ინსტიტუციების (საავადმყოფოები, სკოლები და ა.შ.) - ფუნქცია; ბ) კომერციული დატვირთვის მქონე კოლექტიური ცენტრები გამოთავისუფლდება კერძო ინვესტიციებისათვის. საცხოვრებლების სანაცვლოდ დევნილთათვის გასაცემი ფულადი დახმარება უნდა იყოს საბაზრო ფასების შესაბამისი და ადეკვატური; გ) საცხოვრებლად ვარგისი, განსაკუთრებული დატვირთვის არმქონე კოლექტიური ცენტრები სურვილისამებრ გადაეცემათ დევნილებს პრივატიზაციის ფორმით (საპრივატიზაციო თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული დევნილის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით).

 

 

2.2. დევნილები დაცული უნდა იყვნენ უკანონო გამოსახლებისაგან.

 

 

2.3. სახელმწიფო დახმარება დაეფუძნება შერჩევის მკაფიოდ განსაზღვრულ კრიტერიუმებს, რომელთა შესაბამისად როგორც კერძო სექტორში, ისე კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებს შეეთავაზებათ სპეციფიკური, საჭიროებაზე მორგებული ღონისძიებები. ქვემოთ ჩამოთვლილი პროგრამები უზრუნველყოფენ დევნილთა საცხოვრებელი პირობების მდგრად და გრძელვადიან გაუმჯობესებას:

 

 

ა) სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სპეციალიზებული სოციალური ინსტიტუციების გამოყენება გონებრივად/ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დევნილებისათვის, რომელთაც საგანგებო მოვლა-პატრონობა სჭირდებათ (სხვადასხვა ტიპის თავშესაფრები მომხმარებელთა სპეციფიკური (ჯანმრთელობის) საჭიროებებიდან გამომდინარე); ბ) სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სოციალური დახმარების გაწევა ჯანმრთელი ხანდაზმული და სხვა გაჭირვებული დევნილებისათვის (მარჩენალდაკარგული ოჯახები და ა.შ.), რომელთაც შემოსავალი არ გააჩნიათ (მათი დეინსტიტუციონალური მოვლა-პატრონობა, ვისაც არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა და ვერც მომავალში გახდება თვითკმარი (თუმცა სპეციფიკურ მოვლა-პატრონობას არ საჭიროებს)); გ) იმ დევნილთათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ან ტოვებენ კოლექტიურ ცენტრს, ფულადი დახმარების გაწევა (შესაძლებელია ვაუჩერის ან სხვა სახით) საცხოვრებლის შეძენის მხარდაჭერის მიზნით.

 

 

2.4. მაქსიმალურად წახალისდება საცხოვრებლების კერძო საკუთრებაში გადასვლა, თუმცა ამის შეთავაზება ავტომატურად არ მოხდება. დევნილთა მონაწილეობა და წვლილის შეტანა ამ პროცესში არის მათ მიერ ბინების შეძენის წინაპირობა.

 

3. დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება

 

3.1. დევნილთა ყოფა-ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება დამოკიდებულია ადეკვატური სოციალური მომსახურების მიღებაზე, პირველ რიგში ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში. დასახული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებათა განხორციელებას:

 

 

ა) უნდა მოხდეს დევნილთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ავადობის პროფილის გამოკვლევა. განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იქნეს გამოკვლეული დიდი სავარაუდო რისკის დაავადებები. მიზანშეწონილია შემუშავდეს დევნილთა სამედიცინო და ფსიქო-სოციალური დახმარების/რეაბილიტაციის პროგრამები; ბ) დევნილთა განსაკუთრებით გაჭირვებული ჯგუფებისათვის (როგორიც არიან: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა და უმწეო მოხუცები, მარტოხელა დედები და მათი შვილები, ობოლი ბავშვები), რომლებსაც არ გააჩნიათ თვითკმარობის მისაღწევად საჭირო რესურსები, სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს საჭიროებების დროულად განსაზღვრას და მათ მოქცევას არსებული ჰუმანიტარული დახმარების, სოციალური, შინზრუნვისა თუ მიზნობრივი ზრუნვის პროგრამებში ან, საჭიროებისამებრ, მათთვის სპეციალური პროგრამების შემუშავებას; გ) კოლექტიური ცენტრების გამოთავისუფლების პარალელურად უნდა განხორციელდეს ფაქტობრივად სეგრეგირებული სკოლების დახურვა და დევნილი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების ეროვნულ პროგრამებში მოქცევა; დ) დევნილებისათვის გამიზნული პროგრამების ქმედითობის უზრუნველსაყოფად საჭიროა დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდა, რაც მოითხოვს საინფორმაციო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

 

 

3.2. ერთი მხრივ, დევნილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების უფლების უზრუნველყოფისა და, მეორე მხრივ, მათი სოციალური ინტეგრაციის წარმატებით განხორციელებისათვის უნდა გაიმიჯნოს დევნილის სტატუსი სოციალური დახმარებისაგან. დევნილები, ისევე როგორც საქართველოს სხვა მოსახლეობა, სრულფასოვნად მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს სოციალურ პროგრამებში, რაც განისაზღვრება მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე, მიუხედავად დახმარების მიმღების სტატუსისა. ამასთან, დევნილთა მოქცევამ სოციალურ პროგრამებში არ უნდა შეამციროს მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება, ხოლო სტრატეგიის პირველი მიზნის მიღწევამდე შესაძლებელია სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში დევნილთა მონაწილეობა მიჩნეულ იქნეს დამატებით ღონისძიებად.

 

 

3.3. დევნილი მოსახლეობის კეთილდღეობის საფუძველია მათი ეკონომიკური აქტიურობა და ინიციატივა, რისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დევნილთა ადამიანურ და სოციალურ კაპიტალს, მატერიალური და ფინანსური სახსრების ხელმისაწვდომობას. მნიშვნელოვანია დევნილთა ისეთი ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა, რომელიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების შემდეგ გააადვილებს მათ რეინტეგრაციას. სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებათა განხორციელებას:

 

 

ა) აუცილებელია დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობა განათლების სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რაც უნდა იქცეს დევნილების სოციალური ინტეგრაციის ინსტრუმენტად; საჭიროა პროფესიული სწავლების მოტივაციის ხელშეწყობა, მისი ხელმისაწვდომობის გაზრდა, ასევე ინფორმირებულობის გაზრდა პროფესიული სწავლების, გადამზადებისა თუ სხვა სასწავლო შესაძლებლობებთან დაკავშირებით; ბ) მიზანშეწონილია დევნილთა შორის მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამების განხორციელება, რომლებიც წაახალისებენ მეწარმეობას და ხელს შეუწყობენ საწყისი კაპიტალის ხელმისაწვდომობას და შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას; საჭიროა დევნილთა იმ ნაწილისათვის, რომელსაც სოფლის მეურნეობის გაძღოლის სათანადო უნარ-ჩვევები აქვს, სოფლად დასაქმების ხელშეწყობა (აღნიშნული უნდა განხორციელდეს დონორების დახმარებით (მაგ. გრანტები). არ უნდა იქნეს გამოყენებული საბიუჯეტო/სახელმწიფო სახსრები). პრიორიტეტული მიმართულებებია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ასევე სამეგრელო, შიდა ქართლი და ახალგორის რაიონი; გ) დასახლებებში, სადაც დევნილებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალის მქონე შენობები უკავიათ (მაგ. წყალტუბო, ბორჯომი), მიზანშეწონილია შემუშავდეს რაიონის განვითარების პროგრამა, რაც სხვა ღონისძიებათა შორის იგულისხმებს ამგვარი შენობების გამოთავისუფლებასა და მათი ეკონომიკური ფუნქციების აღდგენას.

 

 

თავი VI. სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების ძირითადი პრინციპები

1. სტრატეგიის განხორციელება ეყრდნობა შემდეგ სახელმძღვანელო პრინციპებს:

 

 

1.1. დევნილების გადაწყვეტილების ნებაყოფლობითობა და თავისუფალი არჩევანი იმის გათვალისწინებით, რომ დევნილები საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ნებაყოფლობით და ზეგავლენის გარეშე იღებენ ძირითად გადაწყვეტილებებს, სტრატეგიის რეალიზაცია უნდა ითვალისწინებდეს მკვეთრად განსაზღვრულ გასაჩივრების მექანიზმებს.

 

 

1.2. დიალოგი დევნილ მოსახლეობასთან და მისი თანამონაწილეობა გადაწყვეტილებათა მიღებაში დევნილები ორგანიზებულად მონაწილეობენ სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

 

 

1.3. კოორდინაცია და ინფორმაციის გაცვლა სახელმწიფო უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის სახელმწიფო სამსახურები მჭიდრო თანამშრომლობისა და საერთაშორისო დონორებთან კოორდინაციის საფუძველზე ახორციელებენ ამ სახელმწიფო სტრატეგიას. სხვადასხვა პროგრამა სტრატეგიის ფარგლებში კოორდინირებულად ხორციელდება როგორც ერთმანეთს შორის, ისე სხვა ეროვნულ პროგრამებთან მიმართებაში.

 

 

1.4. მოქმედებათა დაგეგმვა სანდო ინფორმაციასა და კვლევების შედეგებზე დაყრდნობით სახელმწიფო სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელება მოითხოვს ამომწურავი და სანდო ინფორმაციის არსებობას. საჭიროებისამებრ, შესასრულებელია მიზნობრივი გამოკვლევები, რასაც უნდა დაეყრდნოს სამოქმედო გეგმები.

 

 

1.5. დევნილებისათვის გამიზნული პროგრამების ინტეგრირება სახელმწიფო პროგრამებში უნდა მოხდეს დევნილებისათვის გამიზნული პროგრამების ინტეგრირება საერთო-სახელმწიფო პროგრამებში. ერთიანი სახელმწიფო პროგრამების არარსებობის შემთხვევაში დევნილებისათვის განკუთვნილი პროგრამები იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ შემდგომში გაადვილდეს მათი ინტეგრირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. დევნილთა მოქცევამ სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში არ უნდა შეამციროს დევნილთათვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება.

 

 

1.6. სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებათა შედეგების მდგრადობა სახელმწიფო სტრატეგიით განხორციელებული პროგრამა მიზნად უნდა ისახავდეს დასმული ამოცანის ადეკვატურ და მდგრად გადაჭრას. როდესაც მდგრადი შედეგების და გაჭირვებულ დევნილთა თვითკმარობის მიღწევა შეუძლებელია ერთჯერადი ან მოკლევადიანი ღონისძიების საფუძველზე, საჭიროა გრძელვადიანი დახმარების უზრუნველყოფა.

 

 

1.7. სხვადასხვა გაჭირვებულ ჯგუფზე მორგებული პროგრამების შემუშავება მათი კატეგორიზაციის კრიტერიუმების გათვალისწინებით სპეციალური მიზნობრივი პროგრამების დაგეგმვისა და რეალიზებისათვის უნდა განისაზღვროს დევნილთა კატეგორიები და მოწყვლადობის ტიპი. განსაზღვრა უნდა მოხდეს მათი ეკონომიკური შესაძლებლობის, სოციალური და ადამიანური კაპიტალის საფუძველზე.

 

 

1.8. სოციალური სამართლიანობის დაცვა დევნილთათვის დახმარების აღმოჩენის პროცესში ყველა იმ შემთხვევაში, როცა დევნილები ცხოვრობენ ადგილობრივი (მასპინძელი) მოსახლეობის გვერდიგვერდ, დევნილთათვის გამიზნული სპეციალიზებული პროგრამები უნდა ითვალისწინებდეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსაც. სოციალური სამართლიანობა არ გამორიცხავს დევნილებისადმი დახმარების პრიორიტეტულ ხასიათს, როდესაც ეს გამართლებულია.

 

 

1.9. გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებების დაცვა და ადამიანის სხვა აღიარებული უფლებების გათვალისწინება დევნილთა პრობლემების გადაჭრის სახელმწიფო სტრატეგია სათანადო ყურადღებას უთმობს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას, ბავშვთა უფლებების დაცვას, ასევე სხვა ეროვნულ და საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და შეიმუშავებს სათანადო მექანზმებს.

 

 

1.10. სახელმწიფო სტრატეგიის რეგულარული განახლება სახელმწიფო სტრატეგია დევნილთა მიმართ უნდა იყოს მოქნილი. შესაბამისად, საჭიროა მისი რეგულარული განახლება, რათა მან ასახოს და გაითვალისწინოს ახლად განვითარებული მოვლენები და ტენდენციები, ცვალებადი სახელმწიფო ინტერესები და დევნილთა პრობლემები. ამის მისაღწევად სახელმწიფო სტრატეგია ითვალიწინებს ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებას.

 

 

თავი VII. სტრატეგიის განხორციელება და მონიტორინგი

1. სახელმწიფო სტრატეგიით დასახულ ამოცანათა გადასაწყვეტად საქართველოს ხელისუფლება - ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებები - შეიმუშავებენ პროგრამებს და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით განახორციელებენ მათ. სამინისტროები წარმოადგენენ სტრატეგიით გათვალისწინებული პროგრამების ძირითად დამკვეთ ორგანოებს. ამ პროგრამების ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერასა და უშუალო განხორციელებაში ფართოდ იქნებიან ჩაბმული სხვადასხვა საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

 

2. სტრატეგიის წარმატებით განხორციელების უმთავრესი პირობაა კარგად გათვლილი, დეტალური და რეალისტური სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც ასახავს როგორც საჭირო საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრებს, ისე ინსტიტუციონალურ და სხვა რესურსებს – მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში. სამოქმედო გეგმის ფარგლებში უნდა მოხდეს ფუნქციებისა და პასუხისმგებლობის მკვეთრი განაწილება უწყებათა შორის, მოქმედებათა თანამიმდევრობისა და განრიგის დასახვა, სტრატეგიის განხორციელების ეფექტიანობის ამსახველი ინდიკატორების გაზომვის პროცედურების აღწერა.

 

 

3. სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა. დასახული მიზნების მისაღწევად სამინისტროები და დონორი ორგანიზაციები მოქმედებენ კოორდინირებულად. სამთავრობო კომისია და სამინისტროები ახდენენ არსებული საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირებას და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებენ საკანონ-მდებლო ინიციატივებს. პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების შედეგების მონიტორინგში წამყვანი როლი, პასუხისმგებლობა და მაკოორდინირებელი ფუნქცია ეკისრება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, რომელიც სამთავრობო კომისიის სამდივნოს მეშვეობით მჭიდროდ ითანამშრომლებს თემატურ სამუშაო ჯგუფებთან. სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგში დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც თავად დევნილებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას, ისე პროცესის გამჭვირვალობასაც.

 

 

4. სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგის შედეგად ყოველწლიურად ხდება დასახულ ღონისძიებათა ქმედითობის შეფასება და სტრატეგიის გადახედვაგანახლება ახალი რეალიების გათვალისწინებით.

 

 

___________________

(1)`საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~ კანონის მიხედვით.
(2) შემდგომში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მოვიხსენიებთ, როგორც `დევნილებს~, რაც არ გამორიცხავს საქართველოში ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა სხვა კატეგორიების არსებობას, რომლებიც ამ დოკუმენტში არ განიხილებიან.
(3) კოლექტიური ცენტრი – სახელმწიფოს ან კერძო მფლობელობაში არსებული შენობა, სადაც მოხდა დევნილთა ჯგუფურად ჩასახლება და სადაც ისინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობენ.
(4) ამჟამად კოდორის ხეობაში/ზემო აფხაზეთში (ტერიტორია, სადაც ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია) მცხოვრებ პირებს აქვთ დევნილის სტატუსი, მაშინ როდესაც მათ დიდ ნაწილს რეალურად არ მიუტოვებია საცხოვრებელი სახლები და, აქედან გამომდინარე, მათი მდგომარეობა არ ესადაგება საქართველოს კანონმდებლობასა და იძულებით გადაადილების სახელმძღვანელო პრინციპებში მოცემულ იძულებით გადაადგილებული პირის განსაზღვრებას. ამდენად, ეს პირები ვერ თავსდებიან იგპ-თა მიმართ სტრატეგიის ფარგლებში. თუმცა, ვინაიდან მათი უსაფრთხოება გარანტირებული არ არის და დიდი რისკის პირობებში უწევთ ცხოვრება, სტრატეგია ითვალისწინებს საგანგებო მიდგომას, რაც საჭიროებს სპეციალური საკანონმდებლო ბაზის შექმნას.

 

Print
Biography
Calendar
«« November 2024 »»
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ვიდეო
You must have Flash Player installed in order to see this player.
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions