აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია
There are no translations available.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

კონსტიტუცია



თავი პირველი

 

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1

  1. აფხაზეთი არის საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური ერთეული, რომლის პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.
  2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელწოდებაა ,,აფხაზეთი”, რომლის სინონიმია ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა”.

 

მუხლი 2

აფხაზეთში სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციითა და აფხაზეთის კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.

 

მუხლი 3

  1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
  2. აფხაზეთის კონსტიტუცია შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. აფხაზეთის ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციებს.

 

მუხლი 4

ხალხი თავის უფლებას ახორციელებს უშუალო დემოკრატიის ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

 

მუხლი 5

სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.

 

მუხლი 6 (ამოღებულია)

 

მუხლი 7

აფხაზეთის სახელმწიფო სიმბოლოები დადგენილია კანონით.

 

თავი მეორე (ამოღებულია)

 

თავი მესამე (ამოღებულია)

თავი მეოთხე

 

მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი

უფლებანი და თავისუფლებანი

მუხლი 28

1. აფხაზეთის მცხოვრებლები საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებენ დაბადებით და ნატურალიზაციით.

2. აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება:

ა) აფხაზეთში ამჟამად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა აფხაზეთში 1993 წლის 30 სექტემბრამდე არანაკლებ 5 წლისა, თუ ამ თარიღიდან 6 თვეში წერილობით არ განუცხადებია უარი საქართველოს მოქალაქეობაზე.

ბ) აფხაზეთში დაბადებული, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია და ამდენად ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის “ა” პუნქტის მოთხოვნებს, თუ მას არა აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

გ) აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელიც 1992 წლის აგვისტომდე არანაკლებ 5 წლისა ცხოვრობდა აფხაზეთში, მომხდარი ტრაგედიის შედეგად იძულებული გახდა დაეტოვებინა აფხაზეთი და არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

3. აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე.

4. საქართველოს მოქალაქების მოპოვებისა და დაკარგვის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით.

 

მუხლი 29

  1. საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეებს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.
  2. მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია.
  3. საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია.
  4. აფხაზეთიდან საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გადაწყვეტილება მოქალაქის გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

 

მუხლი 30

ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

 

მუხლი 31

სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.

 

მუხლი 32

ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

 

მუხლი 33

  1. ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.
  2. დაუშვებელია ადამიანის წამება, მის მიმართ არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის მეთოდების გამოყენება.

 

მუხლი 34

  1. ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია.
  2. თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
  3. ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღრულ შემთხვევაში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არა უგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.
  4. დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება.
  5. დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. მას დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.
  6. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს, ხოლო ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა-9 თვეს.
  7. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით. უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

მუხლი 35

  1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.
  2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.
  3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.


მუხლი 36

  1. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
  2. არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.


მუხლი 37

  1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
  2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
  3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.

 

მუხლი 38

  1. ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.
  2. შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებით საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.
  3. შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებას.

 

მუხლი 39

  1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.
  2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.
  3. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.
  4. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსებების  დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

მუხლი 40

  1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.
  2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.
  3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

 

მუხლი 41

  1. ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება.
  2. აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა პოლიტიკური გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში.
  3. დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
  4. დაუშვებელია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ შეიარაღებული ფორმირების შექმნა.
  5. პირი, რომელიც ჩაირიცხა სამხედრო ძალების, სახელმწიფო უშიშროების ან შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობაში, გამწესდება მოსამართლედ ან პროკურორად, წყვეტს პოლიტიკური გაერთიანების წევრობას.
  6. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერება ან მათი აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ შემთხვევაში და წესით.

 

მუხლი 42

  1. აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება.
  2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში.


მუხლი 43

1. აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს

ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.

2. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.

 

მუხლი 44

  1. შრომა თავისუფალია.

აფხაზეთის ხელისუფლება ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.

  1. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით.


მუხლი 45

აფხაზეთის ხელისუფლება ზრუნავს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. მაღალმთიანი რაიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველსაყოფად კანონი ადგენს შეღავათებს.


მუხლი 46

აფხაზეთის ხელისუფლება ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით.

 

მუხლი 47

გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამ უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება კანონით. კანონი ადგენს აგრეთვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების საქმიანობის გარანტიებს.

 

მუხლი 48

  1. აფხაზეთის ხელისუფლება ხელს უწყობს კულტურის განვითარებას, კულტურულ ცხოვრებაში მოქალაქეთა შეუზღუდავ მონაწილეობას, კულტურული თვითმყოფობის გამოვლინებასა და გამდიდრებას, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა აღიარებას და საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებას.
  2. აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე. აფხაზეთის ხელისუფლება კულტურულ მემკვიდრეობას იცავს კანონით.

 

მუხლი 49

  1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
  2. აფხაზეთის ხელისუფლება უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობას საერთაშორისო წესებთან და სტანდარტებთან.
  3. დაწყებითი განათლება სავალდებულოა. აფხაზეთის ხელისუფლება თავის ხარჯზე უზრუნველყოფს საბაზო განათლებას. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ფარგლებში სახელმწიფო სასწავლებლებში უფასოდ მიიღონ საშუალო, პროფესიული და უმაღლესი  განათლება.
  4. აფხაზეთის ხელისუფლება მხარს უჭერს საგანმანათლებლო, დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.


მუხლი 50

  1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
  2. აფხაზეთის ხელისუფლება ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.
  3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.

 

მუხლი 51

  1. ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.
  2. აფხაზეთის ხელისუფლება აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებას, სამკურნალო საშუალებათა წარმოებას და ამ საშუალებებით ვაჭრობას.
  3. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით აფხაზეთის ხელისუფლება უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და რაციონალურ ბუნებათსარგებლობას.
  4. ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ.

 

მუხლი 52

  1. აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ.
  2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, უმცირესობათა უფლებების განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფო წყობილებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.

 

მუხლი 53

აფხაზეთის კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.

 

მუხლი 54

  1. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
  2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
  3. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისმგებლობაში მიცემის შესახებ, საბრალდებულო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მუხლი 55

  1. აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
  2. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთან არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანინით დადგენილ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროებისა ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად.

 

მუხლი 56

  1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
  2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
  3. დაცვის უფლება გარანტირებულია.
  4. არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის.
  5. არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
  6. ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთსავე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს.
  7. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს.
  8. არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრა კანონით.
  9. ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან.

 

მუხლი 57

  1. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთაA მიმართ აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ზედამხედველობას უწევს აფხაზეთის სახალხო დამცველი, რომელსაც 5 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო.
  2. სახალხო დამცველი უფლებამოსილია გამოავლინოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტები, შეატყობინოს ამის შესახებ შესაბამის ორგანოებსა და პირებს. სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.
  3. სახალხო დამცველის უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით.

 

მუხლი 58

  1. აფხაზეთში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს აფხაზეთის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს.
  2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები.

 

მუხლი 59

კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზეც.

 

თავი მეხუთე (ამოღებულია)

თავი მეექვსე

აფხაზეთი, როგორც საქართველოს შემადგენილი ნაწილი

 

მუხლი 64

აფხაზეთი დამოუკიდებელად წყვეტს საკითხებს, რომლებიც მის გამგებლობაში შედის.

 

მუხლი 65

აფხაზეთის ტერიტორია არ შეიძლება შეიცვალოს მისი თანხმობის გარეშე.

 

მუხლი 66

საქართველოსა და აფხაზეთის ერთობლივი და აფხაზეთის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები ცალკე განისაზღვრება.

 

 

მუხლი 67

  1. საქართველოს გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტაში აფხაზეთი მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი უმაღლესი ორგანოების მეშვეობით.
  2. აფხაზეთი თავის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს კომპლექსურ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, ხელს უწყობს ამ ტერიტორიაზე საქართველოს უფლებამოსილების აღსრულებას, ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებას.
  3. აფხაზეთი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს და კოორინაციას უწევს მის ტერიტორიაზე განლაგებული საქართველოს სახელმწიფო ორგანოების სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე იურიდიული პირებისა და მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) საქმიანობას.

 

მუხლი 68

  1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად სამშობლოს დაცვა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას განეკუთვნება და მთელი ხალხის საქმეა.
  2. აფხაზეთი მონაწილეობს ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაში.
  3. ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, იურიდიულ პირთა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, თანამდებობის პირთა და მოქალაქეთა მოვალეობას განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

 

მუხლი 69 (ამოღებულია)


მუხლი 70

  1. აფხაზეთის სახელმწიფო ენებია ქართული და აფხაზური.
  2. აფხაზეთის ხელისუფლება ზრუნავს ქართულ და აფხაზური ენების ყოველმხრივი განვითარებისათვის.

 

მუხლი 71

აფხაზეთის ტერიტორიაზე სავალდებულოა საქართველოს კანონების შესრულება.

 

 

თავი მეშვიდე

აფხაზეთის ადმინისტრაციულ-ტერიტიული მოწყობა


მუხლი 72

აფხაზეთი განსაზღვრავს რაიონულ დაყოფას და წყვეტს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

 

მუხლი 73

აფხაზეთის შემადგენლობაშია: გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის, სოხუმის რაიონები და ქალაქები: სოხუმი, გაგრა, ტყვარჩელი.

 

თავი მერვე (ამოღებულია)

თავი მეცხრე (ამოღებულია)

თავი მეათე (ამოღებულია)

 

თავი მეთერთმეტე

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო

 

მუხლი 93

1. აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აფხაზეთის უმაღლესი საბჭო.

2. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს გამგებლობას განეკუთვნება: აფხაზეთის კონსტიტუციის მიღება და მასში ცვლილებების შეტანა, აფხაზეთის კანონის მიღება, აფხაზეთის ბიუჯეტისა და მისი შესრულების ანგარიშის დამტკიცება, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნა და გათავისუფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით.  (აფხ.საკან. მაცნე ¹4, მუხლი 8, 2004 წლის 30 ნოემბერი)

 

 

მუხლი 94 (ამოღებულია)

 

 

მუხლი 95

 

1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო თავის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მის ორ მოადგილეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იმავდროულად არის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე. (აფხ. საკ. მაცნე ¹5, მუხლი ¹20, 2006 წლის  28 თებერვალი)

2. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე წარმართავს უმაღლესი საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მუშაობას.

 

მუხლი 96

1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიებს იწვევს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის სულ ცოტა მესამედის ან აფხაზეთის მთავრობის მოთხოვნით. (აფხ. საკან. მაცნე ¹4, მუხლი 8, 2004 წლის 30 ნოემბერი)

2. აფხაზეთის კანონები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დადგენილებები და სხვა აქტები ქვეყნდება ქართულ და აფხაზურ ენებზე.(აფხ. საკან. მაცნე ¹4,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      მუხლი 8, 2004 წლის 30 ნოემბერი)

 

 

მუხლი 97

საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს: საქართველოს პრეზიდენტს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მუდმივ კომისიებს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრს, აფხაზეთის მთავრობას და აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს არანაკლებ 10 ათას სრულწლოვან მოქალაქეს.

(აფხ. საკან. მაცნე ¹4, მუხლი 8, 2004 წლის 30 ნოემბერი)

 

მუხლი 98

1. კანონის პროექტებსა და სხვა საკითხებს განიხილავენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე, საჭიროების შემთხვევაში კანონპროექტი ან შესაბამისი საკითხი შეიძლება წინასწარი  ან დამატებითი განხილვისათვის გადაეცეს  ერთ ან რამდენიმე მუდმივ კომისიას.

2. აფხაზეთის კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა სრული შემადგენლობის ორი მესამედით.

3. აფხაზეთის კანონები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დადგენილებები და სხვა აქტები მიიღება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

4. აფხაზეთის კანონპროექტები და სახელმწიფოებრივი ცხოვრების დიდმნიშვნელოვანი საკითხები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ან მისი პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით შეიძლება გამოტანილ იქნეს საერთო სახალხო განხილვისათვის.


მუხლი 99

1. აფხაზეთის კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია კანონი შენიშვნებით დაუბრუნოს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს, რომელთა მისაღებად საკმარისია აფხაზეთის კანონის მიღებისათვის დადგენილი ხმათა რაოდენობა. აფხაზეთის კანონის პირველი რედაქციით მიღებისათვის საჭიროა უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის მხარდაჭერა.

2. აფხაზეთის კანონები აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დადგენილებები და სხვა აქტები ქვეყნდება ქართულ და აფხაზურ ენებზე.

(აფხ. საკ. მაცნე ¹4, მუხლი 8, 2004 წლის 30 ნოემბერი)

 

მუხლი 100

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს აფხაზეთის მთავრობას,  აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია.

(აფხ. საკ. მაცნე ¹4, მუხლი 8, 2004 წლის 30 ნოემბერი)

 

მუხლი 101

1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის, ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თანხმობით, ხოლო სესიებს შორის პერიოდში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყონებლივ უნდა ეცნობოს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, ხოლო სესიებს შორის პერიოდში - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, თუ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო არ მისცემს თანხმობას, ან სესიბს შორის პერიოდში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დაკავებული ან დაპატიმრებული დეპუტატი დაუყონებლივ უნდა განთავისუფლდეს.

2. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.

 

მუხლი 102

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მუდმივმომქმედ ორგანოს წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომელიც მთელ თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულია მის წინაშე და ამ კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქციებს უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში.

 

მუხლი 103

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ორი მოადგილე, უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეები და უმაღლესი საბჭოს ფრაქციების თავმჯდომარეები.

(აფხ.საკ. მაცნე ¹5, მუხლი ¹20, 28-02-2006წ.)

 

მუხლი   104

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი:

ა) იწვევს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიებს;

ბ)  კოორდინაციას უწევს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების საქმიანობას;

გ)  კონტროლს უწევს აფხაზეთის კონსტიტუციის დაცვას;

დ)  აწესებს და ანიჭებს აფხაზეთის საპატიო წოდებებს; აჯილდოებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით;

ე) შედის სარჩელით ან წარდგინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს კონსტიტუციასთან აფხაზეთის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის  თუ საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით განსაზღვრულ  სხვა საკითხებზე;

ვ)  ახორციელებს აფხაზეთის კონსტიტუციითა და კანონებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

 

105-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 106

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი იღებს დადგენილებებს.

 

107-ე მუხლი ამოღებულია

 

მუხლი 108

1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო თავის წევრთაგან ირჩევს მუდმივ კომისიებს. მუდმივი კომისიები წინასწარ განიხილავენ მის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, აგრეთვე ხელს უწყობენ აფხაზეთის კონსტიტუციის, აფხაზეთის კანონების, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და მისი პრეზიდიუმის სხვა გადაწყვეტილებების განხორციელებას. კონტროლს უწევენ სახელმწიფო ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმიანობას.

2. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, საჭიროებისამებრ ქმნის თავის საგამოძიებო, სარევიზიო და სხვა კომისიებს.

3. კომისიების მოთხოვნის, მის სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე აუცილებელი საბუთების წარდგენა სავალდებულოა.

 

მუხლი 109

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო კონტროლს უწევს მის წინაშე ანგარიშვალდებულ ყველა სახელმწიფო ორგანოს საქმიანობას.

 

მუხლი 110

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს და მისი ორგანოების საქმიანობის წესს განსაზღვრავს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს რეგლამენტი და აფხაზეთის კანონები, რომლებიც ამ კონსტიტუციის საფუძველზე მიიღება.

 

თავი მეთორმეტე

აფხაზეთის მთავრობა

 

მუხლი 111

აფხაზეთის მთავრობა არის აფხაზეთის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს აფხაზეთის აღმასრულებელ ხელისუფლებას და განსაზღვრავს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

(აფხ.საკან. მაცნე ¹4, მუხლი 8, 2004 წლის 30 ნოემბერი)

 

მუხლი 112

აფხაზეთის მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარის, აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, მათ შორის აფხაზეთის მინისტრებისაგან. (აფხ.საკ. მაცნე ¹11, მუხლი 34, 11-05-2006წ.)

 

 

მუხლი 1121

1. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე არის აფხაზეთის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.

2. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო.

(აფხ. საკ. მაცნე N4, მუხლი 8, 2004 წლის 30 ნოემბერი)

3. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნამდე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დანიშნოს და გაათავისუფლოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. (20.08.2013 N 174-ს)

4. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას ხმათა უმრავლესობით წარადგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. (20.08.2013 N 174-ს)

5. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას. (20.08.2013 N 174-ს)


მუხლი 113

1. აფხაზეთის მთავრობა პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წინაშე, ხოლო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიებს შუა პერიოდში - საქართველოს პრეზიდენტისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე.

2. აფხაზეთის მთავრობა თავისი მუშაობის შესახებ ყოველწლიურად აბარებს ანგარიშს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს.

(აფხ.საკ. მაცნე ¹4, მუხლი 8, 2004 წლის 30 ნოემბერი)

 

 

მუხლი 1131

1. აფხაზეთის მთავრობის ცალკეული წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში აფხაზეთის მთავრობის შესაბამის ახალ წევრს ნიშნავს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე.

2. თუ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიერ აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობა ნახევარზე მეტით განახლდა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აფხაზეთის მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.

(აფხ.საკ. მაცნე ¹4, მუხლი 8, 2004 წლის 30 ნოემბერი)

 

 

114-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.


115-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.


მუხლი 116

აფხაზეთის მთავრობა გამოსცემს დადგენილებებს და განკარგულებებს საქართველოსა და აფხაზეთის საკანონმდებლო აქტების, უმაღლესი საბჭოსა და მისი პრეზიდიუმის დადგენილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. იგი ორგანიზაციას უწევს და ამოწმებს მის მიერ გამოცემული დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებას.

(აფხ.საკ. მაცნე ¹4, მუხლი 8, 2004 წლის 30 ნოემბერი)


მუხლი 117

აფხაზეთის მთავრობას უფლება აქვს გააუქმოს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა სამართლებრივი აქტები.

(აფხ.საკ. მაცნე ¹4, მუხლი 8, 2004 წლის 30 ნოემბერი)

 

მუხლი 118

1. აფხაზეთის მთავრობა წარმართავს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მუშაობას.

2. აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები ხელმძღვანელობენ მათთვის მინდობილ მმართველობის დარგებს ან ახორციელებს დარგთა შორის მართვას და ექვემდებარებიან როგორც აფხაზეთის მთავრობას, ისე საქართველოს შესაბამის სამინისტროებს.

(აფხ.საკ. მაცნე ¹4, მუხლი 8, 2004 წლის 30 ნოემბერი)

 

მუხლი 119

აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციას, მისი საქმიანობის წესს და აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ნუსხას განსაზღვრავს აფხაზეთის კანონი.

(აფხ.საკ. მაცნე ¹4, მუხლი 8, 2004 წლის 30 ნოემბერი)

 

 

 

თავი მეცამეტე (ამოღებულია)


თავი მეთოთხმეტე (ამოღებულია)


თავი მეთხუთმეტე


აფხაზეთის სასამართლო

ხელისუფლება


მუხლი 142

 

1. სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება მართლმსაჯულების და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით.

2. სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის.

3. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები.

4. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით.

 

მუხლი 143

1. მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები. მათი სისტემა და სამართალწარმოების წესი დადგენილია კანონით.

2. სამხედრო სასამართლოს შემოღება შეიძლება საომარ პირობებში და მხოლოდ საერთო სასამართლოს სისტემაში.

3. საგანგებო ან სპეციალური სასამართლოების შექმნა დაუშვებელია.

 

მუხლი 144

1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.

2. მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი ვადამდე განთავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაიშვება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში.

3. არავის არა აქვს უფლება მოთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.

4. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას.

5. სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.

 

მუხლი 145

1. სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ.

2. სამართალწარმოება ხორციელდება ქართულ ან აფხაზურ ენაზე. პირს, რომელმაც სამართალწარმოების ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი.

3. სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

მუხლი 146

1. მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება.

2. მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება ხდება არანაკლებ 10 წლის ვადით. მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნის, თანამდებობიდან განთავისუფლების წესი განისაზღვრება კანონით.

3. მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

4. აფხაზეთის საერთო სასამართლოების უფლებამოსილება, ორგანოზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

 

მუხლი 147

1. მოსამართლე ხელშეუხებელია, დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას დაკავებული ან დაპატიმრებული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლის და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.

 

მუხლი 148

აფხაზეთის უმაღლესი სასამართლო მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოა და დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას აფხაზეთის რაიონის (ქალაქის) სასამართლოებში, სააპელაციო წესით და პირველი ინსტანციით განიხილავს კანონით განსაზღვრულ საქმეებს.

 

მუხლი 149

1. აფხაზეთის უმაღლესი სასამართლო შედგება თავმჯდომარის, პირველი მოადგილის, მოადგილისა და სხვა მოსამართლეებისაგან.

2. აფხაზეთის უმაღლეს სასამართლოში იქმნება პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობაში შედიან: აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე, აგრეთვე კოლეგიათა და პალატების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიას უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები.

 

მუხლი 150

1. აფხაზეთის პროკურატურა საქართველოს პროკურატურის შემადგენელი ნაწილია. აფხაზეთის პროკურორს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 5 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს გენერალური პროკურორი.

2. აფხაზეთის პროკურორის უფლებამოსილება, ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით.

 

 

მუხლი 151

1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით ყოველწლიურად იღებს აფხაზეთის კანონს აფხაზეთის ბიუჯეტის შესახებ.

2. აფხაზეთის ბიუჯეტის შედგენისა და მიღების წესი განისაზღვრება საქართველოსა და აფხაზეთის საკანონმდებლო აქტებით.

(აფხ.საკ. მაცნე ¹4, მუხლი 8, 2004 წლის 30 ნოემბერი)

 

მუხლი 152

1. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთის ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე.

2. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს უმაღლეს საბჭოს წარუდგენს არაუგვიანეს 2 თვისა მიმდინარე საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე. აფხაზეთის ბიუჯეტის პროექტთან ერთად მთავრობის თავმჯდომარე წარადგენს მოხსენებას მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

3. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია მოსთხოვოს უმაღლეს საბჭოს დამატებითი ხარჯების გაღება, თუ მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს.

4. საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აფხაზეთის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს.

5. თუ აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო აფხაზეთის მთავრობის მიერ შემოთავაზებული ბიუჯეტის პროექტი, ის უბრუნდება აფხაზეთის მთავრობას შენიშვნებით. აფხაზეთის მთავრობა ორი კვირის ვადაში შესაბამისი ცვლილებებით ხელახლა წარუდგენს უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტის პროექტს.

6. თუ აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ახალი საბიუჯეტო წლის დასაწყისამდე ვერ მოახერხა ბიუჯეტის მიღება, აუცილებელი საბიუჯეტო ხარჯები დაიფარება წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით.

(აფხ.საკ. მაცნე ¹4, მუხლი 8, 2004 წლის 30 ნოემბერი)

 

 

მუხლი 153

1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შემოიღოს ადგილობრივი გადასახადები.

2. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ გადასახადების შემოღების წესი განისაზღვრება კანონით.

3. გადასახადის შემოღება და გადასახადის განთავისუფლება ხორციელდება აფხაზეთის კანონით.

 

მუხლი 154

1. აფხაზეთის სახელმწიფო სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს აფხაზეთის კონტროლის პალატა.

2. აფხაზეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.

3. აფხაზეთის კონტროლის პალატა პასუხისმგებელია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

4. აფხაზეთის კონტროლის პალატის უფლებამოსილება, ორგანიზაცია და საქმიანობის წესი, დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება საქართველოს კანონით.

 

მუხლი 1541

აფხაზეთის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს შორის წარმოშობილი დავის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

(აფხ.საკ. მაცნე ¹4, მუხლი 8, 2004 წლის 30 ნოემბერი)

 

 

 

თავი მეჩვიდმეტე

აფხაზეთის კონსტიტუციის მოქმედება

და მისი შეცვლის წესი


მუხლი 155

აფხაზეთის კანონი და სახელმწიფო ორგანოების სხვა ნორმატიული აქტები გამოიცემა აფხაზეთის კონსტიტუციის საფუძველზე და მის შესაბამისად.

 

მუხლი 156

აფხაზეთის კონსტიტუციის შეცვლა ხდება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც მიიღებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედის უმრავლესობა.

 

მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                                        ვ. ნადარეიშვილი

 

2000 წლის 8  დეკემბერი

 

 

 

Print
Biography
Calendar
«« December 2024 »»
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
Photo Gallery
ვიდეო
You must have Flash Player installed in order to see this player.
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions