აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა
და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი,
სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენების ვიტალი დარასელიას
სახელობის სტიპენდიით დაჯილდოების ცერემონია
გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში 5 სპორტსმენი დაჯილდოვდა: თინათინ გულბანი (ძიუდო), გიორგი ტორუა (მკლავჭიდი), სარა ბენდელიანი (ტაეკვონდო), ცოტნე დგებუაძე (კალათბურთი) და ალექსანდრე არქანია (კარატე).
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა
ვიტალი დარასელიას მოღვაწეობა გაიხსენეს და მის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს.
სტიპენდიანტებს ჯილდო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილმა და განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა გადასცეს.
ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით
გაიმართა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით
მოასპარეზე ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენების გამოვლენას, მხარდაჭერასა და წახალისებას
ემსახურება.