5 ივლისს ილიას ბაღში მდებარე უნიკალურ დარბაზში გარდენ ჰოლში ლევან ესათიას იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღვაწლმოსილ პედაგოგს, წლების განმავლობაში ქ. სოხუმის №1 საშუალო სკოლის დირექტორს - ლევან ესათიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. ღონისძიების ინიციატორები და ორგანიზატორები არიან №1 საშუალო სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებიც დიდი სიყვარულითა და სითბოთი მიესალმნენ იუბილარს, როგორც დარბაზში მყოფნი, ისე უცხოეთში მცხოვრებნი ვიდეომიმართვების მეშვეობით.

სკოლის პედაგოგებთან და აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თენგიზ გასვიანი.

თამაზ ხუბუა გულთბილად მიესალმა და მიულოცა იუბილარს ეს ღირსშესანიშნავი დღე, ისაუბრა მისი დამსახურების შესახებ სახალხო განათლების სფეროსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დიდხანს სიცოცხლე და აფხაზეთში დაბრუნება უსურვა ბატონ ლევანს.

თამაზ ხუბუამ სახალხო განათლების სფეროს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის ლევან ესათიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯილდო - საპატიო სიგელი გადასცა.



გალერეა

სხვა სიახლეები