შეხვედრა უმაღლეს საბჭოში

 

23 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ხუბუას ორგანიზებით უმაღლეს საბჭოში გაიმართა შეხვედრა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილ წარმატებულ მანდილოსნებთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აპარატის წევრები.



სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო უმაღლესი საბჭოს ახალი ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებული პროგრამები და სტრატეგიული გეგმები, რომლის განხორციელებისთვისაც უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა  სრულ მზადყოფნაშია.


„აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების პოლიტიკა არის მშვიდობიანი და სრულად ეთანხმება ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო ინიციატივას  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რაც რეალურად ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენაა მიმართული. ცხადია, მას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც აქვს უაღრესად პოზიტიური გამოხმაურება, თუმცა ისიც უნდა აღვინიშნოთ, რომ ამ სამშვიდობო ინიციატივის იმპლემენტაცია ფაქტობრივად ჯერ არც დაწყებულა, ყოველ შემთხვევაში არ დაწყებულა იმ მასშტაბებში, როგორი მოთხოვნაც არის და როგორც უნდა მიმდინარეობდეს მისი განხორციელება“ - განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.


ჯემალ გამახარიამ ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლის მოგვარებაზე მუშაობა შეუძლებელია აფხაზეთის საზოგადოების პროფესიონალი და კვალიფიციური წარმომადგნელების ჩართულობის გარეშე. ასევე შეეხო გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევის მხვრივ არსებულ უმძიმეს ვითარებას,  რაიონში ქართული ენის დისტანციური სწავლების შემოღებას, ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით განხორციელებულ პროგრამებს, აფხაზი თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობას, დედაქალაქსა და რეგიონებში ჩასახლებულ დევნილებთან ონლაინ-რეჟიმში საკონტაქტო მექანიზმის შექმნას, რაც შესაძლებელს გახდის მუდმივად ინფორმაციულ უზრუნველყოფას, აფხაზეთის კონსტიტუციის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე მუშაობას, აფხაზეთის ხელისუფლების პოლიტიკურ აქტივობას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად და სხვა პრობლემურ საკითხებს.


„ჩვენ ვაპირებთ სერიოზულად დავუპირისპიროთ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს დეოკუპაციის პოლიტიკა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ განცხადებებით და რეზოლუციებით, არამედ ვიმოქმედებთ საერთაშორისო სამართლის მექანიზმების გამოყენებით, ამ პოლიტიკის ფორმატში ასევე მოიაზრება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებთან ერთობლიობით სხვადასხვა პროგრამის ამოქმედება და ამ კუთხით გაფართოებული მუშაობა“ - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.


ცხადია, აფხაზეთის  პრობლემური საკითხების მიმოხილვამ დისკუსიის გარეშე არ ჩაიარა. ქალბატონებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, შენიშვნები, საყვედურიც კი; შესთავაზეს საინტერესო ინიციატივები და გამოთქვეს მზადყოფნა სამომავლოდ ერთობლივი მუშაობისთვის. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე გახმოვანებული ვერც ერთი პროექტი ვერ განხორციელდება სწორი საკადრო პოლიტიკისა და ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე.


უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ და კომისიის თავმჯდომარემ აკაკი გასვიანმა მოიწონეს შეხვედრის სულისკვეთება და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრა არ უნდა იყოს ერთჯერადი ხასიათის, რათა მას რეალური შედეგი მოჰყვეს.


სხდომის დასასრულს ღონისძიების ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისთვის და მოსაზრებების გაზიარებისთვის. „ჩვენ გავეცანით აფხაზეთის პრობლემებისადმი თქვენს კონცეპტუალურ მიდგომებს, გავაანალიზებთ თქვენს მოლოდინებს და დევნილ თანამემამულეებთან ერთად ვიმუშავებთ შედეგისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი რესურსების გათვალისწინებით,“ - განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 














































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions