წინასაახალწლო შეხვედრები ზუგდიდსა და ხურჩაში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით დღეს, 25 დეკემბერს, 13 საათზე ზუგდიდში შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში აფხაზეთის საზოგადოებასთან – დევნილი საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, პედაგოგებთან, სოციალურად დაუცველ ოჯახებთან წინასაახალწლო შეხვედრა შედგება.

 

აღნიშნული ღონისძიების ფორმატით წარმოდგენილი იქნება აჭარის სოფელ ფერიის აფხაზური საჯარო სკოლის თეატრალური დასის მიერ დადგმული სპექტაკლი „აყვავებულა აგავა“. დასის ჩამოყვანა ზუგდიდში უზრუნველყო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა.

ზუგდიდსა და ზუგდიდის რეგიონში განსახლებულ სხვადასხვა თაობის დევნილებს, მოწვეულ სტუმრებს შეხვდებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია,  სამეგრელო–ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის წევრები.

შეხვედრის დასასრულს საახალწლო საჩუქრებს გადასცემენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, დევნილი სკოლებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსწავლეებს.

აფხაზეთის ხელისუფლების წევრებს დღეს 15 საათზე დაგეგმილი აქვთ შეხვედრა ე.წ. საზღვრისპირა სოფელ ხურჩაში განსახლებულ დევნილებთან, აგრეთვე ენგურსგაღმა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ თანამემამულეებთან. შეხვედრა გაიმართება ხურჩის საბავშვო ბაღის შენობაში. შეხვედრის შემდეგ საახალწლო ნობათები გადაეცემათ დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, ხურჩის საბავშვო ბაღის გოგო-ბიჭებს, მათ აღმზრდელებს, სკოლის კონტინგენტს.

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions