გაიმართა „ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა“ ფრაქციის სხდომა, რომელმაც განიხილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტის კანონ-პროექტი.
აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში შემოსავლების ძირითად წყაროდ დარჩა ფინანსური დახმარება ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით, ამასთან სხვა შემოსავლები განისაზღვრება იმ პარამეტრებში, რაც ადრე იყო: საგადასახადო შემოსავლების პროექტით გაზრდა, მათ შორის აფხაზეთის ბიუჯეტს მიკუთვნებული ორგანიზაციებიდან. მსჯელობისას გამოითქვა შენიშვნები ბიუჯეტის ზოგიერთი მუხლის გაუმჭვირვალობის გამო, მიზანშეუწონლად ჩაითვალა არაპრიორიტეტული პროექტების დაფინანასება. ხაზი გაესვა სოციალური მიმართულების, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, დევნილ მოზარდთა კულტურულ - სპორტული აღზრდა დაფინანსების უპირატესობას.
ამასთან არ არის გათვალისწიენებული 2019 წლის ბიუჯეტში არსებული პროექტები, როგორიცაა ზუგდიდში საბავშვო ბაღის მშენებლობა და სხვა სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტები. ამასთან 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ისეთი სახის ხარჯები, როგორიცაა ძირითადად მთავრობის აპარატში პოლიტიკური თანამდებობის პირთა, მმართველობითი ორგანოს წარმომადგენელთათვის ხელფასების ზრდა, მათთვის ფინანსური და არაფინანსური ხარჯების დაკმაყოფილება.
არამართებულად იქნა მიჩნეული კულტურისა და განათლების სამინისტროში დამატებითი მხარჯავი სტრუქტურის შექმნა სააგენტოს სტატუსით, რომლის მიმართულებით გათვალისწინებულია ფინანსების სოლიდური ნაკადი. ასეთი სტრუქტურული რეორგანიზაცია უნდა ხდებოდეს სამინისტროში არსებული სამსახურებისთვის გამოყოფილი სახსრების გამოთავისუფლების ხარჯზე. საფუძველს მოკლებულად იქნა მიჩნეული „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული შეთანხმების“ საფუძველზე საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნებული სსიპის „კულტურის და სულიერების ცენტრის“ ააიპით - „სულიერების“ ცენტრით ჩანაცვლება. ფრაქციის წევრებმა აღნიშნეს თუ რა სერიოზული წვლილი შეიტანა ცენტრმა დაარსებიდან დღემდე ქართულ-აფხაზური კულტურის ერთიანი ფესვების შენარჩუნებასა და პროპაგანდაში. ითქვა, რომ ახალი შემსრულებლების წარმოჩენა, შემოქმედების ახალი ნაწარმოებების პრეზენტაციები, რამაც სისტემატური ხასიათი მიიღო ცენტრის საქმიანობაში, გახდა უმნიშვნელოვანესი ნიმუში ქრისტიანული წინამძღვრების დამკვიდრებისათვის ჩვენს სულიერ ცხოვრებაში. ცენტრი წარმოადგენს ზემოხსენებული შეთანხმების შესაბამისად ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის მაგალითს და მისი შენარჩუნება არსებული სახით იქნებოდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესების გათვალისწინება. მითუმეტეს, რომ ბიუჯეტი მისი ფუნქიონირებისათვის დამატებით ხარჯებს არ საჭირობს.
ფრაქციის სხდომაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის საკითხები სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს საერთოშორისო საზოგადეობისაგან, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება მოკლებულია ოკუპირებული ტერიტორიის კონტროლს. ამიტომ ასეთი დატვირთვის მატარებელი პროექტების ძირითადი დამფინანსებელი უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციები და მათგან შემოსული გრანტები, ვინაიდან აფხაზურ მხარესთან შეთანხმების გარეშე მსგავსი ხარჯების მიზნობრივი ათვისება შეუძლებელია.
ფრაქციის სხდომას უძღვებოდა ფრაქციის თავმჯდომარე რაისა ქარაია; ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრი ივანე დოლიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, დეპუტატები ელგუჯა გვაზავა, თეიმურაზ მჟავია, ვახტანგ კაჭარავა, ვახტანგ ყოლბაია, რუდიკ ცატავა.
სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები გადაიგზავნა უმაღლეს საბჭოს სესიაზე განსახილველად.