20 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა

 

 

 

 

საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 20 წლისთავის თარიღს მიეძღვნა   პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი სხდომა, რომელიც პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში ჩატარდა.

 

დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ ისაუბრეს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების მნიშვნელობაზე და მის შედეგებზე.

 

1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმეტესობამ - 97,67%-მა, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, ხმა მისცა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და ამით გამოხატა ურყევი ნება - იცხოვროს რუსულ-საბჭოური ოკუპაციისაგან გათავისუფლებულ ქვეყანაში. და ეს მაშინ, როცა აფხაზეთში კრემლის მიერ ყოველმხრივ იყო წახალისებული საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ექსტრემისტული და სეპარატისტული ორგანიზაციები: აფსუური ”აიდგილარა”, სომხური ”კრუნკი” და რუსული ”სლავიანსკი დომ”.

 

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე უკვე 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

 

რეფერენდუმის ჩატარების რეალიებზე, მისი შედეგების მნიშვნელობასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე პარლამენტარებსა და შეკრებილ საზოგადოებას ვრცელი მოხსენება გააცნო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების, დიასპორასთან ურთიერთობის, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა ჯემალ გამახარიამ.

 

დასასრულს, საპარლამენტო დროებითი კომისიისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს   ერთობლივმა სხდომამ მიიღო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ”...საქართველოსთან მიმართებაში მიღებული ნებისმიერი საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონედ ვერ ჩაითვლება, თუ იგი არ გაითვალისწინებს 31 მარტის რეფერენდუმით ჩამოყალიბებულ სამართლებრივ რეალიებს”.

 

Print
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions