ჯემალ გამახარიამ პრესკლუბ „კვირაში“ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა


“ასლან ბჟანია აშკარად ფავორიტი იყო. ერთადერთი გამოსავალი, რაც მათ რჩებოდათ, იყო ბჟანიას ჩამოშორება პროცესიდან, როგორც მოხდა შარშან. რუსეთი შურს იძიებს აფხაზებზე” – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა.


გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რუსეთი ძალიან შეურაცხყოფილია იმით, რომ ხაჯიმბა გადააყენს.

 

„რასთან გვაქვს საქმე. რუსეთს ისე კარგად არ აქვს საქმე აფხაზეთში, როგორც შეიძლება, ეს ვიღაცას ეგონოს – თუნდაც ჩვენ აქ, თბილისში. არის დიდი წინააღმდეგობა. სხვათა შორის, ერთ ფაქტზე მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო – როდესაც ხაჯიმბას გადადგომის პროცესი და დაპირისპირებები მიმდინაროებდა, მაშინ იქ სურკოვი იყო ჩასული, რომელიც ხაჯიმბასთან ე.წ. გოზდაჩაზე ადიოდა. იქ მიდიოდა პროტესტი, ადამიანები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ. მათ სურკოვი რომ დაინახეს, მისი მანქანა გადააბრუნეს. ეს მაშინ არსად გაჟღერებულა არც აფხაზეთში, არც რუსეთში, არც ჩვენთან. ამას მომიყვა ადამიანი, რომელიც საპროტესტო მასაში იმყოფებოდა. ამიტომ გადააყენეს სურკოვი. ფაქტობრივად, ამით იმ ადამიანებმა გადააბრუნეს რუსული პოლიტიკა.

 

რუსეთი ძალიან შეურაცხყოფილია იმით, რაც მოხდა იანვარში – ხაჯიმბას ძალით გაამარჯვებინეს, დიდი ზარზეიმით ინაუგურაცია ჩაატარეს და ერთ თვეში თუ თვე-ნახევარში გააპანღურეს და მერე სურკოვის მანქანაც გადააბრუნეს. რუსეთი იძულებული იყო, დაეშვა ასლან ბჟანიას მონაწილეობა ამ ე.წ. არჩევნებში, მაგრამ, როგორც ჩანს, კარგად გაიზრეს, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს. ბჟანია აშკარად ფავორიტი იყო და არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ეს გუნდი გაიმარჯვებდა. ერთადერთი გამოსავალი, რაც მათ რჩებოდათ, ეს იყო ბჟანიას ჩამოშორება ამ პროცესიდან, როგორც მოხდა შარშან. რუსეთი შურს იძიებს აფხაზებზე, ამით აფხაზებს უჩვენებს, რომ აქ მე ვარ ბატონი და ჩემი კანდიდატი უნდა გავიდეს, ვინც მე არ მემორჩილება, გაიზიარებს ბჟანიას ბედსო. ამასთან გვაქვს საქმე, ოკუპანტთან გვაქვს საქმე. ხვალ და ზეგ უნდა ველოდეთ ვითარების დაძაბვას.

როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, ვივარაუდოთ. დიდი ალბათობით, ეს იქნება საკმაოდ მწვავე დაპირისპირება, რომელიც, მე არ გამოვრიცხავ, შეიძლება, სამოქალაქო დაპირისპირებამდეც მივიდეს”, – განაცხადა გამახარიამ.

 

გამახარია აცხადებს, რომ, ექიმების ოფიციალური დასკვნით, ბჟანიას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია აქვს, “რია ნოვოსტი” კი წერს, რომ ის გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლეს.

 

“როგორც მოსალოდნელი იყო, ფაქტობრივად, მივიღეთ ის ვითარება, რაც იყო შარშან, აპრილიდან მოყოლებული. შარშან, 18 აპრილს მოსკოვიდან სოჭში დაბრუნებული ბჟანია გახდა ავად, ფაქტობრივად, მოიწამლა დაცვის წევრებთან ერთად.

 

ახლაც მოსკოვში იმყოფებოდა ბჟანია, 28 თებერვალს ჰქონდა აფხაზურ დიასპორასთან შეხვედრა, 1-ელ მარტს საღამოს ჩამოფრინდა სოჭში, სახლი აქვს და, ალბათ, სახლში იყო და 2-ში დილით გახდა ცუდად. ფაქტობრივად, კომაში იყო. დაცვის წევრებიც, ასევე, ცუდად გრძნობდნენ თავს და განვითარდა ის პროცესები, რაც ჩვენთვისაა ცნობილი.  განმეორდა ის, რაც მოხდა შარშან და, ბუნებრივია, ეს შემთხვევითი არაა. როგორც კი ე.წ. წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, ბჟანია, თითქოს, ძალიან კარგად გრძნობდა თავს. აჩვენებდნენ, როგორ დარბის სანაპიროზე, ვარჯიშობს. ამავე დროს, მისი მოწინააღმდეგე მედია წერდა იმის თაობაზე, რომ ის არის ცუდად, რომ მან მიიღო ჩაქცევა, სულ ამაზე იყო საუბარი, არადა, კაცი ნორმალურად იყო. პარალელურად, მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ ადგურ არძინბა რეიტინგით უკვე კარგად უსწრებს ბჟანიას და ეს არის ჩვენი მომავალი პრეზიდენტიო. ეს ყველაფერი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. ესაა დიდი ჯაჭვის რგოლები, რომელმაც მიგვიყვანა იქამდე, რომ ბჟანია იმყოფება კრასნოდარში. მოგიტანეთ ექიმების დასკვნა, სადაც წერია, რომ პაციენტს დაუდგინდა ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, საშუალო სიმძიმის, მაგრამ არა მოწამვლა. თუმცა, არ გასულა ერთი საათი ამ დოკუმენტის გამოქვეყნებიდან და “რია ნოვოსტი” ავრცელებს ინფორმაცის, რომ ექიმებმა ბჟანიას დაუდგინეს, რომ ის არის დაუდგენელი, გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლული. ოფიციალური დასკვნა არის ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია და არავითარი მოწამვლა, “რია ნოვოსტი” კი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ გაურკვეველი ნივთიერებითაა მოწამლული”, – განაცხადა გამახარიამ.

 

ცნობისთვის, ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი ასლან ბჟანია ორი დღის წინ მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ე.წ. არჩევნები 22 მარტსაა დანიშნული. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის, ასლან ბჟანიას შტაბში აცხადებენ, რომ, თუ ბჟანია 22 მარტს დაგეგმილ „არჩევნებში“ ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას, შტაბი მისი გადადების საკითხს დააყენებს.

ასლან ბჟანიას მხარდამჭერები გუშინ აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის შენობაში შეიჭრნენ. ისინი მესამე სართულზე ავიდნენ, სადაც ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ვალერიამ ბგანბა მომიტინგეებთან შეხვედრას მართავდა.

 

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას ასობით მხარდამჭერი თანამდებობიდან ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას გადადგომას ითხოვდა. მათი თქმით, არჩევნებამდე „ქვეყანაში“ საპარლამენტო მმართველობა უნდა დამყარდეს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ ასლან ბჟანია კიდევ ერთხელ მოწამლეს.

იხილეთ ბმული: http://scara.gov.ge/ka/2010-03-17-12-51-25/2010-06-28-12-10-07.html?view=video&video=47

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions