ჯემალ გამახარიას კომენტარი რუსეთში გამართულ რეფერენდუმზე, რომელიც რატომღაც აფხაზეთშიც ჩატარდა

როგორც ცნობილია, რეფერენდუმი ეძღვნებოდა დაგეგმილ ცვლილებებს რუსეთის კონსტიტუციაში. ცვლილებების მთავარი არსი და ერთადერთი მიზანი ვლადიმერ პუტინის სიცოცხლის ბოლომდე გაპრეზიდენტებაა. კენჭისყრა 25 ივნისიდან მიმდინარეობდა და დღეს დასრულდა.

 

ჯემალ გამახარიას განცხადებით „რეფერენდუმის შედეგები წინასწარ ცნობილია, ამიტომ მასზე საუბარი არ ღირს. საბოლოო ჯამში, მაინც რუსი ხალხის საქმეა ვინ და რა ვადით იქნება მათი პრეზიდენტი, კიდევ რამდენ წელიწადს მოითმენს ხელისუფლების უზურპატორებს, კორუფციაში ყურებამდე ჩაფლულ მმართველებს. მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა მშვენივრად იცის, რისთვის ტარდება ეს რეფერენდუმად წოდებული ფარსი. ბევრი ღიად აფიქსირებს, რომ ეს ყოველივე რუსი ხალხის აბუჩად აგდება და დაცინვაა. რაშიც ძნელია მათ არ დაეთანხმო“.      

ჩემი ღრმა რწმენით, ბატონ პუტინს საკუთარი ქვეყანა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში შეჰყავს. იგივე მოელის ოკუპირებულ აფხაზეთსაც. მისი მოსახლეობისა და დე-ფაქტო მმართველების მონაწილეობა რუსეთის რეფერენდუმში, რაც დღეს ვიხილეთ, იმის კიდევ ერთი ნათელი და თვალსაჩინო დადასტურებაა, რომ აფხაზეთი ნამდვილად წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიას. აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა 90-95 პროცენტი, ხოლო დე-ფაქტო მმართველთა 100 პროცენტი რუსეთის მოქალაქეები არიან. რა თქმა უნდა, კრემლს აფხაზეთიდან ექნება სრული მხარდაჭერა იმის მოლოდინში, რომ მადლიერი ვლადიმერ პუტინი საკუთარი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გამათხოვრებულ აფხაზეთს განუახლებს შეჩერებულ დაფინანსებას, გამოუგზავნის გაყინული ხელფასებისა და პენსიების გასაცემ თანხას. ვეჭვობ, ეს მოლოდინი ამაო იქნება. ასეთ სამწუხარო რეალობაში იმყოფება ოდესღაც აყვავებული, ამჟამად კი დაუნდობელი და სასტიკი ოკუპანტის ბრჭყალებში მოქცეული აფხაზეთი“ - აცხადებს ჯემალ გამახარია.

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions