შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გელენავა, უმაღლესი საბჭოს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის კოორდინატორი ნანა კვარაცხელია, სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია.
პროექტი ითვალისწინებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის ყველა საგნის კლასგარეშე დისტანციურ (ასინქრონულ) სწავლებას ქართულ ენაზე. პროექტით სარგებლობა ასევე შეეძლებათ საქართველოს სხვა რეგიონებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ წარმოდგენილი საკითხით დაინტერესებულ მოზარდებს.
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კლასგარეშე დისტანციური სწავლების ფარგლებში 2019-2020 სასწავლო წელს ჩაერთო 100-ზე მეტი მოსწავლე. გამორჩეული დაინტერესების მქონე მოზარდებზე გაიცა წამახალისებელი სტიპენდიები. ამ ეტაპზე საზაფხულო-საკონკურსო დავალებების ფარგლებში გრძელდება დისტანციური სწავლება.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი გელენავამ აღნიშნა, ახალი სასწავლო წლიდან აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება პროექტის მიმდინარეობის პროცესში.
ნანა კვარაცხელიას განცხადებით, სასურველია მომავალში პროექტი -„კლასგარეშე დისტანციური სწავლება“ მთლიანად აფხაზეთის განათლებისა და კულტური სამინისტროში განხორციელდეს პროექტის ავტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
პროექტის მეშვეობით დისტანციურ სწავლებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს I-დან XII კლასის ჩათვლით. რეგისტრაციის გავლა, სხვადასხვა სასწავლო კურსის მიხედვით, შესაძლებელი იქნება ონლაინელექტრონულ ბმულზე.
შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ხსენებულ პროექტში მოსწავლეების ჩართულობას.