აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეუქცევადობას

„აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეუქცევადობას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით ჩვენი თანამშრომლობა ისეთ მაღალ ნიშნულზეა როგორც არასდროს.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცების შეფასებისას განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და ხაზს უსვამს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მდგრადობის ამაღლებისა და შეკავების გაძლიერებისთვის, ლეტალური და არალეტალური შესაძლებლობებით საქართველოს დახმარებისა და რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას. აღნიშნული ამოცანების მისაღწევად, დოკუმენტის თანახმად, წარმომადგენელთა პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და მზადყოფნის ხელშეწყობას, ნატო-ს ძალებთან ურთიერთავსებადობის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოსა და შავი ზღვის სხვა რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ჩართულობის გაძლიერებას.

 

ამასთან, მინისტრის განცხადებით,  აქტის ამოქმედებიდან 180 დღის განმავლობაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, თავდაცვის მდივანთან კოორდინაციით, ევალება კონგრესს მიაწოდოს ანგარიში  - საქართველოში (ასევე, უკრაინაში, მოლდოვასა და აზერბაიჯანში) იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია აღნიშნული ქვეყნების ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცხო ძალების მიერ მოკლულ პირთა რაოდენობის შესახებ და ასევე, ანგარიში აშშ-ის მიერ ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორებისათვის, მათ შორის საქართველოსთვის ეკონომიკური ან მსგავსი სახის სხვა დახმარების შესახებ.

 

მინისტრის შეფასებით თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა ორი ქვეყნის ურთიერთობებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, რაც გამყარებულია როგორც კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერით, ისე აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებით, დავით ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტი სენატში პროცედურებს ასევე წარმატებით გაივლის "მინდა გამოვთქვა იმედი, რომ კანონპროექტი, რომელიც სენატში გადაინაცვლებს, ასეთივე წარმატებით გაივლის პროცედურებს და მიღებული იქნება სენატის ვერსია, იმისთვის, რომ ის საბოლოოდ იქცეს კანონად“- აღნიშნა მინისტრმა.

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი (NDAA)  2021 წლის 21 ივლისს დაამტკიცა, რომელშიც აშშ-საქართველოს თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეთმობა. დოკუმენტში, როგორც ევროპული უსაფრთხოების ნაწილი, საქართველო მოაზრებულია, აშშ-ის ფასეულ პარტნიორად.

 

აღსანიშნავია, რომ პარალელურად მიმდინარეობს აღნიშნული კანონპროექტის სენატის ვერსიის (NDAA FY21 S.4049) განხილვა. კანონის მიღებამდე ორივე პალატა საკუთარ  ვერსიებს  შეაჯერებს, რაც გადაეგზავნება აშშ-ს პრეზიდენტს ხელმოსაწერად.

https://mfa.gov.ge/News/tavdacvis-avtorizaciis-aqti-adasturebs,-rom-saqart.aspx?CatID=5

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions