უმაღლეს საბჭოში კიდევ ერთი მინისტრის ანგარიში მოისმინეს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი პლენარული სხდომა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მიერ 2020 წლის 9 თვის მუშაობის ანგარიშის განხილვას დაეთმო.

 

სხდომა ტრადიციულად ონლაინ დისტანციურ რეჟიმში გაიმართა და მას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. მოხსენებით მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე წარსდგა (მოხსენება იხილეთ აქ ).

 

სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიში დეპუტატებს გასაცნობად რამდენიმე დღით ადრე გადაეცათ, ამიტომაც კონსტანტინე კუჭუხიძემ მოკლედ მიმოიხილა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის დეტალები და დაელოდა დეპუტატთა შეკითხვებსა და მოსაზრებებს, რომლებიც საკმაოდ კრიტიკული და მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა.

 

ამ მხრივ განსაკუთრებულად გამოირჩეოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, რომელმაც აღნიშნა, რომ „სამინისტროს საქმიანობის შესახებ წერილობით წარმოდგენილი პოლიტიკური, სოციალური, ფინანსური და ბიუროკრატიული მახასიათებლები არ იძლევიან მკაფიო და უტყუარ წარმოდგენას სამინისტროს ყოველდღიური მუშაობის მიზნობრიობასა და ეფექტიანობაზე, მისი დანიშნულების გარდუვალობაზე“. ამასთან, თამაზ ხუბუამ გაიხსენა ის პირობა, რაც დევნილთა დეპარტამენტის სამინისტროდ ლობირებისას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ დადო; საუბარია იმის შესახებ, რომ მაშინ ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერის სანაცვლოდ, ბატონი რუსლან აბაშიძე ირწმუნებოდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ინტენსიური კომუნიკაციით ახლადშექმნილი სამინისტროსთვის დამატებითი და დევნილი მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უფლება-მოვალეობების დელეგირებას; „აღნიშნული „არ“ ან „ვერ“ განხორციელდა და მივიღეთ არამკაფიო წარმოდგენების მატარებელი უწყების რაღაც სუროგატული წარმონაქმნი. ჩემთვის აუხსნელია, რატომ არის სამინისტროს ქუდქვეშ მოქცეული ისეთი ფუნქციების აღსრულება, რომელიც უფრო მეტად განეკუთვნება იუსტიციის, ჯანდაცვის სფეროებს და რატომ ხდება მისი კუთვნილი ფუნქციების სხვა უწყებებში დუბლირება? რატომ არის  დაკნინებული მთავრობის წარმომადგენლობების შესაძლებლობები რეგიონებში და რას გვაძლევს ასეთი ფორმით მათი შენარჩუნება? ხომ არ იქმნება საშიშროება საკმაოდ სოლიდური ასიგნებების არადანიშნულებისამებრ და არაეფექტიანად ხარჯვისა?,“- ასეთი იყო ბატონი თამაზ ხუბუას კრიტიკული კითხვები და შეფასებები, თუმცა მან იქვე დასძინა, რომ მინისტრი და სხვა ხელმძღვანელი პირები, გამოცდილი მენეჯერები არიან და საჭიროა მათ მეტი პრინციპულობა გამოიჩინონ, რათა ღიად, გამჭვირვალედ წარმოაჩინონ არასახარბილო შედეგების რეალური მიზეზები.

 

ფრაქცია „ახალი აფხაზეთი-სამართლიანობის“ თავმჯდომარემ, რაისა ქარაიამ დააკონკრეტა თუ სად, რომელ უწყებაში ხდება დევნილთა სამინისტროს ფუნქციების დუბლირება, მან მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიც ახსენა; ამასთან გაკვირვება გამოხატა იმის გამოც, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა სამინისტრო, რომელიც ვალდებულია რეაგირება განახორციელოს სოციალურად შეჭირვებული დევნილების პრობლემების მოსაგვარებლად,  თანხმდება ჩამოეჭრას მნიშვნელოვანი საბიუჯეტო თანხები, მაშინ, როდესაც ეს თანხები გაუგებარი მიზეზით სხვა სტრუქტურის ბიუჯეტს ემატება.

 

კრიტიკული კითხვებით და შეფასებებით იყვნენ აგრეთვე გამორჩეული ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა-ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარე თემურ ლორთქიფანიძე, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი გასვიანი, სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა.

 

იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყოლბაიამ ძირითადად გაიზიარა თამაზ ხუბუას შეფასების პათოსი, ამასთან, ხაზი გაუსვა მინისტრის განსაკუთრებულ მენეჯერულ მონაცემებს და გულისტკივილით აღნიშნა რომ სამინისტროს ფუნქციები არის დაკნინებული. მან აუცილებლად ჩათვალა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას მიაწოდონ რეკომენდაციები, რათა სამინისტროს მიეცეს მისი სტატუსის ადეკვატური საქმიანობის შესაძლებლობა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მურმან კვარაცხელიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილმა, დეპუტატებმა ანზორ წოწონავამ და ვახტანგ კაჭარავამ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დეპუტატისთვის ცნობილია, დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების საქმეში არანაირი მონაწილეობის უფლებამოსილება არ გააჩნია კონსტანტინე კუჭუხიძეს დაქვემდებარებულ სამინისტროს, უმაღლეს საბჭოში მიზანშეწონილად მიაჩნიათ, მეტად იაქტიურონ, რათა ამა თუ იმ სახით ჩართონ მათი თანამშრომლები იმ შემოწმებებში, რომელიც ტარდება ფედერალური უწყების მიერ ბინების გაცემის წინა პერიოდში და მათი მონაწილეობით ხელი შეუწყონ პროცესის უფრო მეტად გამჭვირვალობას და სამართლიან განაწილებას.

 

როგორც მინისტრმა კუჭუხიძემ საკუთარ დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შეხვედრა ჰქონდათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და

 

სოციალური დაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან. მისივე განცხადებით, შეხვედრის მიზანს    შეადგენდა   ფედერალური უწყებიდან დევნილთა საკითხებთან დაკავშირებული ცალკეული ფუნქციების ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროსათვის დელეგირების საკითხი. ამ ეტაპზე ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის  მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.  მინისტრმა დასმულ სხვა შეკითხვებსაც უპასუხა, რითაც დეპუტატებისათვის ბევრი რამ უფრო გამჭვირვალე და მისაღები გახდა. რაც შეეხება სამინისტროს უფლებამოსილებისა  და შესაძლებლობის არათანაბარზომიერებას, კონსტანტინე კუჭუხიძემ ეს შეუსაბამობა აღიარა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ის მეტ პრინციპულობას გამოიჩენს.

 

პლენარული სხდომაზე გამართული სერიოზული სჯა-ბაასის შედეგები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შეაჯამა. როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, ძირითადად ის იზიარებს კოლეგების კრიტიკულ შენიშვნებს, მაგრამ მასში განსაკუთრებულ კითხვის ნიშნებს აჩენს სამინისტროს ფუნქციებისა და საქმიანობის დუბლირებები ჩვენივე მთავრობაში. „ეს სამინისტრო აუცილებლად უნდა არსებობდეს, მაგრამ ის უნდა იყოს ფუნქციებით დატვირთული. თქვენ უნდა გქონდეთ მეტი და აქტიური კომუნიკაცია დევნილებთან. თქვენი სამინისტროს თანამშრომლები დევნილთა ინტერესების დასაცავად, მათი პრობლემების მოსაგვარებლად სისტემატურად უნდა კონტაქტობდნენ მერიებთან და გამგეობებთან. ეს სამინისტრო უნდა იყოს თითოეული დევნილის  შუამავალი ადგილობრივი თვითმმართველობისა თუ ფედერალურ ორგანოებთან; თუ ასე არ იქნა დატვირთული ფუნქციებით, მაშინ, მართლაც, რა აზრი აქვს მის არსებობას?“- აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.

 

ამასთანავე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კმაყოფილება გამოხატა გამართული განხილვის გამო და გამოთქვა იმედი, რომ პლენარულ სხდომაზე შემდგარი დისკუსია, დიალოგი თავის შედეგს გამოიღებს და მომავალ საგაზაფხულო განხილვაზე ნაკლები იქნება საყვედური სამინისტროს მისამართით და მეტი - საქებარი.



Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions