თამაზ ხუბუა: რუსულ ნეოიმპერიულ ვნებებს გაერთიანებული ძალისხმევა უნდა დაუპირისპირდეს!

ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა დაევალა.


ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. "საზღვრის" საკითხებზე იქნება უკანონო და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს და საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება მანამ, სანამ რუსეთი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციას არ მოახდენს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა აღნიშნულ გარემოებას ეხმიანება:

„ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი არ იღლება თავისი ,,ველიკოდერჟავული" ზრახვების მუდმივი განსაგნების მცდელობებში.

რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა. განსაკუთრებული გამჭრიახობა არ სჭირდება იმას, რომ რუსეთი აანონსებს, მის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაკანონებისა და ახალი მიტაცებების იმპერიულ პარადიგმას.

საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებაში რუსეთის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნებოდა გონივრული, რომ არ არსებობდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემატიკა. დღეისთვის კი, საქართველოსთან საერთო საზღვარზე ლაპარაკი კრემლის მხრიდან, ჩვეული პოლიტიკური უტიფრობაა და სხვა არაფერი.

გენიალურმა რუსმა მხედართმთავარმა სუვოროვმა, როდესაც აფასებდა ახალგაზრდა ნაპოლეონ ბონაპარტეს პირველ, გაბედულ და ხშირ შემთხვევაში ავანტიურისტულ სამხედრო და პოლიტიკურ ნაბიჯებს, თქვა: ,,ჩქარა მიაბიჯებს ბიჭუნა! დროა ის შევაჩეროთ!" მაშინდელ ევროპას რომ ყურადეღო გენერალისიმუსის ეს გაფრთხილება, შესაძლებელია კონტინენტსა და იქ მაცხოვრებელ ხალხებს ბევრი უბედურება აეცილებინათ თავიდან.

ხომ არ უდგას ჟამი თანამედროვე მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობას, იზრუნოს ,,რუსი ბიჭუნას", პოლიტიკურად ამჩატებული ქმედებების ცივილიზებულ ჩარჩოში მოსაქცევად?! დარწმუნებული ვარ, ასეთი გაერთიანებული ძალისხმევით უფრო დაჩქარდება რუსული ნეოიმპერიული ვნებებისთვის ,,ვატერლოოს" დღის დადგომა!“- აღნიშნავს თამაზ ხუბუა

 

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions