უმაღლეს საბჭოში გრძელდება საკომიტეტო მოსმენები აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურულ ერთეულებში საკადრო რეორგანიზაციის მიმდინარეობის თაობაზე

11 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომა გაიმართა.

 

ამჯერად უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაციის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც წარმოადგინა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რაულ წულაიამ.

სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი გასვიანი. მან კვლავინდებურად ყურადღება გაამახვილა იმ ადამიანების მდგომარეობაზე, რომლებიც რეორგანიზაციის შედეგად უმუშევარი რჩებიან. თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ სამსახურიდან განთავისუფლებული ადამიანები მობილობით სხვა უწყებაში დასაქმება პრაქტიკულად არ ხდება, რაც არასწორია და ამ საკითხს ყურადღება უნდა მიექცეს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამაზ ხუბუას აზრით, სამინისტროების წარმომადგენელთა მიერ გაჟღერებული მოტივი და კრიტერიუმები ადამიანების სამსახურიდან განთავისუფლებისა არ არის მისაღები. რეორგანიზაცია არასასურველ დროს და არამოტივირებულად დაინიშნა. მან ამ პროცესს უწოდა მოუფიქრებელი, შეუთანხმებელი და არასწორ დროს დაგეგმილი.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია მიიჩნევს, რომ აფხაზეთის მთავრობის აღმასრულებელ უწყებებში მიმდინარე პროცესი და კოვიდპანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობა სულ სხვა რეალობის წინაშე გვაყენებს. აუცილებელია გამოინახოს გზები იმისათვის, რათა მოხერხდეს აფხაზეთის აღმასრულებელ უწყებებში მომუშავე ადამიანების ადგილებზე შენარჩუნება.

სხდომის მონაწილე ყველა დეპუტატი მიუღებლად მიიჩნევს ადამიანების სამსახურებიდან განთავისუფლებას იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში გამოცხადებულია პანდემია. უმაღლესი საბჭოს წევრთა განცხადებით, კონტროლზე იქნება აყვანილი რეორგანიზაციის შედეგად შემცირებაში მოხვედრილი თითოეული თანამშრომლის საკითხი.  











































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions