2021 წლის 12 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია და თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია ჯახაია, იმყოფებოდნენ შეხვედრაზე, რომელიც ბატონი თამაზ ხუბუას ინიციატივით შედგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში.
ბატონმა თამაზ ხუბუამ სამინისტროს თანამშრომლებს გააცნო უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებული საქართველოს პარლამენტში წარდგენილი და შემდგომში წარსადგენი საკანონმდებლო ინიციატივები და ევროსასამართლოში გასაგზავნად შედგენილი რამდენიმე სარჩელის შინაარსი, რომელთა მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამემამულეთა სოციალური და პოლიტიკური დაცულობის უზრუნველყოფა, გენოციდის მსხვერპლთა თემის აქტუალიზაცია.
ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ივანე დოლიძემ ხაზი გაუსვა უამღლესი საბჭოსა და სამინისტროს მჭიდრო კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ინტენსიურობას, ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღებულ დადებით შედეგებსა და სამომავლო გეგმების ეფექტურობის ამაღლებას.
შეხვედრაზე ბატონებმა თამაზ ხუბუამ და ზურაბ მებონიამ პასუხები გასცეს მათ წინაშე დასმულ შეკითხვებს. საყურადღებო იყო ვალერი ბასარიას მიერ წამოწეული საკითხი, მიწის ნაკვეთების სტატუსთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე, რაც ხელს უშლის ინვესტორების მიერ პროექტების დაფინანასებას და შესაბამისად განხორციელებას; მამუკა გოგიას მიერ დასმული შეკითხვა რესტიტუციის კანონთან დაკავშირებულ ეკონომიკის სამინისტროში არსებულ დოკუმენტაციას შეეხებოდა, რომელიც ხელს შეუწყობს კანონში შესატანი ცვლილებების არსებულ რეალობასთან მეტი შესაბამისობის უზრუნველყოფას და ამ მიმართულბით უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერის აუცილებლობას შეეხებოდა.