„ავტოკეფალური“ ახირება

 




ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ისტორიულ–კულტურული ძეგლების მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ომის შემდგომ წლებში ქართულ მხარეს არ ჰქონია შესაძლებლობა აფხაზეთში ჩაეტარებინა კულტურულ ძეგლთა სათანადო კვალიფიციური კვლევა. ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის „ვანდალური რესტავრაციის“ გარდა აფხაზეთში კულტურის აფხაზ მესვეურთა მხრიდან იგეგმება კიდევ 80 ძეგლის მორიგი „რესტავრაცია–გადარუსულება“. სეპარატიტების თვითნებობა ყოველგვარ ფარგლებს გასცდა და ახლა უკვე , არც მეტი, არც ნაკლები, აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალურობა ითხოვენ.

 

–თუ რამდენად მართებულია თვითონ ტერმინი - აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია და რამდენად რეალურად დგას საშიშროების წინაშე დღეისათვის უკონტროლო ცხუმ–აფხაზეთის ეპარქია, ამას უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ისტორიკოსი, პროფესორი ჯემალ გამახარია განმარტავს.

 

– ისტორიულად ასეთი ტერმინი საერთოდ არ არსებობდა არცერთ ეპოქაში, არსებობდა მხოლოდ აფხაზეთის საკათოლიკოსო, რომელიც მოიცავდა არა მარტო თანამდროვე აფხაზეთის ტერიტორიას, არამედ მთელს დასავლეთ საქართველოს. უფრო მეტიც, არსებობს მე-16 საუკუნის ქართული საეკლესიო სამართლის  უბრწყინვალესი ძეგლი - „ბიჭვინთის იადგარი“, რომელშიც ბიჭვინთის საკათალიკოსოს საზღვრებიცაა მითითებული – „ლიხსა და კაფას (ფეოდოსია) შუა და რუსეთის სამზღვარსა და ჭანეთს შუა“ – აი, ამტერიტორიას მოიცავდა აფხაზეთის საკათოლიკოსო. თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია, ბუნებრივია, შემოდიოდა ამ საკათოლიკოსოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს იყო აფხაზური ეკლესია, ან აფხაზეთის ეკლესია იმ გაგებით, რა გაგებითაც დღეს საუბრობენ აფხაზეთის სასულიერო პირები და ზოგიერთი პოლიტიკოსი, მაგალითად, რაულ  ხაჯიმბა.

 

– რამდენად მოსალოდნელია, რომ აფხაზეთის ეკლესიას მიენიჭოს ავტოკეფალურობა და რა შემთხვევაში?

 

– ერთადერთ შემთხვევაში –  თუ ამას აღიარებს ქართული ეკლესია, რაც არასოდეს არ მოხდება იმ მიზეზის გამო, რომ ის, რასაც ჩვენი ოპონენტები აფხაზეთის ეკლესიას უწოდებენ, უძველესი დროიდან იყო ქართული არა მარტო ტერიტორიულად, არამედ ყველა თვალსაზრისით. მათ არ ჰყავთ არც ეპისკოპოსები, არც მიტროპოლიტები, ხოლო სასულიერო პირები არიან უკანონოდ ხელდასხმულები, ანუ არ არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ კურთხეული, ბესარიან აპლიას გამოკლებით, თუმცა ისიც პატრიარქმა დიაკვნის ხარისხში აკურთხა და არა იმ ტიტულით, რასაც დღეს ატარებს.

 

–თქვენ ბრძანეთ, რომ მხოლოდ საქართველოს თანხმობის შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს აფხაზეთის ეკლესიას ავტოკეფალია. ანალოგიური თანხმობა სჭირდებოდა აფხაზეთის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასაც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თანხმობა არ მიუცია, დღეს გვაქვს რუსეთისა და კიდევ სამი სახელმწიფოს მიერ აღიარებული  აფხაზეთი. შეიძლება თუ რა მოხდეს ასეთი რამ ავტოკეფალიასთან მიმართებაშიც?

 

– ასეთი ანომალიური აქტი გამორიცხულია მაშინ, როცა საქმე ეხება ეკლესიას. მართლმადიდებლური ეკლესია საეკლესიო კანონებს ბევრად უფრო მტკიცედ იცავს, ვიდრე ამას აკეთებენ პოლიტიკოსები ან სხვა რელიგიური მიმდინარეობები. ასე რომ, პირადად მე აბსოლუტურად ვარ დამშვიდებული ამ კონკრეტულ შემთხვევაში. რუსეთმა თითქოს აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ ეკლესიამ ეს ტერიტორია მაინც საქართველოს კანონიკურ ტერიტორიად ჩათვალა, მოგეხსენებათ, რუსეთს ამ მხრივ საკუთარი პრობლემები აქვს უკრაინაში, ბელორუსიაში. ისინი მართლა დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, მაგრამ ეკლესიურად რუსეთის პატრიარქს ექვემდებარებიან.

 

– რასაც ხაჯიმბა და მისთანები აცხადებენ, ამას ეკლესიისთვის და დიდი პოლიტიკისთვის მნიშვნელობა არა აქვს. ვისაც საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნია აფხაზეთის თანამედროვე ეკლესიის, მისი ისტორიის შესახებ შესახებ, მზად ვართ, ყველას მივაწოდოთ ამის თაობაზე დოკუმენტური მასალა და დავუსაბუთოთ  მყარად, რომ აფხაზეთი ოდითგანვე იყო ქართული ეკლესიის სამწყსო, ტერიტორიულად ყოველთვის იყო საქართველოს ნაწილი.

 

ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions