კავკასიის გაერთიანებამ შეიძლება რუსეთის ფედერაციის დაშლის პროცესი გამოიწვიოს





ერთი წლის წინ ჩერქეზულმა საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა თხოვნით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქზი ხალხის მიმართ განხორცილელებული გენოციდის აღიარების შესახებ. ქართველი მეცნიერების მიერ ჩატარებული ისტორიული კვლევების საფუძველზე დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარების შესახებ. პოლიტიკურ წრეებში ამის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ჩვენ გავესაუბრეთ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”დემოკრატიული რეფორმებისთვის” თავმჯდომარეს თეიმურაზ მჟავიას.

- ბატონო თემურ, რატომ მიმართა ჩერქეზმა ხალხმა ამ საკითხის თაობაზე მაინც და მაინც საქართველოს?

- ერთადერთი მიზეზიდან გამომდინარე, - დღეს ყველაზე უფრო ნათლად გამოიკვეთა დაპირისპირება რუსეთსა და საქართველოს შორის, გართულებულია სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები იმის გამო, რომ სწორედ რუსეთმა განახორციელა მსგავსი ქმედებები საქართველოს მოსახლეობის მიმართ და მან აღიარა საქართველოში შემავალი რეგიონული სუბიექტები დამოუკიდებლად.

- რას მოუტანს საქართველოს ეს აღიარება? კიდევ უფრო ხომ არ დაამძიმებს ისედაც ჩიხში მყოფ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს?

- რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესაძლო გართულების გამო ამაზე უარის თქმა მიუღებლად მიმაჩნია. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა ჩვენი ურთიერთობების ჩიხში შესაყვანად, ამაზე მეტი დამძიმება  უკვე არ არსებობს. სხვა საკითხია, თუ რამდენად დროულია ეს დღეს. მე, როგორც ინდივიდუალური სუბიექტი, ვთვლი, რომ გენოციდის აღიარება საჭიროა,  მაგრამ არა ამ ეტაპზე.

- მაშინ როდის?

- ამის ეტაპი (ერთ-ერთი) არის საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულების დაფიქსირება სოჭში ჩასატარებელი 2014 წლის ოლიმპიადის მიმართ.  ჩვენი ვალია, ხმა შევუერთოთ ოლიმპიადის ჩატარების მოწინააღმდეგეებს.

- რომელსაც შედეგი არ მოჰყვება?

- ჩვენ არ ვიცით, მოჰყვება თუ არა! ნებისმიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე გარკვეული ფაქტორები ახდენს გავლენას. ჩვენ უნდა გავაცნოთ მსოფლიოს, რომ არ ვუჭერთ მხარს ოლიმპიადის ჩატარებას იმ ადგილზე, რომელიც ჩერქეზების მასობრივი ხოცვის დროს სისხლით არის მორწყული. ასე რომ, გენოციდის აღიარებამდე ეტაპობრივად უნდა მივიდეთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როგორ შეხვდება ამას რუსული საზოგადოება, რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტი. რუსეთი პრაქტიკულად ამისთვის მზად არ არის, იმიტომ რომ იქ ავტორიტარული რეჟიმი მეფობს.

- რუსეთი თავს იმით იმართლებს, რომ იმ დროს მთელს მსოფლიოში საერთაშორისო სამართალი სულ სხვა კრიტერიუმებით განისაზღვრებოდა და კოლონიალურ პოლიტიკას მთელი რიგი დასავლური ქვეყნები ახორციელებდნენ.

- სამწუხაროა, რომ რუსეთი ჩერქეზეთის საკითხს უყურებს, როგორც მის წინააღმდეგ მიმართულ აქტს. მიუხედავად დიდი სირთულეებისა, მას აქვს შესაძლებლობა, რომ გაემიჯნოს იმ პოლიტიკას, რომელსაც თავის დროზე აწარმოებდა მეფის რუსეთი. თუკი ამას გააკეთებს, მაშინ უნდა მოაყოლოს მეორე ნაბიჯიც - პირველ რიგში აღიაროს გენოციდის ფაქტი და მეორე, გამოხატოს მზადყოფნა ჩერქეზების ისტორიულ სამშობლოში დასაბრუნებლად. ბოლოს და ბოლოს, გერმანულმა სახელმწიფომ ბოდიში მოუხადა ებრაელ ხალხს, რასაც შედეგად მოჰყვა თავად გერმანელების აღიარება იმის შესახებ, რომ ებრაელები გერმანიაში პრივილიგირებულ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ. ასეთი გამოცდილების გათვალისწინება ურიგო არ იქნებოდა რუსეთისთვის.

- კავკასიურ სივრცეში რა შედეგი ექნება ამ ფაქტს? ცნობილია, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოსთან მიმართებაში ნეგატიური პოზიციაც აღინიშნებოდა? მხედველობაში მაქვს იმავე ჩერქეზების (და არა მარტო მათი) აფხაზეთის ომში ჩვენს წინააღმდეგ ქმედებები.

- მართალია, საქართველოსა და კავკასიელ ხალხებს შორის არსებობს გაუცხოება, რაც გამოიხატა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ  სამხედრო აგრესიაში მათი ჩათრევით, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმით კრიზისი დაიძლევა. ეს საფუძველს დაუდებს კავკასიური ხალხებისა და ქართველთა ურთიერთობების გაუმჯობესებას, გაჩნდება საერთო ინტერესები, და ბოლოს, ერთიანი კავკასიური სივრცე ჩამოყალიბდება, რაც საერთაშორისო თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია.

- ჩერქეზების გენოციდის აღიარების ჯაჭვური რეაქციის ერთ-ერთი რგოლი კავკასიური სივრცის ჩამოყალიბება-გაძლიერება უნდა გახდეს, რის საფრთხესაც რუსეთი უეჭველად ხედავს. ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება კრემლი ასე მძაფრად გენოციდის საკითხს, რათა შემდგომში ამან რუსეთის რღვევა არ გამოიწვიოს?

- რა თქმა უნდა. რუსეთის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში კარგად იციან, რომ კავკასიის გაერთიანებამ შეიძლება რუსეთის ფედერაციის დაშლის პროცესიც გამოიწვიოს. ამიტომაც კავკასიის დეკონსოლიდაციის გეგმას წამგებიან პოლიტიკად მიიჩნევენ და უფრო მიზანშეწონილად თვლიან კავკასიის დათმობას, ვიდრე ამ მიზეზით გამოწვეულ რუსეთის დანაწევრებას.

 

 

ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions