ახალ ათონში ”აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის” საკითხი განიხილეს

 

 

ამას წინად, ახალ ათონში ანაკოფიის სიმონ კანანელის სახელობის მონასტერში გამართულ სახალხო-საეკლესიო კრებაზე ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი და ბოლო დროს აფხაზ სასულიერო პირთა შორის განხეთქილებაზე იმსჯელეს. ორგანიზატორებმა შეკრება შეაფასეს ”ჭეშმარიტ ისტორიულ მოვლენად, რომელიც პარლამენტის სხდომაზე უფრო დიდი მნიშვნელობისაა”.

 

სეპარატისტული ხელისუფლების პოლიტიკურ რგოლებში ამ ფაქტმა, რბილად რომ ვთქვათ, გაღიზიანება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით გავესაუბრეთ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარეს, დეპუტატ  ჯემალ გამახარიას.

 

- საქმე უცნაურ ლოგიკასთან გვაქვს: პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობისაკენ მიზანსწრაფული პოლიტიკოსები წესით მომხრე უნდა ყოფილიყვნენ იმ სახალხო-საეკლესიო კრებისა, რომელზეც ეკლესიის დამოუკიდებლობის მოპოვების საკითხებს იხილავდნენ. სინამდვილეში, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ს. შამბამ კრების ორგანიზატორები პიროვნულ ამბიციებზე დაფუძნებული კონფლიქტის გაღვივებაში ამხილა. რატომ?


- სამართლებრივი თვალსაზრისით არც სეპარატისტული აფხაზეთის  პარლამენტის სხდომას და არც იმ (ახალი ათონის) შეკრებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც არის უკანონო.  სხვა ამბავია, რომ ბოლო პერიოდში აფხაზეთის საზოგადოებაში არის ანტირუსული განწყობა, რაც ყველაზე მწვავედ გამოჩნდა ეკლესიასთან მიმართებაში. ახალ ათონში ჩატარებული საეკლესიო-სახალხო კრება არის გამოხატულება რუსეთის მიმართ იმ დიდი უკმაყოფილებისა, რომელიც დაგროვდა აფხაზურ საზოგადოებაში და მათ შორის პირადად ბატონ შამბაში. რა თქმა უნდა, ს.შამბა ამ პროტესტს ღიად ვერ ახმოვანებს, სამაგიეროდ ეკლესიას მისცა საშუალება ამ ფორმით გამოეხატა ეს პოზიცია.

 

- ანტირუსულად განწყობილი აფხაზი სასულიერო პირები საბერძნეთის ეკლესიის მიერ არიან ხელდასხმულები. არსებობს თუ არა იმის საშიშროება, რომ რუსული დომინანტობა ბერძნულმა ჩაანაცვლოს?

- დღეს აფხაზები პოლიტიკურად მხოლოდ რუსეთზე არიან დამოკიდებული, ამიტომ ცდილობენ, რომ აფხაზეთში ევროპაც შემოვიდეს, მაგრამ არა საქართველოს მეშვეობით, არამედ უშუალოდ, რათა შემდეგ ამ ორ დიდ ძალას შორის მოახდინონ ლავირება. ანალოგიურად ცდილობენ მოიქცნენ ეკლესიურ საკითხებშიც. მაგრამ რეალურ მხარდაჭერას, რომელსაც ისინი მოელიან მსოფლიო პატრიარქისგან, ვერ მიიღებენ. თავად განსაჯეთ, ეკლესიას, რომელსაც ათიოდე მღვდელი ჰყავს, როგორ უნდა მიენიჭოს დამოუკიდებლობა? ან კიდევ როგორ შეიძლება სერიოზულად მიიღო იმ კრების გადაწყვეტილება, სადაც სამი ათასი მონაწილიდან მხოლოდ  შვიდასორმოცია მონათლული?

 

- ეს ციფრები საიდან გაქვთ, ბატონო ჯემალ?

- მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიტროპოლიის საბჭოს არჩევნებში მონაწილე ხმების დაჯამებით შვიდასორმოცი  გამოვიდა, თუკი არჩევნებში ხმის მიცემა მხოლოდ მონათლულებს შეეძლოთ, გამოდის, რომ სამი ათასიდან მონათლული შვიდასორმოცი იყო. საერთოდ, ისიც გაუგებარია, როგორ დადგინდა მათი ნათელღებულობა, რაიმე საბუთი წარადგინეს, თუ? ასე რომ, ამ კრებას, რომელსაც ძირითადად არაეკლესიური და მაჰმადიანური აღმსარებლობის ადამიანები ესწრებოდნენ, ეკლესიასთან ძალიან ირიბი კავშირი აქვს და აქედან გამომდინარე, ქრისტიანული სამყარო ასეთი კრების გადაწყვეტილებას სერიოზულად არ მიიღებს. ბუნებრივია, მათ მოუსმენენ, მაგრამ იმიტომ, რომ აფხაზეთში სწორედ მართლმადიდებლობა აღორძინდეს და არა სხვა რომელიმე  რელიგიური მიმდინარეობა. რაც შეეხება მათ დამოუკიდებლად აღიარებას, ამისი ისტორიული და სხვა საფუძველი არ არსებობს.

 

- იმ კრებაზე ითქვა, რომ მსგავსი შეკრება 1917 წელსაც შედგა, სადაც ”ცნობილმა საერო და სასულიერო პირებმა აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, მაგრამ მისი განხორციელება ცხოვრებაში ვერ მოხერხდა ოქტომბრის ცნობილი მოვლენების გამო”.

 

-დიახ, 1917 წელს 24-27 მაისს დაახლოებით ასეთივე ”საეკლესიო ყრილობა” ჩატარდა, რომელსაც წარმართავდნენ  საერო პირები - სოციალ-დემოკრატები, შემდგომში ბოლშევიკები. ყრილობას ქართული დელეგაციაც ესწრებოდა, რომელიც დიდი პატივით მიიღეს, რისთვისაც ეპისკოპოსმა ლეონიდემ მათ მადლობა გადაუხადა თავის საპასუხო მიმართვაში. კრებამ მიიღო აფხაზეთის ეროვნული ეკლესიის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება. ცხადია, ეს აფხაზეთში მოღვაწე რუსული სამღვდელოების მიერ იყო ინსპირირებული. როდესაც საქართველომ თავისი ავტოკეფალია გამოაცხადა, რუსეთის მაშინდელმა დროებითმა მთავრობამ ის ცნო როგორც ეროვნული ავტოკეფალია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ავტოკეფალია ვრცელდებოდა არა საქართველოს ფარგლებში, არამედ ყველგან, სადაც არსებობს ქართული ეკლესია. ამას ქართული ეკლესია არ დაეთანხმა და მოითხოვა ავტოკეფალიის გავრცელება ისტორიული  საქართველოს ტერიტორიაზე. მაშინ რუსებმა აფხაზებს გამოაცხადებინეს თავიანთი ეროვნული ეკლესია, რომელიც შემდგომში უნდა შესულიყო რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში. მაგრამ ყრილობამ რუსული ეკლესიის დაქვემდებარებაზე უარი განაცხადა, საქართველოს ეკლესიას კი ძალიან თბილი მილოცვა გაუგზავნა, რომელშიც მიესალმებოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებას და მიმართვის ბოლოს თხოვდა აფხაზეთის ეკლესიისთვის დახმარების გაწევას.

 

- თუმცა საქართველოსთვის აფხაზეთის ეროვნული ავტოკეფალიაც მტკივნეული უნდა ყოფილიყო.

 

- რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო არ გამოეცხადებინათ რუსული ეკლესიის სინოდის დაქვემდებარებაში დარჩენა. ქართული ეკლესიის დროებითმა გამგეობამ ეს წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩათვალა.

 

- აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ზედმეტად ლოიალური ხომ არ გეჩვენებათ?

- საპატრიარქოს პოზიცია არის ძალიან სწორი. რბილი ტონით და დიდი სიყვარულით არის დაფიქსირებული მთავარი სათქმელი. საპატრიარქომ მშვენივრად იცის, რომ ეს უკანონო კრებაა და მონაწილეებს გააგებინა, რომ საჭიროა ”დავდგეთ გარეშე ძალების მიერ ინსპირირებულ პროცესებზე მაღლა (რაც არის მიზეზი არსებული დაპირისპირებებისა) და ქრისტესმიერი სიყვარულით და მშვიდობისმყოფელობით აღვადგინოთ კანონიკური ერთობა ჩვენს შორის. ქრისტეს მისტიურ სხეულთან, რომელიც ყველაზე მაღლა დგას, კავშირი მხოლოდ ადგილობრივი ეკლესიების კანონიკურ საზღვრებშია შესაძლებელი.”

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions