ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ შესახებ

2021 წლის 12 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში მიღებულ იქნა მორიგი, მერვე გადაწყვეტილება.

 

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე რუსეთის პასუხისმგებლობას, როგორც ქვეყნისა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე. წინა გადაწყვეტილებების მსგავსად, მიღებული დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს.

 

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ გადაწყვეტილებაში ყურადღებაა გამახვილებული  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებაზე, რომელიც მიღებულ იქნა 2021 წლის 21 იანვარს საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. მინისტრთა კომიტეტი მიესალმება სასამართლოს განჩინებას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ დაადასტურა რუსეთის ფედერაციის, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე, კერძოდ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, წამებაში, არასათანადო მოპყრობასა და უკანონო დაკავებაში, ქართველების სახლების ძარცვასა და დაწვაში, ქართველების მიმართ ეთნიკური ნიშნით არაადამიანურ მოპყრობაში, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფაში.

 

მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“.

 

 

გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ყოფნა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელ რეგიონში, არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

 

 

დოკუმენტში მინისტრთა კომიტეტი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს იმ დაუსჯელობის გამო, რაც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებს ახლავს და მოუწოდებს რუსეთს, მოხსნას ყოველგვარი დაბრკოლება რათა დასრულდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველების მკვლელობის საქმეებზე დაუსჯელობა და დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში. ასევე, გადაწყვეტილება ხაზს უსვამს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას დააწესოს შემზღუდავი ზომები ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ.

 

მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტში შეშფოთებაა გამოხატული საოკუპაციო ძალების მხრიდან ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების გადაწყვეტილების გამო, რომელიც დაჭრეს დაკავების დროს. მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს ზაზა გახელაძისა და სხვა უკანონო დაკავებულთა დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ.

ასევე, გადაწყვეტილება მოუწოდებს რუსეთს უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ორგანოების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი შესვლა საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე.მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს ადამიანის უფლებათა კომისარს ყურადღებით დააკვირდეს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით და მადლობას უხდის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს ურყევი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.



გადაწყვეტილების სრული ტექსტი იხილეთ: (დანართი 1.)



ინგლისური ვერსია - ​CM Decision on the conflict in Georgia



Mfa.gov.ge

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions