ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოდლინგ კვირასპრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ოკუპირებულ აფხაზეთში  არსებული კოვიდსიტუაცია, მწვავე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება მიმოიხილა.

 

 

გამახარიამ ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „1 -ელი იანვრიდან აფხაზეთის ბიუჯეტს რუსეთიდან არაფერი მიუღია. აფხაზეთის ბიუჯეტის 50-70 %-ს რუსეთი ავსებდა, მაგრამ წელს რუსეთმა აფხაზებს დაფინანსებაზე უარი უთხრა. ერთი მიზეზია ის, რომ იმდენადაა კორუფცია მოდებული, ამ თანხების უდიდესი ნაწილი გარკვეულ ჯგუფებში კორუფციული სქემებით ნაწილდება. ნაწილი „ატკატით“ უკან ბრუნდება, მეორე ნაწილს კი ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ინაწილებენ. რაც იყო გათვალისწინებული, რომ ამ თანხებით უნდა გაეკეთებინათ და აეშენებინათ, არაფერია გაკეთებული. მაგრამ დაფინანსებაზე უარის მიზეზი მარტო ეს არაა“, – განაცხადა გამახარიამ.

 

 

მისივე თქმით, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას საფუძვლად პოლიტიკა უდევს:

 

 

„რუსეთმა აფხაზეთს თავს მოახვია 45 პუნქტისგან შემდგარი ე.წ. პროგრამა, რომელიც აფხაზეთის რუსეთის სამართლებრივ სივრცეში მოქცევას, ორმაგი მოქალაქეობის შემოღებას, უძრავი ქონების გასხვისებასა და სხვა საკითხებს ითვალისწინებს. აფხაზეთმა პროგრამას ხელი კი მოაწერა, მაგრამ, ჯერჯერობით, ამის შესრულება არ დაუწყია. სანამ აფხაზეთი ამას არ გააკეთებს, რუსეთიდან ერთი თეთრი არ წამოვა. ამან აფხაზეთის მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო“, – განაცხადა გამახარიამ.

 

 

...................................................................................................................................

 

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია გუშინ დაიწყო და ჯერ მხოლოდ 14 ადამიანია აცრილი.
როგორც გამახარიამ მედიაჰოლდინგ კვირასპრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ოკუპირებულ რეგიონში რუსული ვაქცინა „სპუტნიკის“ 6 500 დოზაა შეტანილი.

 

 

„30 აპრილს რუსეთიდან 6 500 ვაქცინა შეიტანეს. როგორც მოგეხსენებათ, თბილისიდან ვაქცინის მიწოდებაზე აფხაზურმა მხარემ უარი თქვა. ვაქცინაციის პროცესი გუშინ დაიწყო. ბოლო მონაცემებით, 14 ადამიანია აცრილი. როგორ გაგრძელდება დღეს და ხვალ, არ ვიცით. იქაც, პირველ ყოვლისა, მედპერსონალს ცრიან.

 

 

სტატისტიკურ მონაცემებში, რომელსაც აფხაზური მხარე აქვეყნებს, გალის რაიონი არ შედის. იქ ვაქცინაციის ცენტრი გახსნილი არ არის, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც ღია წყაროებიდან გვაქვს. გალის რაიონში, საბედნიეროდ, ვირუსის გავრცელების დიდი მასშტაბები არ არის. ვინც აქეთ გადმოდის, იმათ ტესტირებას უტარებენ. მათი მკურნალობა, დიდწილად, ენგურს აქეთ ხდება.

 

 

სამწუხაროდ, ვაქცინაციის მიმართ მოსახლეობას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, არ ენდობიან. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ვაქცინა რუსულია და იმიტომ არ ენდობიან. ზოგადად, რუსეთსა და აფხაზეთში ვაქცინაციის საწინააღმდეგო დიდი აგიტაცია მიდის“, – განაცხადა გამახარიამ.

 

მისივე თქმით, აფხაზეთში მძიმე ეპიდვითარებაა – საავადმყოფოებში პაციენტებს ვერ იღებენ, რეანიმაციაში კი ადგილები არ არის.

 

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში. 13.05.2021წ.

https://youtu.be/HM5qR5YRKmU

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions