აფხაზეთობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვიმონ კანანელის ხსენების დღე -23 მაისი 2014 წლიდან   აფხაზეთის დღედ გამოაცხადა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მანამდეც აღნიშნავდა „აფხაზეთობას“, მაგრამ 2014 წლიდან ეს დღე ფართო მასშტაბით, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებით, აფხაზეთის აქტუალური თემატიკის წინ წამოწევით გახდა შთამბეჭდავი. მასში ჩართული იყო ქვეყნის ყველა რეგიონი, ოფიციალური სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორც ახალგაზრდა თაობის, ასევე ასაკოვანი და ღვაწლმოსილი ადამიანები.   აფხაზეთობის ფარგლებში ღონისძიებები რამდენიმე დღის მანძილზე როგორც დედაქალაქში, ასევე  ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა ლოკაციაზე - საოკუპაციო ხაზთან, თუ საგამოფენო დარბაზებში, უმაღლესი სასწავლებლების, სკოლების აუდიტორიებში, ტაძრებსა თუ ეთნოგრაფიულ მუზეუმში  ტარდებოდა და სრულიად განსხვავებულ ინოვაციებს სთავაზობდა მონაწილეებს.

 

პანდემიის პირობებში, გასულ წელს აფხაზეთობამ უხმაუროდ ჩაიარა,  მაგრამ წელს იგი უკვე არაერთი საინტერესო ინიციატივით აღინიშნა.


„კადრები აფხაზეთიდან“ დაარქვეს  ფოტოგამოფენას, რომელიც მზიურის ამფითეატრის ტერიტორიაზე მოაწყო გუშინ მისმა ორგანიზატორმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ მინისტრის ეკა ხოფერიას ხელმძღვანელობით. ღონისძიების მხარდამჭერი აფხაზეთის მთავრობასთან ერთად თბილისის მერია იყო.

 

მზიურის პარკში გამართული ღონისძიებით დაიწყო „აფხაზეთობის“ კვირეული . გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ომამდელი აფხაზეთის ქალაქების ულამაზესი პეიზაჟები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ამსახველი ეპიზოდებით.

 

„აფხაზეთობის“ გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მოწვეული სტუმრები. სტუმართა შორის იყო  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი.

ღონისძიების ფარგლებში მზიურის ამფითეატრის სცენაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“, აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელისა და აფხაზეთის გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლ „გუმბათის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

დღეს კი აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით კაჭრეთის „ამბასადორის“ საცხენოსნო კლუბის ბაზაზე „აფხაზეთის თასზე“ საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა.  მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეულ სპორტსმენებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი მხედრებიც მონაწილეობდნენ.

პირველი ადგილის მფლობელი გახდა აფხაზეთიდან დევნილი თეონა ლაშხია, კაჭრეთში ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ და ცნობილი მხატვრის ელდარ ქავშბაიას ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

 

ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია ესწრებოდა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.










Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions