დღეს სიმონ კანანელის ხსენების დღე და „აფხაზეთობა“ აღნიშნეს

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა კურთხევით, 2014 წლიდან სიმონ კანანელის ხსენების დღე - 23 მაისი „აფხაზეთობის’’ დღედ დაწესდა.


ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, სიმონ კანანელის მიერ აფხაზეთში ქრისტიანობის გავრცელებისათვის გაწეული ღვაწლისადმი პატივმიგებისა და დევნილი ქართველობის შინ დაბრუნების აუცილებლობას შორის სიმბოლური კავშირების ძიებამ განაპირობა. წმინდა მოციქულის ღვაწლს  კი „ქართლის ცხოვრების“ ჩანაწერებიც ცხადყოფენ: „დიდი ანდრია [პირველწოდებული] სიმონითურთ...შევიდეს ქუეყანასა აფხაზეთისასა და სევასტე ქალაქად მივიდეს, რომელსა აწ ეწოდების ცხუმი. და უქადაგეს სიტყუა ღვთისა, და მრავალთა შეიწყნარეს. და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრია სიმონ კანანელი სხუათა თანამოწაფეთა და თავადი ჯიქეთისა ქუეყნად აღვიდა...ხოლო სიმონ კანანელისა საფლავი არს ნიკოპს ქალაქსა, შორის აფხაზეთისა და ჯიქეთისა, რამე თუ მუნ აღესრულა წმინდა სიმონ კანანელი“

 

დღეს, „აფხაზეთობის“ დღესასწაულთან და სიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა წირვა-ლოცვა აღავლინა.

 

ეკლესიის ეზოში აფხაზეთის ისტორიული ტრადიციების სახლი გაიხსნა, სადაც ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფოტოგამოფენა - „ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე“, გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერის - ფოტორეპროდუქცია ჯორჯ ბაირონის პოეზია გადაწერილი ილორში, მოეწყო კალიგრაფ ლეილა ბაღბაიას გამოფენა. აფხაზეთის საზოგადოების ღვაწლმოსილ წარმომადგენლებს გურამ ოდიშარიას, ვლადიმერ ბარქაიას და რეზო სულუხიას სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

 

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

 

შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და დევნილ მოსახლეობას სვიმონ კანანელის ხსენების დღე მიულოცა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, რომელმაც  მადლიერება გამოთქვა საინტერესო ღონისძიებების  ორგანიზებისათვის,  მან განსაკუთრებული მადლობით მოიხსენია წარმოშობით ოჩამჩირელი, ცნობილი ექიმი და ქველმოქმედი ზურაბ ჩიქოვანი, რომლის უანგაროდ გაღებულმა წვლილმა შექმნა სწორედ საშუალება თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ასაშენებლად და აფხაზეთის ისტორიული ტრადიციების სახლის  გასახსნელად.

 

„აფხაზეთობის“ ფარგლებში გაიმართა კონცერტი აფხაზეთის ანსამბლების მონაწილეობით. მოეწყო აფხაზური სამზარეულოს დეგუსტაცია.

 

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და  სულიერების ცენტრის მხარდაჭერით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.

 



Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions