აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობის სამუშაო შეხვედრა აჭარის საკანონმდებლო ორგანოში

4 ივნისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

 

სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  -  დავით გაბაიძემ ყურადღება გაამახვილა  დარგობრივი კომიტეტებისა და ზოგადად, საკანონმდებლო საქმიანობის ახლო და გრძელვადიანი გეგმების მიმართულებით ურთიერთობის გააქტიურებაზე.

 

მიმდინარე და სამომავლოდ საქართველოს პარლამენტში განსახილველ საკანონმდებლო ინიციატივებზე, სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა აფხაზეთის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  - ჯემალ  გამახარიამ. როგორც მან განაცხადა, მნიშვნელოვანია აჭარის უმაღლესი საბჭოს გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით, რაც ევროპული ქვეყნების რეგიონებთან საუკეთესო ურთიერთობებით გამოიხატება.

 

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, აგრეთვე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - რამაზ ჯინჭარაძე, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - ნათია  კოპალიანი ესწრებოდნენ.




 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions