მრგვალი მაგიდა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში

 

 

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ეკლესიის ექსპანსიონისტური პოლიტიკა.“

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს გააცნო აფხაზეთის საეკლესიო ცხოვრებაში ამჟამად მიმდინარე პროცესები, რომელიც აფხაზეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციას სურს წარმოაჩინოს, როგორც სასულიერო პირების შიდა დაპირისპირება. აფხაზ საეკლესიო მოღვაწეთა შორის განხეთქილება გაღრმავდა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არსებული დაპირისპირების გამო, რომელიც ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. ე.გვაზავამ აღნიშნა, რომ აფხაზეთში ეკლესიის ირგვლივ მიმდინარე ყველა პროცესი არაკანონიერი და არაკანონიკურია. აფხაზეთის სასულიერო პირების ხელდასხმაცა და მსახურებაც უნდა ხდებოდეს ქართული ეკლესიის წიაღში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტის  უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა–კურთხევით. „პატრიარქის გადაწყვეტილება – ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულის შეთავსება წინდახედული და შორსმჭვრეტელური ნაბიჯია, რადგანაც აფხაზეთში მიმდინარე უკანონო პროცესების დარეგულირებას  პატრიარქის მსოფლიო ავტორიტეტი სჭირდება“.

 

უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა ჯემალ გამახარიამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმ გარემოებას,  რომ  „სწორედ ეკლესიის საკითხში გამოვლინდა ის ანტირუსული მუხტი, რომლის აშკარად გახმოვანებასაც ვერც ერთი აფხაზური პოლიტიკური პარტია ვერ ბედავს. პროცესი, რომელიც კარგა ხანია დაიწყო, თანდათან ჩიხში შედის. ქართულმა პოზიციამ ორივე დაპირისპირებულ მხარეს ჩვენკენ მოსასვლელი გზა უნდა დაუტოვოს“.

 

პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში ანტირუსული ბანაკის წარმოქმნამ შეიძლება პოლიტიკური ფონი შეცვალოს.

 

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის ვაჟა კიკნაძის აზრით, საჭიროა გაძლიერდეს აგიტაცია აფხაზეთში თავის დროზე რუსეთის ანტიჰუმანური საქმიანობის შესახებ, რისთვისაც გამოსაყენებელია ფაქტებით დამოწმებული და სხვადასხვა ენაზე თარგმნილი მასალები.

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ აღნიშნა, რომ ეს საეკლესიო თემა, მუხედავად პოლიტიკური სარჩულისა, მეტად სათუთია, რაც ფრთხილ მიდგომას მოთხოვს.

 

საინტერსეო იყო უმაღლესი საბჭოს ფრაქციის თავმჯდომარის თემურ მჟავიას მოსაზრებაც – მაღალკვალიფიცურ დონეზე სააშკარაოზე იქნას გამოტანილი რუსული პოლიტიკის არსი – რატომ არ შეიძლება „დამოუკიდებელ აფხაზეთს“ ჰქონდეს „დამოუკიდებელი ეკლესია?“

სხდომაზე თავისი მოსაზრებები გამოთქვეს დეპუტატებმა რაისა ქარაიამ, აკაკი გასვიანმა  და სხვებმა.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions