აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მძიმე ეპიდვითარებაა:
„დანარჩენ საქართველოში პანდემიის პიკის დროს, როცა დღეში 5-6 ათასი ინფიცირებული გვყავდა, ჩვენთან დადებითობის მაჩვენებელი 10-დან 15 პროცენტამდე იყო, აფხაზეთში კი დადებითობის მაჩვენებელი 20 %-ზე დაბლა არ ჩამოსულა. ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენთან 10-12- 14 % რამხელა რიცხვია და რას ნიშნავს, იქ კი 20 %-ზე დაბლა არ ჩამოსულა. გუშინდელი მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი 32-33 %-ია. წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს? მთლიანობაში, 25 834 დაინფიცირებული და 391 გარდაცვლილი ჰყავთ. იქ ტესტირებულების მცირე რაოდენობაა.
აფხაზებმა ღიად განაცხადეს, რომ პანდემიასთან გამკლავება საკუთარი ძალებით არ შეეძლოთ და არც დღეს შეუძლიათ. რუსეთი მათ, ასე თუ ისე, თითქოს, ეხმარება. 17 აგვისტოს რუსეთიდან საველე ჰოსპიტალი ჩამოვიდა. დღეს იქ 63 ადამიანი მკურნალობს. აქვთ ექიმების, წამლების ნაკლებობა, ჟანგბადის პრობლემა.
რაც შეეხება ვაქცინაციას, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, აპრილში 5 000 -მდე დოზა, რუსული ვაქცინა „სპუტნიკ v” მიიღეს. ახლა ჩამოსულია ასევე 5000 დოზა „სპუტნიკ ლაითი“. დღეისათვის ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობა 8 777 -ია, რაც მიზერული რაოდენობაა. ვაქცინაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე საკმაოდ მძიმედ მიდის. ალბათ, ამითაც იყო გამოწვეული ის, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გალელებს უფლებას აძლევს, აქეთ გადმოვიდნენ და აცრა გაიკეთონ. მათ ვაქცინა არათუ გალელებისთვის, არამედ გუდაუთელებისა და სოხუმელებისთვის არ ჰყოფნით. ბჟანიამ მოსკოვიდან ჩამოსულ მაღალჩინოსნებს სთხოვა, ვაქცინების მორიგი პარტიის გამოგზავნა დააჩაქრონ, რადგან მარაგები, რაც ჰქონდათ, ამოწურულია“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.