საქართველოს პარლამენტში შოთა მალაშხიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

 

 

 

საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში 17 ივნისს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, შოთა მალაშხიას წიგნის "კონფლიქტების ანატომია" პრეზენტაცია გაიმართა.

 

როგორც შოთა მალაშხიამ პრეზენტაციაზე განაცხადა, ამ საკმაოდ სქელტანიანი ნაშრომის შექმნის მთავრი მიზეზი საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის სამხედრო აგრესია გახდა.

 

"ეს არის საკმაოდ საინტერესო ნაშრომი, იმის გარდა, რომ წიგნში დეტალურად არის გაანალიზებული 2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესიის გამომწვევი მიზეზები, შედეგები, სამართლებრივი ასპექტები, განხილულია ასევე დეოკუპაციის პერსპექტივასთან დაკავშირებული საკვანძო საკითხები. ასეთი წიგნები არის სწორედ იმის გარანტია, რომ მომავალ თაობებს არ ექნებათ დამახინჯებული ისტორია, თუ რა ხდებოდა საქართველოში 90–იანი წლებიდან დღემდე.

 

წიგნში ნათლად არის წარმოდგენილი ის გზა, რომლითაც რუსეთი აგვისტოს აგრესიამდე მივიდა", – განაცხადა წიგნის წარდგენისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ნაშრომი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების, მომავალი მკვლევარების სამაგიდო წიგნად იქცევა.

 

წიგნის პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატთა კორპუსისა და მთავრობის წევრები, სასულიერო პირები, სამეცნიერო წრეებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

 

ელგუჯა გვაზავამ განაცხადა, რომ აღნიშნული წიგნის გამოცემა ძალიან დროულია, რადგან მასში ასახულია მნიშვნელოვანი ფაქტები რუსეთის აგრესიისა საქართველოს სახელმწიფოს და მისი ხალხის წინააღმდეგ. ასევე საუბარია საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივებზე.

 

წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა კავკასიის, როგორც ერთიანი რეგიონის ძირითად პრობლემათა განხილვას და წარმოჩენილია რეგიონში საქართველოს ისტორიული ფუნქცია. გარდა ამისა, განხილულია ევრაზიის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი კონფლიქტი და ისტორიულ–სამართლებრივი კუთხით განსაზღვრულია მათი მიმართება საქართველოს კონფლიქტებთან. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილებულია ეთნიკური იდენტობის პრობლემაზე და მის სიღრმისეულ კავშირზე გარკვეულ კონფლიქტთა მოგვარების პროცესთან.

 

პრეზენტაციაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ აკადემიკოსი ლევან ალექსიძე და პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions