დაღუპულ მეომართა სულის საოხად

 

 

 

18 ივნისს ყოვლადწმინდა სამების ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა–თბილის მთავარეპისკოსმა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ  წმინდა მოციქულის, სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა.

 

ეს იქნება პირველი ტაძარი, რომელიც აფხაზეთის ომში  დაღუპულ ქართველ და აფხაზ მეომართა სულის საოხად აშენდება. მისი ძირითადი ფართობი 200 კვადრატული მეტრია. ტაძარი არქიტექტურული თვალსაზრისით წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას, რომელშიც სამი საკურთხეველი განთავსდება: მთავარ ნავში წმინდა მოციქულის, აფხაზეთში ქრისტიანობის მქადაგებლის სიმონ კანანელის, ორ მცირე ნავში კი აფხაზეთის კომანში აღსრულებული მღვდელმთავრის წმინდა იოანე ოქროპირისა და ასევე კომანში წამებულის წმინდა ვასილისკოსი.

 

ტაძრის კურთხევას ესწრებოდნენ ფართო საზოგადოების წარმომადგენლები, აფხაზეთიდან გადმოსული აფხაზი შვილდაღუპული დედები, რომელთაც ქართველ დედებს შეუერთეს თავიანთი თანაზიარი მწუხარება.

 

საძირკვლის კურთხევამდე უწმინდესმა შეკრებილ საზოგადოებას ქადაგებით მიმართა: „მე 11 წლის განმავლობაში ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი, შემდეგ იყო წყვეტილი და ახლა ისევ მიტროპოლიტი ვარ ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის. მე მადლობას ვსწირავ უფალს, რომ მე მერგო მედნიერება ამ ტაძრის აშენებისა. ღმერთმა ინებოს, მოგვცეს ძალა, რომ ეს ტაძარი მალე აშენდეს. დალოცვილი იყავით თქვენ, დალოცვილი იყოს ყოველი ადამიანი, რომელიც იღებს მონაწილეობას მშენებლობაში. ჯვარი, გეწეროთ, მშვიდობა მოგცეთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!“.

 

ფონდ ”მზე შინა და მზე გარეთა”-ს სახელით ბაკურ გულუამ ეს დღე ისტორიულ მოვლენად შეაფასა და შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისა და გულწრფელი მხარდაჭერისათვის. მან აღნიშნა, რომ „მზა შინა და მზე გარეთა“, ანუ მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ სჭირდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს, აფხაზეთელებს, რომელნიც ღვთის ნებით დაუბრუნდებიან დედა საქართველოს. მან ძმათამკვლელ ომში დაღუპული შვილების დედებს „ვეფხვისა და მოყმის“ ქრისტიანული ტრადიაცია შეახსენა და თავისი სიტყვა პატრიარქის სააღგომო ეპისტოლედან ამონარიდით დაასრულა.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions