თათბირი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გამართული თათბირი ინტერპელაციის წესით მინისტრების მოსმენის ახალდამკვიდრებული პროცედურის შედეგებს და აღნიშნული პროცედურის სრულყოფის საკითხებს მიეძღვნა.

 

თათბირს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა უძღვებოდა, რომელიც აღნიშნული სამუშაო შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო.  როგორც მან აღნიშნა, უმაღლესი საბჭოს  რეგლამენტით, მიმდინარე სასესიო წელს ინტერპელაციის წესით ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრების მოსმენის ტრადიციას, პირველად ჩაეყარა საფუძველი, როცა დეპუტატების მიერ წერილობით დასმულ შეკითხვებზე პასუხებით მინისტრები სესიაზე გამოცხადდნენ და შეეცადნენ მათთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას. თამაზ ხუბუას შეფასებით, ამ სიახლეს, ისევე როგორც „მინისტრის საათის“ შემოღებას, საკმაოდ პოზიტიური შედეგები მოჰყვა. აღნიშნული პროცედურის დამკვიდრებამ რეალური გახადა საკანონმდებლო ორგანოსა და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის საქმიანი ურთიერთობის აუცილებლობა, ცალკეული სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით არსებულ კრიტიკულ შეკითხვებსა და მათზე მოძიებულ პასუხებს შორის მიზეზ-შედეგობრივი თავსებადობა; რაც მთავარია, ცხადი გახადა საკანონმდებლო ორგანოს ქმედითი როლი - ინტერპელაციის მეშვეობით მინისტრის მოსმენით, კონტროლი და გამჭვირვალობა უზრუნველყოს მთავრობის საქმიანობაზე. თამაზ ხუბუას განცხადებით, თვალსაჩინო იყო უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება მინისტრების მოსმენასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების მოგვარებისადმი, აგრეთვე მისი ინფორმაციული და გამჭვირვალედ გაშუქების უზრუნველყოფა. ამასთან, ბატონმა თამაზ ხუბუამ სამომავლოდ, უმაღლესი საბჭოს კომიტეტების აპარატების უფროსებსა და ფრაქციების თავმჯდომარეების თანაშემწეებს მოუწოდა, რომ მომავალ სასესიო წელს, დეპუტატებთან ერთად კვალიფიციურად ჩაერთონ ინტერპელაციის წესით მინისტრების მოსმენის მომზადების პროცესში.

თათბირზე კოლეგებს თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და რეკომენდაციები გაუზიარეს ბატონებმა რუდიკ ცატავამ, ანზორ წოწონავამ, მურმან კვარაცხელიამ, ჯემალ საჯაიამ, ზურაბ მებონიამ და ოთარ ჩარკვიანმა.

თათბირს ესწრებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. მან ინტერპელაციის წესით მინისტრების მოსმენის ახალდამკვიდრებული პროცედურის მნიშვნელობაზე და პროცედურული საკითხების სრულყოფაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, „ინტერპელაცია“ შედეგს იძლევა; ხელს უწყობს მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების კონცენტრირებას და ხელისუფლების ორივე შტოს შეთანხმებულ საქმიანობას. ამასთან, ჯემალ გამახარიას განცხადებით, „ინტერპელაციის“ ეფექტურობას განსაზღვრავს არა დასმული შეკითხვების რაოდენობა, არამედ მისი აქტუალობა, წონადობა, მნიშვნელობა, დატვირთვა და უპირველესად, შეკითხვის ავტორის-დეპუტატის სერიოზული შრომა და სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა დასმული საკითხის ირგვლივ. 






























































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions